10/4/07

11 სექტემბრის შემდეგ ძველი პოლიტიკა აღარ გამოდგება

სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (Center for Strategic and International Studies – SCIS) ერთ-ერთი სოლიდური არასამთავრობო ორგანიზაციაა ვაშინგტონში, რომელიც დაახლოებით ორ ათეულ პროექტთან ერთად საქართველოს პროექტსაც ახორციელებს. ექსკლუზიური ინეტერვიუ SCIS - ის საქართველოს პროექტის დირექტორთან, ქალბატონ ზეინო ბარანთან, მის მიერ კონგრესის წინაშე გაკეთებული მოხსენების შესახებ საუბრით დაიწყო:

- მოხსენების ძირითადი თემა იყო ”ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის გააზრება კავკასიასა და კასპიისპირეთში”. მთავარი საკითხი კი რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა გახლდათ. მოსმენამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბომბა საქართველოს ტერიტორია, თუმცა სხდომის დროს ჩვენ დანამდვილებით არ ვიცოდით, ვინ იყო ამის ჩამდენი. ის კი აშკარა იყო, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, შესაძლოა, უფრო გაუარესებულიყო და კავკასიაში დესტაბილიზაციის სახიფათო ზღვრისთვის მიეღწია. ვშიშობდით, რომ 11 სექტემბრის მოვლენების და რუსეთ-აშშ-ს დაახლოვების შემდეგ, ამერიკა საქართველოს მიმართ რუსეთს მოქმედების სრულ თავისუფლებას მიანიჭებდა. თუმცა, არა მგონია, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ოდესმე ასეთ ნაბიჯს გადადგამს. ამერიკას კარგად აქვს გაცნობიერებული საქართველოს მნიშვნელობა და ის ამოცანები, რომელიც მან უნდა გადაწყვიტოს. ახლა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკა მართლაც დაუდგა საქართველოს გვერდით და, შესაძლოა, მისმა ურყევმა პოზიციამ შეუშალა ხელი საქართველოში ახალ დესტაბილიზაციას. ჩემი მოხსენების ერთ-ერთი ძირითდი თემა იმასაც შეეხებოდა, რომ საქართველო არანაირ გადამწყვეტ ღონისძიებას არ მიმართავდა იმ ჩეჩნების მიმართ რომლებიც პანკისის ხეობაში არიან და კავშირი აქვთ ტერორისტულ ჯგუფებთან. ვფიქრობ, ეს დღემდე მნიშვნელოვანი საკითხია. ამერიკამ ნათლად დაანახა მსოფლიოს თავისი პოზიცია, რომ ქვეყანა, რომელიც იფარავს ტერორისტებს, ვერ იქნება მისი მოკავშირე. მიუხედავად სირთულეებისა, საქართველომ უნდა მოძებნოს ამ პრობლემის გადასაჭრელი გზა. მესამე საკითხი, რომელიც ხაზგასმით გამოვყავი, არის ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროება. იმავდროულად, კონგრესში მიმდინარეობდა ამერიკის დახმარების გეგმის განხილვა საქართველოს მიმართ და კონგრესს ვურჩიე, რომ ფინანსური დახმრების დიდი ნაწილი, ძირითადად, სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარებოდა.

- თქვენს მოხსენებაში, ასევე აღნიშნეთ, რომ საჭიროა ამერიკამ ითანამშრომლოს როგორც შევარდნაძესთან, ასევე, ”რეფორმატორებთან”. თუმცა ისინი თანდათან უფრო ემიჯნებიან ერთმანერთს. რა ფორმით უდნა განხორციელდეს ეს თანამშრომლობა?

