11/22/10

"გრძედები და განწყობები"


ახალი სასწავლო წლის დასაწყისია. მერილენდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში მშობლები ტრადიციულად მასწავლებლებს ხვდებიან, მანამდე სპორტულ დარბაზში შეკრებილებს სკოლის დირექტორი ესალმება. მისასალემებლი სიტყვის შემდეგ, სახელმწიფო დროშის ფონზე, სკოლის გუნდი პატრიოტულ სიმღერას - „ღმერთმა დალოცოს ამერიკა" - ასრულებს. ნატალის მამას თვალზე ცრემლები ადგება და დიდი ხნის ნაფიქრის ახსნას სწორედ აქ პოულობს: სწორედ ესაა, რასაც თავგადმოდებით ვიცავთ და რაც ასე აძლიერებს ამერიკას.

მისთვის მნიშვნელოვან აღმოჩენას აკეთებს: ნატალის სკოლას და მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შორის ბევრი მსგავსებაა - ორივე ამერიკის სამოქალაქო რელიგიის ტაძარაია. ამ რელიგიის ღერძი კი ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩამოვიდეს და გახდეს ამერიკელი, იმუშაოს თავდაუზოგავად და მიზანს მიაღწიოს. ამერიკის სიძლიერე სწორედ ასეთ ინდივიდებზე დგას.

„მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ის ადგილი იყო, სადაც ათასობით ადამიანი ყოველდღიურ ყოფაში აღასრულებდა ამ სამოქალაქო რელიგიას: დილით კოცნით ემშვიდობებოდა ოჯახის წევრებს, მთელ დღეს სამსახურში ატარებდა და ბოლოდე იხარჯებოდა... ასეთივეა ნატალის სკოლაც, სამოქალაქო რელიგიის მილიონი ტაძრიდან ერთ-ერთი. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 90 სხვადასხვა ეროვნების ადამიანის სახლი იყო, ნატალის სკოლაში კი 40-მდე ეროვნების ბავშვი სწავლობს" - მოგვიანებით ამ დღის შესახებ ასეთ ჩანაწერს გააკეთებს ტომას ფრიდმანი თავის წიგნში „გრძედები და განწყობები".

სამგზის პულიცერის პრემიის მფლობელი და სამი ბესტსელერის ავტორი („ბეირუთიდან იერუსალიმამდე", „ლექსუსი და ზეთის ხილის ხე" და „გრძედები და განწყობები") ტომას ფრიდმანი „ნიუ იორკ ტაიმსისთვის" სვეტებს 1995 წლიდან წერს. უმაღლეს სკოლაში ჟურნალისტიკის კურსის გავლის შემდეგ სწავლა მინესოტას უნივიერსიტეტში ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ისტორიის განხრით გააგრძელა, ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი კი ოქსფორდის უნივერსიტეტში შუა აღმოსავლეთის კვლევებში მიიღო.

„გრძედები და განწყობები" ორი ნაწილისგან შედგება, ესაა „ნიუ იორკ ტაიმსში" 11 სექტემბერზე გამოქვეყნებული სვეტების კრებული და დღიური: „თუ სტატები ჩემი ყოველკვირუელი წერტილებია, დღიური ამ წერტილების შეერთების მცდელობაა".

ფრიდმანის თქმით, ეს წიგნი არ არის სრულყოფილი კვლევა 11 სექტემბერზე და ერაყში ამერიკელების შეჭრაზე, ეს ისტორიკოსების საქმეა. „გრძედებს და განწყობებს" პირადი აღმოჩენების წიგნს და სიტყვებით შექმნილ ალბომს უწოდებს, 11 სექტემბერზე ფოტოალბომები ხომ ისედაც უხვად გამოიცაო. ფრიდმანი ამ მოვლენის გაანალიზებისას ორ ძირითად კუთხეს იღებს: ვინ იყვნენ თვითმკვლელი ტერორისტები და რა იყო მათი და ზოგადად მუსულმანური სამყაროს მოტივაცია და მეორე, ვინ არიან ამერიკელები. ამის ახსნას კი იმ ატრიბუტებით ცდილობს, რომელიც ამერიკას, როგორც ქვეყანას, გააჩნია.

„9/11-დან რამდენიმე კვირის შემდეგ სიბრაზე ვიგრძენი მომხდარის გამო, რამდენიმე მეგობარმა და მკითხველმა შენიშნა კიდეც, რომ ჩემი სვეტები ბრაზით იყო სავსე. მე ვპასუხობდი, ვიცი, გაბრაზებული ვარ. და ამ სიბრაზის მიუხედავად რეპორტიორს ჩემში მაინც სულ აინტერებედა ვინ იყო ის ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა და რა ისტოირულმა რეალობამ წარმოშვა ისინი" - წიგნი სწორედ ამაზეა. თუკი ფრიდმანს 11 სექტემბრამდე '"ნიუ იორკ ტაიმისისთვის" კვირაში ორჯერ სვეტის დაწერა, დაუსრულებელი მოგზაურობები, შეუზღუდავი ბიუჯეტი, სრული პროფესიული თავისუფლება (ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს შეხვედრია გაზეთის მფლობელს) საუკეთესო სამსახურად მიაჩნდა, იმ დღემ ყველაფერი შეცვალა.

11 სექტემბერზე პირველი სტატია „კედლები", რომელიც ფრიდმანმა ისრაელში დაწერა, თავისი ქალიშვილის, ნატალის შეკითხვით დაიწყო: „იქ რატომ უნდა წახვიდე?". ჟურნალისტი ყოველთვის ცდილობს გლობალური თემები ყოფითი და მარტივი ეპიზოდებით ახსნას. ამიტომაც მისი სვეტები გლობალიზაციაზე, შუა აღმოსავლეთის კონფილქტებზე და ტერორიზმზე, ხატოვანი და მარტივი ენითაა დაწერილი, თუმცა ამას არასოდეს დაუკნინებია ფრიდმანის შეფასებები და წლების განმავლობაში არ გაუნელებია ამ სფეროს პროფესიონალებისა და გაზეთის მკითხველების ინტერესი - რას დაწერს ფრიდმანი.

ფრიდმანს კი ყოველთვის აინტერესებს უკუკავშირი და ფიქრობს, რომ წიგნში თავმოყრილი ყველა სვეტი ოთხიდან ერთ რეაქციას მაინც იწვევს მკითხველში: 1. ეს მე არ ვიცოდი, 2. ასე არასოდეს შემიხედავს ამ საკითხისთვის, 3. ზუსტად იმას წერს, რასაც ვფიქრობდი, 4. მძულხარ შენც და შენი შეხედულებებიც!

საუდის არაბეთში მივლინებისას, გაცნობისთანავე ყველა ერთი და იმავეს ეკითხებდა: „შენ ის ხარ საუდის არაბეთზე რომ წერ? და მერე ვიზა ვინ მოგცა?!" მისდამი გაცხადებული სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, იგი იღებდა ყველა მიპატიჟებას. სურდა სადილზე დაწვრილებით მოესმინა, რატომ არ ეთანხმებოდნენ არაბი მკითხველები, ოფიციალური პირები თუ ბიზნესმენები მის შეფასებებს. „ეს დისკუსიები არ იყო ადვილი. ხშირად ერთდროულად 10 ისეთ ადამიანთან მიწევდა პოლემიკა, რომელთანაც კულტურული, მორალური, რელიგიური თუ პოლიტიკური უფსკრული მაშორებდა".

ანტიამერიკანიმზმის თემაზე დაწერილი სვეტის „ჩვენ ყველანი მარტო ვართ" გამოქვეყნებისთანავე ფრიდმანს სიდნეიდან ერთმა დიასახლისმა დაურეკა. ქალბატონი სტატიის ავტორს უხსნიდა, რომ მისი მეუღლე ავსტრალიის სპეც.დანაყოფის წევრია და ამჟამად ავღანეთში ამერიკელ ჯარიკაცებთან ერთად იბრძვის, მე ის ძალიან მენატრება და თქვენ არ გაქვთ უფლება თქვათ, რომ მარტო ხართ. ფრიდმანმა სატელეფონო საუბარი დაშვებული შეცდომისთვის ბოდიშით დაასრულა...

