10/4/07

11 სექტემბრის შემდეგ ძველი პოლიტიკა აღარ გამოდგება

სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (Center for Strategic and International Studies – SCIS) ერთ-ერთი სოლიდური არასამთავრობო ორგანიზაციაა ვაშინგტონში, რომელიც დაახლოებით ორ ათეულ პროექტთან ერთად საქართველოს პროექტსაც ახორციელებს. ექსკლუზიური ინეტერვიუ SCIS - ის საქართველოს პროექტის დირექტორთან, ქალბატონ ზეინო ბარანთან, მის მიერ კონგრესის წინაშე გაკეთებული მოხსენების შესახებ საუბრით დაიწყო:

- მოხსენების ძირითადი თემა იყო ”ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის გააზრება კავკასიასა და კასპიისპირეთში”. მთავარი საკითხი კი რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა გახლდათ. მოსმენამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბომბა საქართველოს ტერიტორია, თუმცა სხდომის დროს ჩვენ დანამდვილებით არ ვიცოდით, ვინ იყო ამის ჩამდენი. ის კი აშკარა იყო, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, შესაძლოა, უფრო გაუარესებულიყო და კავკასიაში დესტაბილიზაციის სახიფათო ზღვრისთვის მიეღწია. ვშიშობდით, რომ 11 სექტემბრის მოვლენების და რუსეთ-აშშ-ს დაახლოვების შემდეგ, ამერიკა საქართველოს მიმართ რუსეთს მოქმედების სრულ თავისუფლებას მიანიჭებდა. თუმცა, არა მგონია, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ოდესმე ასეთ ნაბიჯს გადადგამს. ამერიკას კარგად აქვს გაცნობიერებული საქართველოს მნიშვნელობა და ის ამოცანები, რომელიც მან უნდა გადაწყვიტოს. ახლა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკა მართლაც დაუდგა საქართველოს გვერდით და, შესაძლოა, მისმა ურყევმა პოზიციამ შეუშალა ხელი საქართველოში ახალ დესტაბილიზაციას. ჩემი მოხსენების ერთ-ერთი ძირითდი თემა იმასაც შეეხებოდა, რომ საქართველო არანაირ გადამწყვეტ ღონისძიებას არ მიმართავდა იმ ჩეჩნების მიმართ რომლებიც პანკისის ხეობაში არიან და კავშირი აქვთ ტერორისტულ ჯგუფებთან. ვფიქრობ, ეს დღემდე მნიშვნელოვანი საკითხია. ამერიკამ ნათლად დაანახა მსოფლიოს თავისი პოზიცია, რომ ქვეყანა, რომელიც იფარავს ტერორისტებს, ვერ იქნება მისი მოკავშირე. მიუხედავად სირთულეებისა, საქართველომ უნდა მოძებნოს ამ პრობლემის გადასაჭრელი გზა. მესამე საკითხი, რომელიც ხაზგასმით გამოვყავი, არის ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროება. იმავდროულად, კონგრესში მიმდინარეობდა ამერიკის დახმარების გეგმის განხილვა საქართველოს მიმართ და კონგრესს ვურჩიე, რომ ფინანსური დახმრების დიდი ნაწილი, ძირითადად, სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარებოდა.

- თქვენს მოხსენებაში, ასევე აღნიშნეთ, რომ საჭიროა ამერიკამ ითანამშრომლოს როგორც შევარდნაძესთან, ასევე, ”რეფორმატორებთან”. თუმცა ისინი თანდათან უფრო ემიჯნებიან ერთმანერთს. რა ფორმით უდნა განხორციელდეს ეს თანამშრომლობა?

- დიახ, ისინი, სამწუხაროდ მართლაც დღითიდღე შორდებიან ერთმანეთს, რაც ახლა ნამდვილად არ წაადგება სასიკეთოდ საქართველოს, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება რეალური რეფორმები. ეს შიდა ბრძოლები კი საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდება. საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე წელია დარჩენილი და იდეალური ის იქნება, თუ პირადი ამბიციების მიუხედავად, ყველა გაერთიანდება უკეთესი მომავლის ასაშენებლად. შევარდნაძის მოკავშირეთა ნაწილს ძლიერ გაუცრუა იმედები უშედეგო რეფორმებმა, ნაწილს კი კორუფციის დონემ. როდესაც პრეზიდენტი ცდება ან ვერ მოქმედებს სათანადოდ, მან პასუხი უნდა აგოს ამაზე. ასევე უნდა ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას ”რეფორმატორებიც” , რომლებიც წლების განმავლობაში მუშობდნენ შევარდნაძის გვერდით და უნდა გაითვალისწინონ ის დაბრკოლებები, რომლებიც პრეზიდენტის წინაშე დგას. მეც და ისინიც, ვინც ვაშინგტონში დაინტერესებულია საქართველოთი, ვიმედოვნებთ, რომ რეფორმატორთა ჯგუფი შეიმუშავებს შესაფერის სტრატეგიას და იმ რეალური პოლიტიკის გარშემო გააერთიანებს ქვეყანას, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება შეძლებს. მიუხედავად მისი ნაკლისა, პრეზიდენტი დღესდღობით ერთადერთი ფიგურაა, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ერთიანად საქართველოს და ამ თვალსაზრისით, არც არის ვინმე სხვა, ვინც ამ მისიას იკისრებს. ამასთან, სანამ საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, ახალგაზრდულმა გუნდმა უნდა გამოიჩინოს მოთმინება და შეიმუშაოს ნათლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკა.

_ საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებამ, რომლითაც კოდორის ხეობა ქართულმა ქვედანაყოფებმა უნდა დატოვონ. არსებობს გარანტია, რომ კოდორის ქართული მოსახლეობის უსაფრთხოებას არაფერი დაემუქრება?

- გაეროს გენერალურმა მდივანმა ეს მოხსენება შემოდგომის ცნობილი მოვლენების დროს გაკეთა. მაშინდელი პროცესები ბევრმა შეაფასა, როგორც საქართველოს მხრივ აფხაზეთის საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობა. ეს რეკომენდაცია შეესაბამება 1994 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ჩვენ ასევე ვიცით, რომ შეთანხმების დიდი ნაწილი, რომელიც ხელმოწერილი და გარანტირებული იყო რუსეთის და გაეროს მხრიდან, დაარღვია აფხაზურმა მხარემ. შეიძლება ითქვას, რომ მათში არ იდო არანაირი გარანტია კოდორის ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სიტუაცია ერთობ დელიკატურია. ქართული ჯარების გამოყვანაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც შემუშავდება ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტირების ფორმულა, როგორიც არის, მაგალითად, საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების შეყვანა.


_ საქართველოში ხშირად გაისმის მოწოდებები რუსი მშვიდობისმყოფელბის მანდატის შეცვლის თაობაზე. არის თუ არა გარკვეული რეკომენდაცია შესაძლო ახალი მანდატის შესახებ, რომელიც, ასევე, ხელს შეუწყობდა სამშვიდობო პროცესს?

- ესეც რთული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების ნაწილი არ მოქმედებს მანდატის შესაბამისად და ძაბავს მდგომარეობას, მოთხოვნა მათი გაყვანის შესახებ არარეალური იყო. რუს მშვიდობისმყოფელებს გაყვება საქართველოდან გაეროს დამკვირვებელთა მისიაც, რაც სახიფათო ვაკუუმს შექმნის რეგიონში კონფლიქტის რეალური განახლების თვალსაზრისით. ჯობია ვიმსჯელოთ იმ სავარაუდო ქვეყანათა რიცხვის გაფართოებაზე, რომელთა ჯარებიც მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტის დარეგულირებაში, როგორც მშვიდობისმყოფელები. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არც ისე ბევრია სახელმწიფო, რომელიც ისურვებდა თავისი ჯარის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეყვანას. ამ საკითხზე რუსეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმსჯელონ აფხაზური მხარის თანდასწრებით. უფრო მეტიც, შევარდნაძემ და არძინბამ უნდა განაგრძონ დიალოგი დიტერ ბოდენის რეკომენდაციის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი უშუალოდ არ არის დაკავშირებული სამშვიდობო ძალების საკითხთან. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დიალოგის გზით არის შესაძლებელი.

_ რამდენად შესაძლებელია აფხაზეთის სამშვიდობო პროცესში თურქეთის ჩაბმა?

_ თურქეთისთვის საქართველოს სტაბილურობა და ტერიტორიული მთლიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმის გათვალისინებით, რომ თურქეთი NATO-ს წევრია, საეჭვოა რუს და თურქ მშვიდობისმყოფელთა ერთად მუშაობა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები დრო და დრო რუსეთსა და ამერიკას ერთმანეთის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. 11 სექტემბრის შემდეგ ეს პოლიტიკა აღარ გამოდგება. სამაგიეროდ ახლა შესაძალოა ვინმემ გარიკსოს და რუსეთი და თურქეთი გამოიყენოს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, მაგრამ არც ეს პოლიტიკა გაამართლებს. რუსეთი და თურქეთი საფუძვლიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის ემზადებიან. მიუხედავად ამისა, თურქეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიც თავის როლს შეასრულებს.


რუსუდან რუხაძე
”ახალი ეპოქისთვის”
ვაშინგტონი
26-28 თებერვალი, 2002