- დიახ, ისინი, სამწუხაროდ მართლაც დღითიდღე შორდებიან ერთმანეთს, რაც ახლა ნამდვილად არ წაადგება სასიკეთოდ საქართველოს, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება რეალური რეფორმები. ეს შიდა ბრძოლები კი საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდება. საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე წელია დარჩენილი და იდეალური ის იქნება, თუ პირადი ამბიციების მიუხედავად, ყველა გაერთიანდება უკეთესი მომავლის ასაშენებლად. შევარდნაძის მოკავშირეთა ნაწილს ძლიერ გაუცრუა იმედები უშედეგო რეფორმებმა, ნაწილს კი კორუფციის დონემ. როდესაც პრეზიდენტი ცდება ან ვერ მოქმედებს სათანადოდ, მან პასუხი უნდა აგოს ამაზე. ასევე უნდა ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას ”რეფორმატორებიც” , რომლებიც წლების განმავლობაში მუშობდნენ შევარდნაძის გვერდით და უნდა გაითვალისწინონ ის დაბრკოლებები, რომლებიც პრეზიდენტის წინაშე დგას. მეც და ისინიც, ვინც ვაშინგტონში დაინტერესებულია საქართველოთი, ვიმედოვნებთ, რომ რეფორმატორთა ჯგუფი შეიმუშავებს შესაფერის სტრატეგიას და იმ რეალური პოლიტიკის გარშემო გააერთიანებს ქვეყანას, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება შეძლებს. მიუხედავად მისი ნაკლისა, პრეზიდენტი დღესდღობით ერთადერთი ფიგურაა, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ერთიანად საქართველოს და ამ თვალსაზრისით, არც არის ვინმე სხვა, ვინც ამ მისიას იკისრებს. ამასთან, სანამ საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, ახალგაზრდულმა გუნდმა უნდა გამოიჩინოს მოთმინება და შეიმუშაოს ნათლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკა.

_ საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებამ, რომლითაც კოდორის ხეობა ქართულმა ქვედანაყოფებმა უნდა დატოვონ. არსებობს გარანტია, რომ კოდორის ქართული მოსახლეობის უსაფრთხოებას არაფერი დაემუქრება?

- გაეროს გენერალურმა მდივანმა ეს მოხსენება შემოდგომის ცნობილი მოვლენების დროს გაკეთა. მაშინდელი პროცესები ბევრმა შეაფასა, როგორც საქართველოს მხრივ აფხაზეთის საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობა. ეს რეკომენდაცია შეესაბამება 1994 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ჩვენ ასევე ვიცით, რომ შეთანხმების დიდი ნაწილი, რომელიც ხელმოწერილი და გარანტირებული იყო რუსეთის და გაეროს მხრიდან, დაარღვია აფხაზურმა მხარემ. შეიძლება ითქვას, რომ მათში არ იდო არანაირი გარანტია კოდორის ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სიტუაცია ერთობ დელიკატურია. ქართული ჯარების გამოყვანაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც შემუშავდება ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტირების ფორმულა, როგორიც არის, მაგალითად, საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების შეყვანა.


_ საქართველოში ხშირად გაისმის მოწოდებები რუსი მშვიდობისმყოფელბის მანდატის შეცვლის თაობაზე. არის თუ არა გარკვეული რეკომენდაცია შესაძლო ახალი მანდატის შესახებ, რომელიც, ასევე, ხელს შეუწყობდა სამშვიდობო პროცესს?

- ესეც რთული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების ნაწილი არ მოქმედებს მანდატის შესაბამისად და ძაბავს მდგომარეობას, მოთხოვნა მათი გაყვანის შესახებ არარეალური იყო. რუს მშვიდობისმყოფელებს გაყვება საქართველოდან გაეროს დამკვირვებელთა მისიაც, რაც სახიფათო ვაკუუმს შექმნის რეგიონში კონფლიქტის რეალური განახლების თვალსაზრისით. ჯობია ვიმსჯელოთ იმ სავარაუდო ქვეყანათა რიცხვის გაფართოებაზე, რომელთა ჯარებიც მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტის დარეგულირებაში, როგორც მშვიდობისმყოფელები. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არც ისე ბევრია სახელმწიფო, რომელიც ისურვებდა თავისი ჯარის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეყვანას. ამ საკითხზე რუსეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმსჯელონ აფხაზური მხარის თანდასწრებით. უფრო მეტიც, შევარდნაძემ და არძინბამ უნდა განაგრძონ დიალოგი დიტერ ბოდენის რეკომენდაციის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი უშუალოდ არ არის დაკავშირებული სამშვიდობო ძალების საკითხთან. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დიალოგის გზით არის შესაძლებელი.

_ რამდენად შესაძლებელია აფხაზეთის სამშვიდობო პროცესში თურქეთის ჩაბმა?