ერთ-ერთ სვეტს, რომელიც წიგნში თავმოყრილი პუბლიკაციების თემატიკისგან განსხვავებულია, „ჩემი საყვარელი მასწავლებელი" ჰქვია. ფრიდმანი ჟურნალისტიკის მასწავლებელს ჰატი სტეინბერგს იხსენებს, რომელსაც სწამდა, რომ წარმატების საიდუმლო საფუძვლის სწორად ჩაყრაშია. საფუძველშივე კი იგი თავის მოსწავლეებს ურჩევდა დილა „ნიუ იორკ ტაიმსში" ენტონი ლევისის და ჯეიმს რესტონის სტატიების კითხვით დაეწყოთ. მაშინ ტომას ფრიდმანის სტატიები იმდენად შორის იყო ჰატის სტანდარტებისგან, რომ პედაგოგმა იგი დროებით ჟურნალისტიკას „ჩამოაშორა" და სასკოლო გაზეთის სარედაქციო ნაწილიდან ბიზნეს განყოფილების ხელმძღვანელად გადაიყვანა. გარდაცვალების შემდეგ კი ჰატი სტეინბერგის მეგობრისგან ფრიდმანმა ამანათი მიიღო, მისი სტატიების შეკვრა, რომელსაც მისი საყვარელი მასწავლებელი საგულდაგულოდ აგროვებდა და ინახავდა...

„სამყარო შეიცვალა, მაგრამ წარმატების საფუძველი იგივეა - კითხვა, წერა და არითმეტიკა, ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი. კანონის უზენაესობა და კარგი ხელისუფლება. ინტერნეტს შეუძლია უფრო გონიერი გაგხადოს, მაგრამ ის ვერ გაქცევს გონიერ ადამიანად. ამ ფუნდამეტების ჩამოტვირთვა შეუძლებელია. ისინი შეგიძლია მხოლოდ ატვირთო" - წერს სტატიაში სტეინბერგის წარმატებული და საამაყო მოსწავლე.

ჟურნალისტიკის მასწავლებელი ერთადერთი არ არის, ვისთანაც ტომას ფრიდმანი თავს დავალებულად გრძნობს. წიგნს გასდევს მადლიერება ოჯახის წევრების მიმართ, რომელთაც ხშირად ვახშამზე პირველებს უწევთ იმ თემების ანალიზის მოსმენა, რაზეც ფრიდმანი სტატიას ამზადებს. რა დევს ამ ამერიკული ჟესტის მიღმა, შენი საქმიანობის ყოველ ნაბიჯზე მადლობას უხდიდე, მეუღლეს, მშობლებს და შვილებს? ხშირად მათთვის განკუთვნილი დროის საქმისთვის მიძღვნა და თავდაუზოგავი შრომა. „ჩემს შვილებს ხშირად უწევდათ ჩემი ხანგრძლივი მივლინებების ატანა იმ ქვეყნებში, სადაც სუვენირიც კი არ იყიდება."

როდესაც გგონია, რომ თემა ამოწურე, ყველა კითხვას გაეცი პასუხი და კონტექსტი ნათელია, შესაძლოა სამხედრო მფრინავთან ერთმა საუბარმა დაგანახოს, რომ ცრუფსკერზე დგახარ და ამბავი სულაც ახლა იწყება. „ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი დღეგრძელი და ჯანმრთელი, მეცეკვა ჩემი ქალიშვილების ქორწილში, 72 წლისას ჩემს ასაკზე მეტი ქულა ამეღო გოლფში... და ეს არასოდეს მდომებია ისე ძლიერად, როგორც ახლა, ერთი მიზეზის გამო: გულწრფელად მაინტერესებს ეს ამბავი როგორ მთავრდება".

"ლიბერალი", ნოემბერი, 2010
http://liberali.ge/node/3790

"ჟურნალისტიკის ელემენტები"


იმ უამრავი წიგნიდან, რომელიც ახალი ამბების მოპოვებასა და მოწოდების შესახებ დაწერილა, "ჟურნალისტიკის ელემენტები" ყველაზე უკეთ აღწერს თანამედროვე ჟურნალისტიკის ნაკლოვანებებს, უპირატესობებს და შესაძლებლობებს.

XX საუკუნის დასაწყისში ამერიკული საროსკიპოების სტუმრები "სპილენძის ბილეთს" ყიდულობდნენ და მონეტას თავიანთთვის სასურველ ქალს აძლევდნენ... 1919 წელს ამერიკაში ეპტონ სინკლერის წიგნი გამოიცა სახელწოდებით: "სპილენძის ბილეთი - ამერიკული ჟურნალისტიკა". ავტორის მინიშნება ცალსახა იყო, ბრალდება საკმაოდ მძიმე - იგი მედიას საზოგადოებაზე მეტად კომერციული ინტერესების მსახურებაში ადანაშაულებდა. ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც სიტყვიერი სამდურავი მედიის მიმართ წიგნად იქცა და ამით საზოგადოებაში ამ საკითხზე დისკუსიას ახალი ფორმა მიეცა.

მას მერე, თითქმის საუკუნის განმავლობაში არაერთი სტატია, წიგნი თუ სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა ზოგადად მედიის ფუნქციათა განსაზღვრას, იმ ეთიკურ ნორმებს, რომლებსაც ეს გილდია თავად აყალიბებს და, ხშირ შემთხვევაში, თავადვე არღვევს. ამის დასტურია ბილ კოვაჩისა და ტომ როზენსტილის წიგნიც - "ჟურნალისტიკის ელემენტები".

წიგნის ავტორები სოლიდური გამოცდილების მქონე ჟურნალისტები არიან. ბილ კოვაჩი "ნიო-იორკ ტაიმსის" ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელობდა წლების მანძილზე, ასევე, "ატლანტა ჯორნალისა" და "კონსტიტიუშენის" რედაქტორი გახლდათ. იგი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის ნიმანის ჟურნალისტიკის ფონდის კურატორი. ამჟამად კი "დაინტერესებულ ჟურნალისტთა კომიტეტს" ხელმძღვანელობს.

ტომ როზენსტილი "ლოს ანჯელეს ტაიმსის" მედია კრიტიკოსად და "ნიუსუიკის" მთავარ კორესპონდენტად მუშაობდა კონგრესში. დღეს კი იგი "ჟურნალისტიკის სრულყოფის პროექტის" დირექტორია. ამ ავტორების ბიოგრაფია იმის დასტურია, რომ მედიის მათი ანალიზი საკმაოდ მრავალფეროვან პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება.

"იმ უამრავი წიგნიდან, რომლებიც ახალი ამბების მოპოვებასა და მიწოდების შესახებ დაწერილა, ეს წიგნი ყველაზე უკეთ აღწერს თანამედროვე ჟურნალისტიკის ნაკლოვანებებს, უპირატესობებს და შესაძლებლობებს", - წერს ტომ გოლდსტეინი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის დეკანი - იმ სკოლის, რომელიც, წლებია, პირველ ადგილზეა ჟურნალისტიკის საუნივერსიტეტო სკოლათა რეიტინგში. ციტატა წამძღვარებული აქვს წიგნს სხვა დადებით შეფასებებთან ერთად, როგორც წიგნის თანამედროვე სტრუქტურის აუცილებელი ელემენტი. მართალია, მსგავსი ამონარიდები რეცენზიებიდან იმ კომერციულ მიზანს ემსახურება, რომ წიგნი ბესტსელერად იქცეს, მაგრამ შეფასება მიუკერძოებელი და ზუსტია.

წიგნის შესავალშივე ავტორები გვთავაზობენ იმ ძირითადი პრინციპების ჩამონათვალს, რომლებზეც მედიამ უნდა დააფუძნოს თავისი საქმიანობა. ეს ის პრინციპებია, რომელთა ჩამოყალიბებასაც მედიამ და საზოგადოებამ საუკუნეები მოანდომეს და სოციალური კონტრაქტიც ამ ორ ჯგუფს შორის სწორედ ამ პოსტულატების შესრულებას გულისხმობს.

