10/14/09

„ალიონიდან“ „ალიონამდე“ სითბოს და განწყობას ვინ გვაჩუქებს

პირველი (ბულეტ პოინტებს ასე მირჩევნია): გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას იმ ჯგუფს, რომელიც ახალ “ალიონს“ გააკეთებს.

მეორე: პირველივით მოკლედ არ ითქმის. გასული სატელევიზიო სეზონის შუაში „ალიონის“ ერთ–ერთ წამყვანს კოტიკო თოლორაიას რუბრიკა შევუცვალეთ და სასარგებლო რჩევების მაგივრად, ვაკანსიები მივაბარეთ (კიდევ ერთხელ მადლობა ჯობს.გეს და ლექსო ხუბულავას თანამშრომლობისთვის). კოტიკოს ერთ–ერთი ბოლო სასარგებლო რჩევა, ბოსტანმენეჯმენტიდან ბოლოკის და კვერცხის ერთად დათესვა იყო, უკეთესი მოსავლის მისაღებად. პრინციპში პირველი არხის მენეჯმენტიც რაღაცით წააგავს კოტიკოს აბსურდულ და კურიოზულ რჩევას, უკეთესი მოსავლისა ჯერ რა მოგახსენოთ.

ვაკანსიების რუბრიკა აქტუალურად გვეჩვენა და სეზონის განმავლობაში ხშირად გვიმსჯელია, ჰქონდა თუ არა ეფექტი ამ შინაარსობრივ ცვლილებას „ალიონში“. პრინციპში ალბათა არა. ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვი რომ დიდი იყოს, მხოლოდ შრომის კოდექსი ღირს ერთ რევოლუციად. ამა წლის 13 ოქტომბერს, რაც ცრუმორწმუნეთა რიგებში გადასასვლელად ჩემთვის მაინც არასაკმარისი მიზეზი აღმოჩნდა, „ალიონის“ 30–მდე(ფანქი, ვაჭარბებ თუ ვაკნინებ?) თანამშრომელს კონტრაქტები შეგვიწყვიტეს, ერთი თვის კომპენსაციის დაპირებით. კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე 13 ოქტომბერსვე გვეცნობა (მეტად ადრე გაფრთხილებას არც ავალდებულებს დამქირავებელს კანონი), მიზეზად არხის კიდევ ერთხელ რეორგანიზაცია დასახელდა. ისე კი განახლებული „ალიონი“ არხის როგორც ახლანდელი, ისე მისი წინამორბედი დირექტორის (ჩვენში რომც არ დარჩეს, რუსთავი 2–ის დილის გადაცემის წლევანდელი ფორმატის „შემქმნელის“ მიერაც) მოწონებული და მათთან ერთადვე შემუშავებული პროექტი იყო. რა გაეწყობა, დავიშალეთ.

რა თქმა უნდა, უკეთესი გადაცემის კეთება შეიძლებოდა, ისევე როგორც შეიძლებოდა არხს უკეთესი მენეჯმენტი ან უკეთესი სამეურვეო საბჭო ჰყოლოდა. გასული სატელევიზიო სეზონის ბოლოს ტოპმენეჯმენტმა რამდენიმე გადაცემის ჩანაწერი ითხოვა, იმის წარმოსადგენად თუ რას აკეთებდა „ალიონის“ ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში. ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც ზემდგომნი გადაცემით დაინტერესდნენ, აპრილის მოვლენები იყო. „გადაცემით დაინტერესდნენ“ პრინციპში გადაჭარბებულია, მათ მხოლოდ ერთადერთ რუბრიკასთან ჰქონდათ შენიშვნა, ეს იყო პრესის მიმოხილვა. მთელი 8 თვის განმავლობაში, მხოლოდ ორი გაფრთხილებაც სწორედ ქეთო (ერისქალობაში ქეთი) სტურუას მისამართით იყო, რომ მისი მიმოხილვა არ იყო დაბალანსებული და ოპოზიციური სტატიების სიჭარბით გამოირჩეოდა. ქეთიმ არ დათმო რეალობა და პროფესიონალიზმი, რისთვისაც მე პირადად „პრემიას ვუწერ“ J

„ალიონში“, ისევე როგორც ნებისმიერ გუნდში იყვნენ პროფესიონალები, ნახევრადპროფესიონალები (გნებავთ, მზარდი კადრები) და მოყვარულები. თუმცა, ყველას თავისი საქმე ებარა. ყველამ ერთად გამოვიარეთ გაზაფხულის, სამუშაოდ ძალიან რთული პერიოდი, როდესაც გვიწევდა სირცხვილის დერეფანში გავლა, სპეცრაზმელების გავლით სტუდიაში შესვლა (იყო სტრესი ამ უსაფრთხოებაში), გადაცემის სტუმრების გასაოცარი მოხერხებულობით ტელევიზიის შენობაში შეყვანა, მაგრამ არც ერთი გადაცემა არ ჩავარდნილა (აი, „სამოთხის ვაშლები“ კი ჩავარდა, სულ მალე მისი შემქმნელებისგან იხილეთ უკეთესი „ალიონი“). მენეჯმენტისგან სიტყვიერი წახალისებაც კი არ მიგვიღია ამის გამო, ელემენტარულ ინსტრუქტაჟზე რომ არაფერი ვთქვათ, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით მსგავს არაორდინალურ სამუშაო პირობებში.

დიახ, (ოღონდ ლიკა სულიკაშვილი „ი“–ზე რომ სვამს მახვილს ისე J), უკეთესი კარგის მტერიაო. დღეიდან მე, როგორც მაყურებელი უკეთეს „ალიონს“, ჩვენს „მტერ“ უკეთეს ტელევიზიას ველი.

P.S ისე წამოვედი ვერ დავემშვიდობე საეთეროს თანამშრომლებს და სტუდიის ოპერატორებს, ორი წელი ქმართან ერთად ვიძინებდი და მათთან ერთად ვიღვიძებდი J