_ თურქეთისთვის საქართველოს სტაბილურობა და ტერიტორიული მთლიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმის გათვალისინებით, რომ თურქეთი NATO-ს წევრია, საეჭვოა რუს და თურქ მშვიდობისმყოფელთა ერთად მუშაობა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები დრო და დრო რუსეთსა და ამერიკას ერთმანეთის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. 11 სექტემბრის შემდეგ ეს პოლიტიკა აღარ გამოდგება. სამაგიეროდ ახლა შესაძალოა ვინმემ გარიკსოს და რუსეთი და თურქეთი გამოიყენოს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, მაგრამ არც ეს პოლიტიკა გაამართლებს. რუსეთი და თურქეთი საფუძვლიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის ემზადებიან. მიუხედავად ამისა, თურქეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიც თავის როლს შეასრულებს.


რუსუდან რუხაძე
”ახალი ეპოქისთვის”
ვაშინგტონი
26-28 თებერვალი, 2002

6/22/07

უზრუნველყოფილი სიბერე თუ შეგუებული ზარალი?!

არასახელმწიფო საპენსიო სქემებში გაწევრიანებული 8500 ადამიანი, საპენსიო ასაკის მიღწევისას, პენსიას საკუთარი დანაგროვის მიხედვით მიიღებს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში მოქმედი არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლები ძირითადად კერძო სადაზღვევო კომპანიები არიან: ”ჯი-პი-აი” ჰოლდინგი, ”ბი-სი-აი”, ”ალდაგი”, ”იმედი L”. ასევე, არსებობს დახურული ტიპის პროფესიული საპენსიო sქემა ”ეროვნული ბანკის” თანამშრომელთათვის. სადაზღვევო კომპანიებიდან მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კერძო საპენსიო ბაზრის 72 პროცენტს ”ჯი-პი-აი” ჰოლდინგი ფლობს, რომელმაც 2001 წელს პირველი არასახელმწიფო საპენსიო სქემა დააფუძნა. ბაზრის 25 პროცენტი კი ”ბი-სი-აის” ეკუთვნის.

“კერძო საპენსიო ფონდებს უმეტესად კორპორატიულ კლიენტებთან აქვთ კონტრაქტი დადებული, რაც, თავისთავად კომპანიის თანამშრომლებთან ქვეკონტრაქტებს მოიცავს,” - განმარტავს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ნორმატივების სამმართველოს უფროსი მარეხ გურული. ”ბი-სი-აის” საპენსიო სქემის დირექტორის გიზო ცაგარეიშვილის თქმით, ”საპენსიო სქემებში ჩაბმით, კომპანიები საკუთარ კადრებს აძვირებენ, მათი შენარჩუნების მიზნით. ისინი, უმეტესწილად, თავად იხდიან თანამშრომელთა საპენსიო შენატანის გარკვეულ ნაწილს, ხშირად ეს წილი 30-40 პროცენტია. შესაბამისად, თუკი თანამშრომელი სხვა სამსახურის ძებნას დაიწყებს, იგი ისეთივე სოციალურ სარგებელს მოითხოვს, რასაც მისი იმჟამინდელი დამქირავებელი სთავაზობს. მეტის შეთავაზება კი ხშირად სხვა კომპანიებს არ შეუძლიათ.”

სქემების განხორციელების წესს 1998 წელს მიღებული კანონი ”არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” და, ასევე, სხვადასხვა ნორმატიული აქტები განსაზღვრავს. კანონის 10-ე მუხლის მიხედვით, საპენსიო ფონდის საინვესტიციო მოგებად მიიჩნევა საპენსიო დანაგროვების აქტივების მართვით მიღებული შემოსავალი, მართვის ხარჯების გამოკლებით. აღნიშნული ხარჯის გარდა, თითოეულ საპენსიო ანგარიშს ყოველწლიურად ან ყოველ შენატანზე ადმინისტრაციული საკომისიო გადასახადიც ექვითება.

”5 წლის წინ, როდესაც კერძო საპენსიო სქემა დავაფუძნეთ, ფონდის მოგება 43 პროცენტიც კი იყო. ასეთი მაღალი პროცენტი იმდროინდელმა არასტაბილურმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა. მარტივად რომ აგიხსნათ, ფონდის ერთ-ერთი ძირითადი სარგებელი გახლდათ ის, რომ სახელმწიფო ჩვენგან მაღალ პროცენტში იღებდა სესხს. დღეს ასე აღარ არის, ფონდის სარგებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, ფონდს ამის გამო ფინანსურად განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნია. შარშან საპენსიო ფონდის წევრთა დანაგროვებს 12 პროცენტი მოგება დავარიცხეთ. ამასთან, შევამცირეთ ადმინისტრაციული საკომისიო გადასახადი.”- აცხადებს ”ჯი-პი-აი” ჰოლდინგის საპენსიო სქემის მენეჯერი გურამ მუსხელიშვილი. 12 პროცენტს ასახელებს ”ალდაგის” საპენსიო სქემის მენეჯერი გიორგი ტატიშვილიც. თუმცა, მეანაბრესა და სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული კონტრაქტი, არ აწესებს გარანტირებულ დასარიცხ მოგებას. ეს პროცენტი ყოველკვარტალურად ფონდის საინვესტიციო მოგებით განისაზღვრება.