1. ჟურნალისტიკა, უპირველეს ყოვლისა, სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს.

2. ჟურნალისტიკა, პირველ რიგში, მოქალაქეების ერთგული უნდა იყოს.

3. ჟურნალისტიკის არსი ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა.

4. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა მათგან, ვისაც აშუქებს.

5. ჟურნალისტი უნდა მოქმედებდეს როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი

6. ჟურნალისტიკა ხალხს საჯარო კრიტიკის და მსჯელობის საშუალებას უნდა აძლევდეს.

7. ის, რაც მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა საინტერესოდ და ადეკვატურად უნდა გადმოსცეს.

8. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს ინფორმაციის პროპორციულობა და ეს ინფორმაცია ყოველმხრივი უნდა გახადოს.

9. ჟურნალისტი პასუხს აგებს სინდისის წინაშე.

ის, რომ ჟურნალისტი სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს, ძნელად თუ გახდება დავის საგანი, თუმცა ხშირად საკამათოა თვით "სიმართლის" ცნება.

ერთხელ ამერიკაში "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტი, ჯენეტ კუკი გამოგონილი სტატიებისთვის პულიცერის პრემიით დააჯილდოვეს; ტყუილ-მართლის გარჩევა მათაც ვერ შეძლეს, ვინც სიმართლის მსახურ ჟურნალისტებს ამ პრესტიჟული პრემიით აჯილდოებდა. თუმცა, ამერიკულმა ჟურნალისტიკამ მაინც დაუფასა მისის კუკს გულწრფელი აღიარება. სანუკვარი პრიზის უკან დაბრუნებისას და მას მერე კიდევ არაერთხელ აღინიშნა ჟურნალისტის ღვაწლი - გამოგონილი აფროამერიკელი ბიჭუნას წყალობით, ჰეროინის მომხმარებელი მცირეწლოვნების პრობლემის მედიაში წამოჭრა.

ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი და მედიას მსგავსი სატყუარები (ჰოახ) თუ "თეთრი ტყუილები" არაერთხელ შეუთავაზებია საზოგადოებისთვის. ამის გათვალისწინებით, კიდევ უფრო რთულდება იმის მტკიცება, რომ ჟურნალისტიკა სიმართლეს ემსახურება, მაგრამ თვით მოსამართლეებიც, დადებული ფიცისა და მათთვის მინიჭებული ლიცენზიის მიუხედავად, ხშირად ვერ დაიკვეხნიან სიმართლის მსახურებით.

ასე რომ, ერთია დასახული მიზანი და იდეალი, და მეორეა ამბავი, ამბის შესახებ არსებული ფაქტები, მათი გამოქვეყნების მიზანშეწონილობა, საზოგადოების მზადყოფნა, მიიღოს სიმართლე და ა.შ...

რა უნდა ახსოვდეს პირველ რიგში ჟურნალისტს, რომელსაც შეზღუდულ დროში უწევს მუშაობა: დადგენილი ვადა და რედაქტორი, თუ მკითხველი და ის, რომ სააშკარაოზე გამოტანამდე მან ბოლომდე უნდა გამოიძიოს სიმართლე.

უმეტეს შემთხვევაში, გარემოება არჩევანის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ჟურნალისტი ძირითადად ყაბულდება იმ ფაქტებსა და იმ "სიმართლეს", რაც მოცემული დროისთვის მის ხელთ არსებობს და ამზადებს სტატიას. სიმართლე კი, შესაძლოა, 10 წლის შემდეგ დადგინდეს. მსგავს სიტუაციაში არაერთხელ აღმოჩენილან ის ჟურნალისტები, რომლებიც სამართლის სფეროს აშუქებენ. მათ ხშირად არ იციან, მსხვერპლი მოკლეს თუ მოკვდა.

არც ჟურნალისტის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს მედიის წარმომადგენლებს შორის სრული ჰარმონია. მედიის დამოუკიდებლობის ცნება ყოველ საზოგადოებაში განვითარების საკუთარ გზას გადის. "ახალი დემოკრატიის პირობებში, დამოუკიდებელი მედიის არსებობის პირველი ეტაპი არის მისი სახელმწიფოს კუთვნილებისგან, კონტროლისა და უშუალო ჩარევისგან გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, ყველა არასამთავრობო გაზეთი ცდილობს, "დამოუკიდებელი" ერქვას", - აღნიშნავს ტატიანა რეპკოვა 2001 წელს პარიზში გამოცემულ წიგნში "ახალი დროება", და იქვე დასძენს, რომ "სიტყვა "დამოუკიდებელი" არ ნიშნავს სრულ თვითმმართველს. როდესაც გაზეთს ამ განსაზღვრებით მოიხსენიებენ, განსაკუთრებით ახალი დემოკრატიის პირობებში, ეს იმას ნიშნავს, რომ გაზეთი დამოუკიდებელია მთავრობის კონტროლისაგან, რაც ერთობ ვიწრო განსაზღვრებაა". და ეს მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში ჟურნალისტური დამოუკიდებლობა წყაროებთან პიროვნული დისტანციის შენარჩუნებამდე მიდის.

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ რედაქციები რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური და სქესობრივი უმცირესობების წარმომადგენლებისგან იყოს დაკომპლექტებული. ჟურნალისტური დამოუკიდებულობა იმ მრავალფეროვნების მიღება უფროა, რაც რეალობასთან მეტად ახლოს დგას, ვიდრე ადამიანების მიერ წარმოსახული სამყარო. "მე ყოველთვის ვგრძნობ თავს არაბად ამერიკაში და ამერიკელად არაბულ სამყაროში", - წერს ანტონი შადიდი, "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტი, რომელიც 2003 წელს ომის გასაშუქებლად ერაყში გაემგზავრა, 2004 წელს კი საუკეთესო საერთაშორისო რეპორტიორის ნომინაციაზე წარდგენილმა პულიცერის პრემია მოიპოვა. ჟურნალისტის წარმატების საფუძველი სწორედ ისაა, რომ შეძლო ადამიანური ამბები მიუკერძოებლად მოეყოლა.

ცხრავე პრინციპი, რომლებზეც ავტორები საუბრობენ, დღემდე დისკუსიის საგანია - არა თავად პრინციპები, არამედ მათი ინტერპრეტაცია. ყველაზე საგულისხმო და მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჟურნალისტი საბოლოოდ საკუთარი სინდისის წინაშე აგებს პასუხს. სხვა რამ მარეგულირებელი მექანიზმი, რომელიც ჟურნალისტთა საქმიანობას გარკვეულ პროფესიულ ჩარჩოში მოაქცევს, ჯერ არ უღიარებია მედია საზოგადოებას. წიგნის ღირსებაა უდავოდ ისიც, რომ იგი მოიცავს იმ სამასი პროფესიონალის მოსაზრებათა ფართო სპექტრს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ავტორთა მიერ მოწყობილ ფორუმებსა და დისკუსიებში. "ჩვენი მიზანი არ იყო იმაზე კამათის წამოწყება, თუ როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა. ჩვენი მიზანი იყო იმ საერთო ნიადაგის კონტურების მოხაზვა, რასაც უკვე ეყრდნობიან ჩვენი ჟურნალისტები".

წიგნის უდავო ხარვეზია, რომ მასში საერთოდ არ არის გათვალისწინებული ევროპული მედიის გამოცდილება, რომელიც ახალი ამბის გადმოცემას სპეციფიკურად განსხვავებულად უყურებს.

ჟურნალისტის დამოკიდებულება ახალი ამბისადმი და მისი პირადი მოსაზრება დღემდე ფასობს ევროპაში და ეს არის ამერიკული მედიისგან მისი განმასხვავებელი ძირითადი ფაქტორი. ამდენად, წიგნის სათაურში "ჟურნალისტიკის ელემენტები", სავარაუდოდ, ამერიკული მედიის პრინციპები იგულისხმება.

და კიდევ, "რაც უფრო მეტ კომერციულ წარმატებას აღწევს გაზეთი, მით უფრო ძლიერია იგი მორალურად, რაც უფრო ძლიერია, მით უფრო დამოუკიდებელია", - წერდა ჯოზეფ პულიცერი, მაგრამ კომერციული წარმატების მიღწევამდე ყველა მედია საშუალებას მოუწევს იმ გზის გავლა, რის გამოც, შემდეგ ხშირად გაიმართლებს თავს.

სარედაქციო დამოუკიდებლობის უპირატესობის მინიჭება მხოლოდ მაღალრეიტინგული ელექტრონული მედიის და მაღალტირაჟიანი გაზეთების პრივილეგიაა. მაგალითად, იმ დღეს, როდესაც განსაკუთრებული მოვლენის გაშუქებას მეტი სივრცე სჭირდება გაზეთში, "ნიუ იორკ ტაიმსი" უარს ამბობს რეკლამის განთავსებაზე. ეს მიდგომა დიდად არ განსხვავდება ბიზნეს მიდგომისგან და იგი ცალსახად სარედაქციო მხარის პრივილეგიაზე არ მიუთითებს. გაზეთი არ აწბილებს ბაზრის მოლოდინს, და აწვდის იმას, რაც იმ დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია მკითხველისთვის, ვიდრე ფასდაკლება რომელიმე ფეხსაცმლის მაღაზიაში. თუმცა, მეორე დღეს გაზეთისგან პატივმიგებული მკითხველი გაცილებით მეტი სანდოობით გადაათვალიერებს სარეკლამო გვერდებს.

"გაზეთებს განვითარებისთვის ესაჭიროებათ საკუთარი ფინანსური წყარო, რომელიც, ძირითადად, რეკლამისა და ტირაჟის შემოსავლებზეა დამოკიდებული. ტირაჟიდან შემოსავალი თითქმის არც ერთ გაზეთს არ ჰყოფნის, თუმცა, ეს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში რეკლამის გაყიდვა ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს..... გაზეთის შემოსავლის მთავარი წყარო რეკლამაა და არამარტო ახალი დემოკრატიის პირობებში", - ამბობს ტატიანა რეპკოვა "ახალ დროებაში". ამიტომაც დაპირისპირება სარედაქციო და ბიზნეს მხარეებს შორის კვლავაც გრძელდება... ეს უფრო ეპტონ სინკლერის ბრალდების უსუსურ პასუხად.

"ლიბერალი", აპრილი, 2010

7/21/10

Hurriya თავისუფლებაზე მეტია


„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტმა ენტონი შადიდმა საერთაშორისო ამბების გაშუქებისთვის პულიცერის პრემია წელს მეორედ დაიმსახურა.

თავისუფლებაზე მეტია hurriya, ნოსტალგია ვერ იტევს hanin-ს, მთლად კაბად არ ითქმის abaya - არის სიტყვები, რომელთაც ენტონი შადიდი, თვის წიგნში „ღამე ახლოვდება“(“Night Draws Near”) არ თარგმნის ინგლისურად, არაბულადვე ტოვებს და მიახლოებით მხოლოდ ერთხელ განმარტავს ტექსტში. წიგნი ერაყზე, ომზე და თავისუფლებაზე, ღმერთზე და ადამიანებზეა. „ჟურნალისტიკა არასრულყოფილია, რაც უფრო მეტი იცის რეპორტიორმა, მით უფრო რთულია ამბის გადმოცემა და, ამ პროფესიის ბუნებიდან გამომდინარე, ნაკლებად ვახერხებთ ვწეროთ შესაბამისი სამართლიანობით“ - წიგნის შესავალშივე შადიდი გულწრფელად უბოდიშებს მკითხველს. „რამდენადაც მეტ ხანს ვრჩებოდი ერაყში, მით უფრო მიჭირდა მოვლენების აღქმა და გაგება. ხალხი, რომელსაც ვხვდებოდი, ხანდახან ერთმანეთს და საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებოდნენ“, - ეს უკვე წიგნის დასასრულისკენ, მაგრამ მისი არც ერთი შიში არ გამართლდა. წიგნმა მოწონება დაიმსახურა, ავტორმა კი პულიცერის პრემია.

ბაღდადი მოგონებების ქალაქია, ამ ფრაზას ხშირად შეხვდებით წიგნში. თუკი სხვა ქალაქები თავიანთი ისტორიული ძეგლებით, არქტექტურული შედევრებით იწონებენ თავს, თვალნათელი და ხელშასახებია მათი წარსული, ერაყის დედაქალაქი მისი მკვიდრების მოგონებებში ინახავს ისტორიას და ძველ დიდებას. ის ვერ ხედავს თავის წარსულს, მას მხოლოდ შეუძლია ახსოვდეს.

სოციალური ეთიკის პროფესორს დონალდ შრივერს თავის სტატიაში „ჟურნალისტიკა და დემოკრატიული მეხსიერება“ ერთი საინტერესო მაგალითი მოჰყავს: 1993 წელს ABC -ის რეპორტიორმა სერბ ჯარისკაცს ჰკითხა: „რატომ ებრძვით ბოსნიელ მუსულმანებს?“. პასუხად ჟურნალისტმა მიიღო: „იმისთვის, რაც მათ კოსოვოში გაგვიკეთეს.“ კოსოვო კი 1389 წელს იომესო, იხსენებს პროფესორი და განმარტავს, რომ მეხსიერებას პოლიტიკოსებთან, რელიგიურ წინამძღვრებთან ერთად დიდწილად ჟურნალისტებიც აყალიბებენ და მეტიც, ისინი ისტორიის პირველ ვერსიასაც კი ქმნიან. ასეთი მეხსიერებისთვისაა ეს წიგნიც.

ენტონი შადიდი ოკუპაციამდე ჩავიდა ერაყში და იქ 2003 წლის მარტიდან 2004 წლის ივნისამდე დარჩა. ის ყველაფრის მოწმე გახდა - ნახა ომის მოლოდინი, შემზარავი შეტაკებები და მისი შედეგები ადამიანების თვალებში. „მე ყოველთვის ვგრძნობ თავს არაბად ამერიკაში და ამერიკელად არაბულ სამყაროში“ - არაბული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტისთვის ეს არის ეთიკის მთელი კოდექსი, რითიც ის ახერხებს ობიექტურობა შეინარჩუნოს. მთელი ხიბლი კი ისაა, რომ ობიექტურობა თანაგრძნობით წერას არ გამორიცხავს.

ზოგადად ერაყის ომი გარკვეული გამოწვევა და ახალი ეტაპი იყო მედიისთვის და ჟურნალისტებისთვის. კონკურენცია ახალი ამბების ბაზარზე საკმაოდ გაიზარდა და მართალაც დიდი პროფესიონალიზმი და ძალისხმევა იყო საჭირო, რომ შენ აერჩიე მკითხველს ერაყზე ამბების მთხრობელად. იქ მომხდარი ამბები კი არ ჟონავდა, არამედ ვრცელდებოდა თავად სამხედრო პირების მიერ სოციალური ქსელების მეშვეობით. ომის გაშუქებამ, ისევე როგორც თავად ომებმა ფორმა და შინაარსი იცვალეს. პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე საერთოდ არ შეუშვეს ფოტორეპორტიორები, მეორე მსოფლიო ომის დროს დაბეჭდვამდე ცენზურას გადიოდა ყველა მასალა, რათა არ გამოეწვია მოსახლეობის კომპრომისული განწყობა. ვიეტნამის დროს მედია უკვე რეგულარულად სთავაზობდა მკითხველს დახოცილი და დაჭრილი ჯარსიკაცების ფოტოებს. ბოლო ათწელულში კი ომები პირდაპირ ეთერში იწყება... ასეთ საინფორმაციო სივრცეში შადიდის წიგნი დამსახურებულად ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ერაყის ომზე ნამდვილი ამბებისა.