ალექსნადრე ტურძილაძე პროფესიით ეკონომისტია და ჯანდაცვის დაფინანსების საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად იგი საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” (რომელიც ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში მიმდინარე როფორმების ხელშეწყობას ემსახურება) ჯანდაცვის ეროვნული დანახარჯების კვლევას ხელმძღვანელობს. ალექსანდრე ტურძილაძის თქმით, ”კერძო საპენსიო სქემა შინაარსობრივად ნამდვილად მომხიბლავია და მას გარკვეული უპირატესობები გააჩნია. თუმცა, გარკვეული ფაქტორები ეჭვქვეშ აყენებს ამ ეტაპზე საქართველოში სქემების ეფექტურობას. ერთ-ერთი გახლავთ ქვეყნის არასტაბილური სოციალურ-ეკონომიკური გარემო. მაგალითად, რევოლუციის შემდეგ გაუქმდა სახაზინო ვალდებულებები, რაც კერძო საპენსიო ფონდების ინვესტირების და მოგების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა. მით უმეტეს, რთულია იმის პროგნოზი, რა და როგორ იქნება 30-40 წლის შემდეგ. მეორე გარემოება კი დაბალი საპროცენტო განაკვეთია, რომელსაც სქემები, ფონდის მოგების მიხედვით, მონაწილეთა საპენსიო ანგარიშებს არიცხავენ. ამას ემატება ისიც, რომ მოქალაქეთა შენატანებს ექვითება აქტივების მართვის ხარჯები და საკომისიო გადასახადი ყოველ შენატანზე. შესაბამისად, თუკი დავუშვათ სქემა წლიწადში 12 პროცენტიან მოგებას არიცხავს კონკრეტულ საპენსიო ანგარიშს, ჯამურად სქემის წევრი მოგებაში ნამდვილად არ არის. კერძო საპენსიო სქემაში პირადად ჩემმა, არცთუ ისე მცირე, ყოველთვიურმა შენატანმა 21 თვის შემდეგ მხოლოდ 0.7 პროცენტი მოიგო. დღევანდელი პირობებით, მოგების დანარიცხი 15 პროცენტს მაინც უნდა აღემატებოდეს, რათა მოქალაქეს უღირდეს მასში ჩაბმა. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2004 წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსმა ანუ ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 5.7 პროცენტი შეადგინა, 2005 წელს კი 8.4 პროცენტი.”

”ჯი-პი-აის” საპენსიო პროექტის მენეჯერის გურამ მუსხელიშვილის თქმით, ”მოლოდინი საპენსიო ანაბრისადმი ხშირად არასწორია, ეს არ არის საბანკო ანაბარი, რომლის მომგებიანობა ერთ ან ორ წელიწადში იზომება. თუკი ადამიანს მანქანის შეძენა სურს, მაშინ თანხა საბანკო ანაბარზე უნდა დადოს; თუ პენსიისთვის სჭირდება, მაშინ საპენსიო ფონდში უნდა შეიტანოს. მიუხედავად ამისა, სქემის წევრებს მაინც სურთ, რომ მათი დანაგროვის სარგებელი პირველივე წელს თვალსაჩინო იყოს.” ”ბი-სი-აის” საპენსიო სქემის დირექტორი გიზო ცაგარეიშვილი კი განმარტავს, რომ ”მოკრძალებული შენატანის, მაგალითად 10 ლარის შემთხვევაში, შესაძლოა დანაგროვი ”ვერ აუვიდეს” ადმინისტრაციულ ხარჯებს და, შესაბამისად, პირველ წელს კონკრეტული საპენსიო ანგარიში არ იყოს მოგებაში. თეორიულად ისიც შესაძლებელია, რომ ფონდმა რომელიმე წელს მოგება ვერ ნახოს, მაგრამ, როგორც წესი, ასე არ ხდება. საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟის ინსპექცია არეგულირებს იმას, თუ სად უნდა განთავსდეს ფონდის აქტივები ფიქსირებული მოგების მისაღებად.”