„ამერიკელები მოვიდნენ როგორც განმათავისუფლებლები და იქცნენ დამპყრობლებად“ - ეს არის წიგნის მთავრი ღერძი. ბაღდადელები სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ იმას, რაშიც ერთსულოვანნი არიან: „სადამი ცუდი იყო, მაგრამ ის ერაყელი მაინც იყო“, „არ გვიყვარდა სადამი, მაგრამ არც ოკუპაციას მივესალმებით“, „ბევრს ველოდით ამერეკილებისგან და ვერაფერი მივიღეთ შიშის გარდა“, „გვინდა მმართველი, რომელიც არაბია“, „ჩვენ ვართ ისლამის მხარდამჭერები, არც სადამის და არც ამერიკელების“, „ისინი სადამის ჩამოსაგდებად მოვიდნენ და მის მსხვერპლებს ებრძვიან“... ამ წიგნში ყველა გვერდზე ისმის ადამიანის ხმა და ყველა გვერდზე შეხვდებით ღმერთს - - ღმერთი დაგვიფარავს, ღმერთი განსჯის, ღმერთი თუ ისურვებს, ღმერთმა იცის... ფატალიზმს, გაურკვეველი მომავლის შიშს, თავისუფლების წყურვილს, ცვლილების დაუოკებელ სურვილს, წყეული ქვეყნის განცდას ღმერთამდე მიჰყავს თითოეული ერაყელი და თანმდევია ძიებაც - რისთვის ისჯებიან, სად შესცოდეს...

წიგნში უხვადაა ისტორიული პასაჟები: ომი ირანთან, ქუვეითთან, დაპირისპირება ამერიკასთან, შიიტებისა და სუნიტების დაუნდობელი წინააღმდეგობა. დართულ ბიბლიოგრაფიას თუ ჩავხედავთ, ენტონი შადიდი ისტორიაში გასარკვევად სამეცნიერო ლიტერატურას ეფუძნება.

წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი, ომარი ბაღდადიდანაა და ლონდონში ცხოვრობს. იქედან იწერება, რომ სამშობლოს შესახებ ამბების გაგებას ნაკლებად ახერხებს ინგლისური მედიის საშუალებით და ამიტომაც ყოველდღიურად უწევს „ალ-ჯაზირას“ ადევნოს თვალ-ყური. ბრიტანული მედიის კონტენტ-ანალიზს შედეგად მკვლევრებმა გამოარკვიეს, რომ ერაყის ომის შესახებ სტატიები ყველაზე ხშირად შეიცავდა სიტყვებს: „ომი“, „ნავთობი“, „ერაყი“, „ბუში“. შესაბიმისად მოსახლოების 44 %, Pew research center-ის მონაცემების მიხედვით, იზიარებდა „ნავთობის თეორიას“ ერაყის ომის მიზეზებში. ბუნებრივია, ასეთი ტიპის გაშუქებაში დაიკარგნენ ადამიანები, სტატიები აცდა რეალობას. მაღალტირაჟიანი ჟურნალების ყდებზე ერაყის ომის შესახებ სათაურიები და ილუსტრაცია ბუშისა და სადამ ჰუსეინის პერსონებამდე დადიოდა და ომმა დაკარგა მისი ნამდვილი გმირები, ადამიანები და ჯარისკაცები. მათ კი შადიდის წიგნში იპოვით.

ავტორი მადლიერებით იხსენიებს ყველა იმ ადამიანს რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გაუღო კარი და გულწრფელი იყო მასთან. „ისინი მენდნენ და გამიზიარეს წუხილიცა და იმედებიც“ - წერს შადიდი.

რვაშვილიანი ქვრივი კარიმასთვის საუკეთესო დღე ისაა, როდესაც არაფერი ხდება. მოხდენით კი ბაღდადში რამე თუ აფეთქდება და ვინმეს თუ დაკრძალავენ მზის ჩასვლამდე. „ცხოვრება არც ცუდია და არც კარგი, თამაშია მხოლოდ“ - ამბობს იგი, ომებში დაბრძენებული. მისი პატარა გოგო ამალი დღიურებს წერს, რომელიც წიგნის ერთ-ერთი წყაროა. ამალი წერს ძმაზე, რომელიც ჯარში მსახურობს, სიკვდილის შიშზე, შიმშილზე, უშუქობაზე, სკოლაზე, მაგრამ არა პოლიტიკაზე. ხანდახან განსაკუთრებული სასოწარკვეთით... ფატიმა კი მშობლიურ ქალაქს ვეღარ ცნობს: „ომმა შეცვალა ქალაქი, ხალხი აღარ სცემს პატივს ერთმანეთს, ჯუნგლებს დაემსგავსა აქაურობა, ბაღდადში 5 მილიონი ალი ბაბა ცხოვრობს“.

შაჰლა ექიმია და მისი „ბედნიერება“ ახლა იმით შემოიფარგლება, რომ შვილები არ ჰყავს. მისმა ბავშვობამ და ახალგაზრდობამ მუდმივ ომებსა და არეულობებში გაიარა: „მე ყოველთვის ვეუბნეობოდი დედას, კრიმინალი ხარ იმის გამო, რომ გვშობე. მე თუ უკეთეს ცხოვრებას ვერ შევთავაზებ ჩემს შვილებს, არასოდეს მოვავლენ ამ ქვეყნად.“

მუჰამედ განი სკულპტორია, ბევრი იშრომა ბაღდადის თანამედროვე იერზე, დღეს კი მისი ქანდაკებების დეტალები, აფეთქებების შედეგად, ქალაქის ქუჩებშია მოფენილი, ნაწილი კვლავ მის სახელოსნოში დაბრუნდა. „ბაღდადი ლამაზი გოგოა, მაგრამ შელახული ტანსაცმელი აცვია. თმა გაწეწილი აქვს, თუმცა შინაგანად ისევ ძველებურად მშვენიერია“- შეყვარებულია განი ბაღდადზე.

ჩარლზ პოლარდი კი ამერიკის არმიის სერჟანტია და უსამართლობად მიიჩნევს იმას, რომ „ჩვენი ჯარი საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვის ქვეყანას აშენებს.“

რა იცვლება ამერიკელთა ოკუპაციის შემდეგ ერაყში? ზოგისთვის მეტი უსაფრთხოება, ზოგისთვის ყოველდღიურად სადილი შვილებს, ზოგისთვის მხოლოდ GQ-ს ახალი ნომერი ყურანის გვერდით და „ტერმინატორი 3“-ის და „მატრიცა 2“-ის პოსტერები ბაღდადის ქუჩებში. ერაყელებისთვის კი ფასი სულ სხვა რამეს აქვს - hurriya, რომელიც თავისუფლებაზე მეტია.

"ლიბერალი", ივლისი, 2010, #38

7/13/10

ულიცენზიო მართლმადიდებლობა

თბილისში მოქმედი საეკლესიო მაღაზიები საპატრიარქოს არ უკუთვნის, თუმცა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

14 წლის ნათია მუსიკალურ სკოლაში სწავლობს და კვირაობით ეკლესიის გუნდში გალობს. ის "მრევლის ბიბლიოთეკის" სერიით გამოცემული წიგნის - "რა უნდა იცოდეს ყოველმა გოგონამ" - მთავარი გმირია. რუსი მღვდლის ალექსი გრაჩოვის წიგნი, რომელიც ქართულად დეკანოზ ზაქარია ძინძიბაძის რედაქტირებით ითარგმნა, ნათიას დედის რჩევებზეა აგებული. დედა შვილს ხატოვნად უხსნის, თუ როგორ ჩნდება ახალი სიცოცხლე, რა არის თავისუფლება, რწმენა, სიყვარული, განსაცდელი...

"როდესაც ორწლინახევრისა იყავი, გადავწყვიტეთ, შენთვის მულტფილმი გვეჩვენებინა... აქედან დაიწყო ყველაფერი. იმ დღიდან, თითქოს უცაბედად შეგცვალეს. ხშირად მიიწევდი ტელევიზორისკენ და მეხვეწებოდი, - ჩართეო. ვეღარ გცნობდით, ყვიროდი, ტიროდი, შეშინებულს გეღვიძებოდა, თითქოს ვიღაც მოგდევდა, საშინელებები გელანდებოდა... მე გავვარდი ეკლესიაში მამაოსთან, მაშინვე მკითხა, - ტელევიზორს ხომ არ უყურებსო".

მულტფილმების პერსონაჟებით გაფორმებული ბლოკნოტები და სტიკერები ხატებთან ერთად ბარნოვის ქუჩაზე მაღაზია "ნუგეშში" იყიდება.

"ნუგეშის" გამყიდველი მეუბნება, რომ მათი მაღაზია საპატრიარქოს ეკუთვნის. თუმცა, ირკვევა, რომ ეს ასე არ არის. არც ეს და არც სხვა, მათ შორის ეკლესიის ეზოებში განთავსებული მაღაზიები, საპატრიარქოს არ ექვემდებარება.

უშუალოდ საპატრიარქოს სულ სამი საეკლესიო მაღაზია ეკუთვნის - ქაშუეთის წინ, სიონის და სვეტიცხოვლის ეზოებში მდებარე. თუმცა, საპატრიარქოს კონტრაქტორია თბილისის 30-მდე საეკლესიო მაღაზიაც. საპატრიარქო ამ მაღაზიებიდან მხოლოდ მოგების გარკვეულ პროცენტს იღებს. თუმცა, მათ შორის კავშირი ფინანსური ურთიერთობით წყდება. ამიტომ დახლებზე ხშირად ისეთი ნივთებიც ხვდება, რომლებიც "ნათიას" ცდუნებისკენ უბიძგებს, ანდა უბრალოდ მდარე ხარისხით გამოირჩევა.

მამა სერაფიმე ჭედია საპატრიარქოს ფინანსურ განყოფილებას, ბოლო ერთი წელია, განაგებს და აპირებს, თავად დაიაროს ქალაქში არსებული ყველა საეკლესიო მაღაზია. ძალიან უკვირს, როცა გასაღების საკიდს ვაჩვენებ აი, ამ გამოსახულებით - . ეს არასაეკლესიო დანიშნულების მქონე სუვენირი საპატრიარქოს კონტრაქტორ მაღაზია "მადლში" იყიდება. ოთხმოციან წლებში შექმნილი ღიმილის ეს ტიპოგრაფიული სიმბოლო დღეს განსაკუთრებით ინტერნეტფორუმებზეა პოპულარული. ინტერნეტი და კომპიუტერი კი "ნათიასთვის" თითქმის აკრძალულ გართობად ითვლება: "იმ ქალიშვილების 80 პროცენტი, ვისი მუშაობაც კომპიუტერთან არის დაკავშირებული, ან დედა ვერ ხდება, ან ავადმყოფ ბავშვს აჩენს", - წერია "ნათიას წიგნში". მამა სერაფიმეს არაფერი აქვს საწინააღმდეგო ზოგადად კომპიუტერების, მაგრამ "სმაილიკის" მოხვედრას საეკლესიო მაღაზიაში მეტისმეტად მიიჩნევს. თუმცა, იგი იმასაც ამბობს, რომ საპატრიარქოს სახელით უამრავი მეწარმე სარგებლობს. "ჩვენ გადასახადისგან განთავისუფლებულები ვართ, მაგრამ ჩვენს მაღაზიაში და კერძო პირის გახსნილ მაღაზიაშიც ხატის თუ სხვა საეკლესიო ნივთების ფასი თანაბრად ხელმისაწვდომია. როგორც ჩანს, ისინიც არ იხდიან გადასახადს, გამოსარკვევი ზუსტად ეგ არის, როგორ ახერხებენ ამას", - ამბობს მამა სერაფიმე.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის მიერ წარმოებული ღვთისმსახურების პროდუქციის შემოტანა გადასახადებისგან გათავისუფლებულია. ხოლო საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულების მქონე პროდუქციის რეალიზაციით მიღებული მოგება არ იბეგრება. ეს საკონსტიტუციო გარანტიები კი საკმარისი ხდება იმისთვის, რომ სახელმწიფომ საერთოდ უარი თქვას ყველა ტიპის საეკლესიო მაღაზიის შემოწმებაზე, იმის მიუხედავად, უშუალოდ საპატრიარქოს ექვემდებარება ეს მაღაზია, მხოლოდ მისი კონტრაქტორია, თუ სრულიად დამოუკიდებლადაა გახსნილი. მამა სერაფიმე ამბობს: "საგადასახადო ასეთ მაღაზიებში არ შედის. სახელმწიფო სადაც ხედავს, რომ საეკლესიო ნივთები იყიდება, იქაურობას არ ეკარება". საგადასახადო სისტემა საეკლესიო მაღაზიების მიმართ, ერთი შეხედვით, კანონიერი მოტივითაა "გულგრილი" - მათზე პასუხისმგებელი მხოლოდ საპატრიარქო უნდა იყოს. თავის მხრივ კი, საპატრიარქოს არანაირი მექანიზმი არ გააჩნია, კერძო პირების მიერ გახსნილი საეკლესიო მაღაზიები აკონტროლოს.

საპატრიარქოს კონტრაქტორი მაღაზიები, მაგალითად "წმინდა კუთხე", "მართლმადიდებელი", "მადლი" და ა.შ. - უშუალოდ სასულიერო პირების ან მრევლის მიერაა გახსნილი. მამა სერაფიმე ჭედია ამბობს, რომ კონტრაქტორი მაღაზიების არსებობას საპატრიარქო იმიტომ უწყობს ხელს, რომ ხალხი დასაქმდეს, თორემ მათგან შემოსავალი "მცირედია". "ზოგ მფლობელს მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავს და ხელს ვუწყობთ, რომ მაღაზია გახსნას, ტვირთის განბაჟებისას სპეციალურ წერილსაც ვატანთ, რომ კონკორდატით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლონ". მაღაზიების შემოსავლებს, საგადასახადო უწყების გარდა, ვერც საპატრიარქო აღრიცხავს, იმის გამო, რომ საეკლესიო მაღაზიების უმეტესობაში სალარო აპარატი არ დგას. კანონით საგადასახადო შეღავათები არავის ათავისუფლებს სალარო აპარატით ქვითრის ამობეჭდვის ვალდებულებისგან. საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ვინც მომხმარებელთან ნაღდი ფულით ახორციელებს ანგარიშვალდებულებას, მოვალეა, ქვითარი გასცეს.

საპატრიარქოს მაღაზიებში გასაყიდად შეტანილი ნივთებისა და წიგნების შინაარსი ხშირად თვითონ მართლმადიდებლურ მრევლში იწვევს დაპირისპირებას. მაგალითად, კარლო ბუაჩიძის წიგნის "მცენარეთა დაცვის ხალხური საშუალებების" გაყიდვა საპატრიარქოს მაღაზიაში დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებლური მრევლის კავშირმა გააპროტესტა. მათ ვებგვერდზე www.religia.ge გამოქვეყნებულია მიმართვა: "რა უნდა შელოცვების წიგნს საპატრიარქოს მაღაზიაში?!" წიგნს მითითებული აქვს, რომ იგი კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითაა გამოცემული. "სრულიად გაუგებარია, თუ როგორ მოხდა, რომ საპატრიარქოს გამომცემლების და ეკლესიის მწყემსის კურთხევითა და ხელშეწყობით დაიბეჭდა და გავრცელდა მაგიური შელოცვები, წყევლა-კრულვა, რომელსაც რაც არ უნდა დაარქვა - ხალხური სიტყვიერება, ფოლკლორი თუ მავნებლების შელოცვა - მაინც ბოროტი ძალის გამოვლინებად და მის იარაღად რჩება. არც ერთი სიტყვა არ არის თქმული იმის შესახებ, რომ ქრისტიანებისთვის დაუშვებელია შელოცვების წარმოთქმა და წარმართულ რიტუალში მონაწილეობა".