საპენსიო სქემებსა და საბანკო ანაბრებს შორის გარკვეულ მსგავსებაზე საპენსიო სქემების ყველა მენეჯერი მიუთითებს. თუმცა, ამ ორ პროდუქტს შორის ძირეულის სხვაობასაც აღნიშნავენ: საპენსიო სქემის უპირატესობა უვადო კოტრაქტი და მცირე შენატანებია კლინეტისთვის ხლესაყრელი პერიოდულობით.

თუმცა, საბანკო ანაბრებისგან განსხვავებით, საპენსიო სქემაში არ არსებობს გარანტირებული მოგება. საქართველოში მოქმედ ბანკებში კი წლიური საპროცენტო სარგებელი 10-დან 14 პროცენტამდეა, რაც ანაბრის ტიპზე, ვადასა და შეტანილ ვალუტაზეა დამოკიდებული. სიახლეა ”პროკრედიტ ბანკის” საპენსიო ანაბარი, რომელიც ბანკის სხვა ტიპის ანაბრებისგან, გაცილებით ხანგრძლივი ვადით, 10-15 - წლით, იდება და წლიურად 9-11 პროცენტიან საპროცენტო განაკვეთს ჰპირდება მეანაბრეებს.

დაბოლოს, სქემის დამფუძნებელსა და სქემის წევრს შორის ”ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს საპენსიო სქემის მონაწილის ნებაყოფლობით გასვლის უფლებას, ამავე დროს, მონაწილეს უნდა ჰქონდეს სახელობითი საპენსიო დანაგროვის შეუმცირებლად მიღების უფლება.” აქედან გამომდინარე, სქემიდან გასვლა ნებისმიერ წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია ყოველგვარი ჯარიმის დაუკისრებლად. სხვა შემთხვევაში, იგივე კანონი საპენსიო თანხების მოძრაობის გამჭვირვალობას განსაზღვრავს. სადაზღვევო კომპანია ვალდებულია სქემის ყველა მონაწილეს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის და მიბარებული თანხების მართვაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ.


გაზეთი ”24 საათი”
22 დეკემბერი, 2006 წელი

6/18/07

ამისთანა?!

იყო ჩემს ბავშვობაში ერთი ასეთი ანეკდოტი: ქალი და ძაღლი, სახელად ”ამისთანა”, მდინარეზე წავლენ საბანაოდ. ქალი გაშიშვლდება და წყალში შევა, ძაღლი კი ამასობაში პირს დასტაცებს პატრონის ტანსაცმელს და მოკურცხლავს. მდინარიდან ამოსული ქალი, იქვე ნაპოვნ ძირგავარდნილ ტაშტს აიფარებს და ძაღლის ძებნას დაიწყებს. შიშველი და სასოწარკვეთილი შემხვედრ მამაკაცს ჰკითხავს, ”ამისთანა” ხომ არ გინახავთო. თვალებგაფართოებული კაცი ”უძირო ტაშტს” დააშტერდება და უპასუხებს, მაგისთანა კი მინახავს, მაგრამ ჩარჩოში ჩასმული არაო. რა ვქნა, მეტად მოკლედ არ მოიყოლება.

ჰოდა, ეს კაცი ვნახე იმ დღეს ტელევიზორში, ინგა გრიგოლიას ჰყავდა მოწვეული ”რეაქციაში”, იმ წუთში ვიცანი. მარტო ის კი არა, სხვებიც ვიცანი. განა მართლა იმიტომ, რომ მომღერლები და მოდელები არიან?! არა, ვიცანი იმიტომ, რომ ყველანი, ჟურნალისტიან-რესპონდეტებიან-მაყურებლებიანად, ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ. სულ ეს არის.

გავიხადოთ თუ არ გავიხადოთ?! შემორჩება კი ეს კითხვა ჰამლეტისეული პათეტიკითა და ინგა გრიგოლიას რეაქციით ქართულ ჟურნალისტიკას? ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვაც სწორედ ეს იყოს. ვისაც გადაცემა არ უნახავს, შევახსენებ, რომ დისკუსიის თემა ჟურნალი ”პლეიბოი” და მასში გამოქვეყნებული ქართველი გოგონების ფოტოები გახლდათ.