წერილის ავტორი მიუთითებს, რომ ამის შესახებ არაერთხელ ამცნეს საპატრიარქოს პრესცენტრს, და ასევე პატრიარქის მდივანს მამა ზაქარია მაჩიტაძეს, მაგრამ წიგნი მაინც იყიდება.

"არც ეს წიგნია გამოცემული საპატრიარქოს ლიცენზიით. ასე რომ იყოს, მას სპეციალური ნიშანი ექნებოდა ყდის შიდა მხარეს. საპატრიარქოში არსებობს სპეციალური საბჭო, მეუფე გრიგოლის ხელმძღვანელობით, რომელიც, მომართვის შემთხვევაში, ეცნობა გამოსაცემ ლიტერატურას და აძლევს ან არ აძლევს მას ლიცენზიას. თქვენ მიერ ჩამოთვლილი წიგნები კერძო ინიციატივითაა გამოცემული და არც ის მაღაზია გვეკუთვნის ჩვენ, სადაც ეს წიგნი იყიდებოდა", - განმარტავს მამა სერაფიმე.

ნათიას ამბავი კი ასე გრძელდება: "ჩვენთან სკოლაში ყველას გახვრეტილი აქვს ყურები, უკეთიათ საყურეები, მითხრეს, რომ ძალიან მომიხდებოდა სამაჯურები, მძივები და საყურეები..... "საწყალი ბავშვი, - გაიფიქრა დედამ, - აი, მორიგი ცდუნება".

ოქროთი მოვარაყებული ვერცხლის ბეჭედი, ზურმუხტის თვლებით და ნახევრადძვირფასი ქვებით მოოჭვილი სამაჯურები, მომინანქრებული საყურეები, Cristocraft-ის თვალისმომჭრელი საათები, ბალერინების და ყვავილების ფიგურები სვაროვსკის თვლებით, - მაღაზია "წმინდა კუთხე" და "მადლი" ნათიას მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

ცდუნება ჩემთვისაც ძალიან დიდია, თუმცა ლესელიძის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე საეკლესიო მაღაზიაში ვყიდულობ მხოლოდ ხატს - 4 ლარად, წიგნს - 2 ლარად, და გასაღების საკიდს - 4 ლარად. არც ერთ ნივთში გადახდილი თანხის სანაცვლოდ ქვითარს არ მაძლევენ.

"ლიბერალი", მარტი, 2010

6/9/10

ორმაგი არჩევანი

მიკერძოებული მედიის პირობებში ტელეარხის არჩევანს უმეტესწილად პოლიტიკური შეხედულება განსაზღვრავს და არა ახალი ამბების ხარისხი.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მედიასაშუალებებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, ქცევის კოდექსს და იმ პირობას მოაწერეს ხელი, რომ სამართლიანები და ობიექტურები იქნებოდნენ არჩევნების გაშუქებისას. ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლებისგან დაბალანსებული გაშუქებისთვის შექება მხოლოდ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დაიმსახურა.

წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფალი ინტერპრეტაციით გაშუქება მოგვიანებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიამაც აღნიშნა. „მედია გარემო არაერთგვაროვანი და მრავალმხირვია, მაგრამ ხშირად მედიაკომპანიები განიცდიან მფლობელების გავლენას. გამჭვირვალობა მედიამფლობელობის საკითხში უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მთლიანობაში სრულად დაბალანსებული სურათი შესთავაზა მაყურებელს, ყველა სხვა ტელეკომპანიის გაშუქება რამდენადმე დაუბალასებელი იყო“ - აღნიშნული იყო დასკვნაში. ბუნებრივია, ეს შეფასებაც მხოლოდ „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა.

არჩევნების დღეს კერძო ტელეკომპანიებმა ერთმანეთისგან განსხვავებული სურათი შემოგვთავაზეს. „კავკასია“ და „მაესტრო“ ძირითად აქცენტებს საარჩევნო პროცესის დარღვევებზე აკეთებდნენ. „იმედსა“ და “რუსთავი 2-ზე“ კი განწყობა ბევრად საზეიმო იყო. სენსორულ ეკრანზე არჩევნების მიმდინარე შედეგების ჩვენება, ბათუმის ახლადგახსნილი სტუდია, პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა რეგიონებიდან - ტექნიკურად „რუსთავი 2“-ის მიერ არჩევნების დღის გაშუქება ყველაზე ეფექტური იყო, თუმცა დარღვევებზე მინიმალური აქცენტით. დარღვევების, შეფასებების და შედეგების შესახებ ახალი ამბები ყველაზე დაბალანსებულად და პროპორციულად „მოამბემ“ წარმოაჩინა.

„რუსთავი 2“-სა და „იმედის“ მიერ „ედისონ რისერჩისთვის“ დაკვეთილი ეგზიტპოლის გამოცხადებას, ნაციონალური მოძრაობის შტაბში გამარჯვების აღნიშვნა მოჰყვა. თუმცა მაუწყებლები არ უსვამდნენ ხაზს ისეთ მნიშვნელოვან მონაცემს, როგორიცაა უარი პასუხზე. სახელისუფლო გუნდის კიდევ ერთი გამარჯვების აღნიშვნისას, პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური პარტიების „მოწიფულობას“ გასუვა ხაზი და მადლობა მრავალეთნიკურ საზოგადოებას გადაუხადა. პირდაპირი წესით არჩეულმა პირველმა მერმა კი თანაპარტიელების წინაშე გამოვლისას აღნიშნა, რომ „30 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეის გამარჯვებაა“. მეორე დღეს „მაესტროს“ სიუჟეტში განმარტებული იყო, რომ გამარჯვების აღნიშვნას მხოლოდ პარტიის ოპერატორები იღებდნენ და ჟურნალისტებს დარბაზში შესვლის უფლება არ დართეს. შესაბამისად ვერავინ დასვამდა ბუნებრივად გაჩენილ შეკითხვას, როგორ გამოდგება თანამშრომლობის საფუძვლად კონკურენტი კანდიდატების ის პროგრამული ასპექტები, რომელთაც არჩევნებმადე აბსურდულს უწოდებდნენ და პრეზინდეტის განმარტებით, მათ შესრულებას იაპონიის ბიუჯეტიც არ ეყოფოდა.

ალასანიას ჯანდაცვის, თოფაძის საწარმოების ამუშავების, ჭანტურიას კომუნალური გადასახადების პროგრამა - უგულავამ გამოსვლაში ოპონენტებთან საუბრის სურვილი სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვა. გიორგი თარგამაძემ ქალაქის ახლადარჩეული მერის ინიციატივა „გამარჯვებული ადამიანის სულგრძელობის დემონსტრირებად“ შეაფასა, გოგი თოფაძემ კი „წინასაარჩევნო კამპანიის გაგრძელებად“.

არჩევნების დღეს „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ არაერთხელ აღინიშნა, რომ „დარღვევები მხოლოდ ტექნიკური ხასიათის იყო“. პროცედურული დარღვევები კი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ არჩევნების გაყალბების მცდელობად შეაფასა „მაესტროზე“ გასულ სიუჟეტში. საარჩევნო პროცესზე დამკვირვებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცების ბრიფინგები დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზე ვრცლად „კავკასიასა“ და „მაესტროზე“ შუქდებოდა. ნაციონალური მაუწყებლები კი ძირითად აქცენტებს საერთაშორისო დამკვირვებლებზე აკეთებდნენ, რომელთა შეფასებები გაცილებით ზოგადი და თავშეკავებული იყო.