ეხლა გონიერი ადამიანები ვახსენოთ: რობერტ დარტონი, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის ისტორიის სპციალისტია. 1995 წელს გამოცემული ნაშრომი - ”აკრძალული ბესტსელერები წინარევოლუციურ საფრანგეთში” - სწორედ მას ეკუთვნის. ”პორნოგრაფიული ჟანრის ლიტერატურა, განსაკუთრებული სიმწვავით შეეხო მაშინდელ დამყაყებულ ხელისუფლებას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პორნოლიტერატურა აქცენტს სწორედ ადამიანების ინდივიდუალურ არჩევანზე აკეთებს”, - წერს დარტონი. აი, სად გადაიკვეთა დემოკრატიის, ინდივიდუალური არჩევანისა და ”პლეიბოის” გზები. სამივეზე ერთად კი ამერიკა გამახსენდა.

1976 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯიმი კარტერმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ ”პლეიბოის”, სადაც გულწრფელად აღიარა: ”მე არაერთი ქალისთვის შემიხედავს ვნებით და ღალატიც ბევრჯერ გამივლია გულში.” დიახ, ამერიკული ჟურნალისტიკის ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციტატა, სწორედ ”პლეიბოის” ადრეული ნომრიდანაა.

კიდევ მოვიყვან ერთი-ორ ციტატას მათთვის, ვისაც ”პლეიბოი” მხოლოდ შიშველი ქალები ჰგონია. ”მე არ ვარ გიჟი. ერთი ექიმი, რომელიც 7 წლის განმავლობაში იკვლევდა ჩემს ტვინს, აღმოაჩინა, რომ მე ყველაზე დალაგებული ტვინი მაქვს, თუ კი ვინმეს ოდესმე ჰქონია”, - ესეც სალვადორ დალი, და აქვე ჯონ ლენონი: ”ჩვენ ძირითადად შაბათი ღამის სიურპრიზები ვართ. პლანეტის 99 პროცენტი, ყოველშემთხვევაში დასავლეთში მაინც, შაბათ ღამეს, ვისკის ზემოქმედების ქვეშ ისახება… ასე დაიბადა ჯულიანი, მაგრამ ის დღეს ჩემთან არის, მე მეკუთვნის და ქვეყანას მირჩევნია.” დალიმაც და ლენონმაც, ბოდიში მომითხოვია, თავის დროზე, ეს გულახდილი ინტერვიუები სწორედ ტუქსედოს ბაფთიან კრუდღელს მისცეს.

გავაგრძელოთ? ჩამოვთავლოთ მაინც: იასირ არაფატი, ფრენსის ფორდ კოპოლა, მუჰამედ ალი, დონალდ ტრამპი, კელვინ კლეინი - ვინ აღარ, ხუთ ათეულ წელზე მეტია მსოფლიოს დიდი ადამიანები სწორედ ამ ჟურნალში იბეჭდებიან.

ახლა ისევ დარტონი და ინდივიდუალური არჩევანი. მთავარი პრობლემა, იმღამინდელ ”რექციაში” ის კი არ იყო, ვინ გაიხდიდა და ვინ არა. არამედ ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ჩვენს საზოგადოებაში არჩევანის თავისუფლება და ამასთანავე, სხვისი არჩევანის პატივისცემა. ისე კი, ეს ხელებგასავსავებული მართლმორწმუნე ქალები, რომლებმაც კინაღამ ვირზე უკუღმა შესვეს ”პლეიბოის” გოგონები, დაუფიქრებლად ჩაებნენ გადაცემის წამყვანთან ვაჭრობაში. ცოდვა-მადლის განკითხვაში გართულნი, ზოგი 50 000-ს დაყაბულდა, ზოგი ამბობდა მილიონზეც არ გავიხდიო. კაი ოჯახისშვილებს და რძლებს არც იმის თქმით დაუმდაბლებიათ თავი, ვის რაში უნდა აინტერესებდეს ჩვენი სიშიშვლეო.

აი, რას სწერდა დიდი ჩარლი ჩაპლინი პატარა ჯერალდინას: ”შეიძლება სცენაზე შიშველიც კი გამოხვიდე, მაგრამ იქიდან გაცილებით უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე.” ფოტოც სცენაა, ოღონდ ”ჩარჩოში ჩასმული”. ასე რომ, მშვიდობით ლელა, ხატია, ხათუნა…


გაზეთი "24 საათი”


19 ივნისი, 2007