„კავკასიასა“ და „მაესტროზე“ არჩევნების დღის ქრონიკის დიდი წილი დარღვევებს ეხებოდა, რაც ნაკლებად ეთანხმებოდა იმ რეალობას, რომ არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. საარჩევნო უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების გამოჩენას „კავკასიაზე“ საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიეძღვნა. „ვინ იყვნენ ეს შავი ქალები“, იხუმრა გიორგი თოფაძემ, თინა ხიდაშელმა კი „ქალთა ოცეულები, ზონდერები“ უწოდა. გოკა გაბაშვილი განმარტავდა, რომ კოორდინატორები კარდაკარ გამოკითხვით იდენტიფიცირებული ამომრჩევლების მობილიზებას ახდენდენ, რაც ზოგადად გავრცელებული პრაქტიკაა. საარჩევნო უბნებთან მისული ქალბატონები კი ოჯახის წევრების ლოდინს იმიზეზებდნენ, ნაწილი არ მალავდა რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყვნენ და აკვირდებოდნენ, გამოცხადდებოდნენ თუ არა არჩვენებზე მათი მხარდამჭერები.

მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო დღის დასასრული. ნაციონალურმა არხებმა პირდაპირ ეთერში აჩვენეს, როგორ იხურებოდა კონკრეტული საარჩევნო უბანი და ამის მაგალითზე ხმის დათვლის პროცედურები კიდევ ერთხელ განმარტეს. ეს იყო უბნები, სადაც საარჩევნო დღემ ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩაიარა. „კავკასიის“ გადამღები ჯგუფი კი არჩევნების დღეს მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არ დაემთხვა გამოყენებული ბიულეტინების რაოდენობას. გადათვლა დილამდე მიმდინარეობდა კომისიის წევრთა კამათის ფონზე. ვრცელი სიუჟეტი მთაწმნიდის საარჩევნო უბნიდან „კავკასიამ“ მეორე დღეს შესთავაზა მაყურებელს.

„თბილისში არჩევნები შედგა, მე პატივს ვცემ ყველა მოქალაქის თავისუფალ არჩევანს, რომელმაც ხმა ჩემს კონკურენტს მისცა“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ არჩევნების მეორე დღეს. გია ჭანტურიამაც მიულოცა გამარჯვება ქალაქის მერს. დამარცხებული კანდიდატების მიერ უგულავას გამარჯვების აღიარება და ამომრჩევლებისთვის მადლობის გადახდა წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა. „ბევრად უფრო კონკრეტული საუბარი, ბევრად უფრო საგნობრივი, ნაკლები ლანძღვა, მათ შორის პრეზიდენტისაც, ლამის მიტოვებულად ვიგრძენი თავი“ - პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია დადებითად შეაფასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობით კმაყოფილებაც გამოხატა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი ძირითად ხარვეზად ხმების დათვლის პროცესი, ადმინისტრაციულ რესურსზე არათანაბარ ხელიმისაწვდომობა, საჯარო პირების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა და ზოგადად საარჩევნო კანონმდებლობა მიიჩნიეს.

საჩივრების განხილვისთვის თვალის მიდევნებას არჩევნების შემოდგომ კვირაში „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შეეცედა. „მოამბე“ იმ სამომავლო რეკომენდაციებსაც განიხილავდა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავიანთ ანგარიშებში ჩადეს. არჩვენების სამართლიანად და ობიექტურად გაშუქება ამომრჩევლისთვის საჩივრების განხილვის თანმიმდევრულ ინფორმირებასაც გულისხმობს. „მაესტრო“ და „კავკასია“ არჩევნების მომდევნო დღეებშიც უთმობდა ეთერს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საარჩევნო დარღვევების სხვადასხვა ფაქტებს აცნობდნენ მედიას: ბიულეტენების დაგვიანებით მიტანა, საარჩვენო ატრიბუტიკის დაზიანება, გადასატანი ყუთებით არჩევნების გაყალბების მცდელობა, მარკირების პრობლემა, არასრულწლოვანთა არჩევნებში მონაწილეობა, ხმის დათვლის პროცესში მათი წარმომადგენლების დასწრების აკრძალვა.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ექსპერტები, რომელთაც წინასაარჩევნო კაპმანიის დროს ნაკლებად ეკითხებოდნენ აზრს მაუწყებლები კანდიდატთა პროგრამებზე და სტრატეგიულ ნაბიჯებზე, არჩვენების დღის მიმდინარეობის და შედეგების შესაფასებლად კვლავ გაიხსენეს. „შეიძლება რამე ამბიციები გაუჩნდეს უგულავას? - დაეკითხა რამაზ საყვარელიძეს „მაესტროს“ ჟურნალისტი. „ამბიციები საერთოდ რატომ არ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს“ -იყო ექსპერტის პასუხი. თემა გიგი უგულავას მეტი პოლიტიკური ამბიციის შესაძლებლობა იყო.

პრეზიდენტის განცხადებით, მინიმუმ ორი წელი არჩევნები აღარ იქნება, ორი რამ არჩევნების მეორე დღესვე შეცვალა: ძიძიგურის ლოზუნგი „ბრძოლა გრძელდება“, ნაცვლად „ბრძოლა დღესვე“ და ნაციონალური მოძრაობის ბილბორდებზე წარწერა „მადლობა თბილისელებს მხარდაჭერისთვის“, ნაცვლად „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. ცვლილებებს კი სულ სხვა პოლიტიკური გუნდი პირდებოდა ამომრჩეველს.

"ლიბერალი" #34, 7-13 ივნისი, 2010

6/4/10

ფინიშთან

წინასაარჩევნო პერიოდში ტელემაუწყებლები მეტ ანგარიშვალდებულებას პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ავლენდნენ და არა _ ამომრჩევლებისადმი.

„მე არ ვიცნობ საარჩევნო კამპანიას ბევრგან მსოფლოში, სადაც ყველა პარტიას ამდენი საათი შეუძლია ყველა არხზე ილაპარაკოს“, _ მედიის „წარმოუდგენელ ხელმისაწვდომობას“ გაუსვა ხაზი პრეზიდენტმა უმრავლესობასთან შეხვედრისას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

„რა ღირს სიშიშვლე ჰოლივუდსა და საქართველოში, რის სანაცვლოდ შიშვლდებიან ვარსკვლავები კინოკამერების წინ“, „ვინ არის 23 წლის ქეთი ფარცვანია, შიშველი სილამაზე „ქრონიკის“ ობიექტივში“, „ჩინური ინიციალები, ვინ და რატომ იკეთებს სვირინგს, ნახეთ თბილისური ტატუ“, _ საღამოს „ქრონიკის“ ანონსებში ბოლო კვირის განმავლობაშიც ვერ მოხვდა საარჩევნო საკითხები, თუმცა გამოშვებაში ნახავდით, როგორ დაუშინეს კვერცხები კობა დავითაშვილს, როგორ უწოდა მსმენელმა ზვიად ძიძიგურს რადიოში მოღალატე, როგორ ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და რას იწერება სანკტ-პეტერბურგიდან ალიკ ბაზარი (ალექსანდრე ებრალიძე); როგორ უჩივის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „თავისუფლების“ მაჟორიტარ კანდიდატს ლადო სადღობელაშვილს ძალადობრივი მოწოდებებისთვის და ა.შ.

26 მაისის სამზადისი და დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვა ბოლო წინასაარჩევნო კვირის მთავარი მოვლენა იყო. თემას ნაციონალურ მაუწყებლებზე 40-45 წუთი დაეთმო. ეს დღე იზეიმა ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, თუმცა ცალ-ცალკე. „ეს ხმა იარაღის ჟღარუნი კი არ არის, ჩემო მეგობროებო, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმა“, _ მიმართა ქვეყნის მთავარსარდალმა აღლუმის მონაწილეებსა და სტუმრებს რუსთაველის გამზირზე. „დღევანდელი დღე არის პოლიტიკის მიღმა, დღეს ყველა ვზეიმობთ“, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ. „აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს ბიჭებთან ერთად, ჩემს ბიჭებს სააკაშვილზე ნაკლებად არ უყვართ მანქანებით სეირნობა და ეხლა უნდა ვასეირნო“, _ ასე აღნიშნა დღესასწაული ზვიად ძიძიგურმა გამარჯვების პარკში.

ევროპის მოედანზე ყვავილების საათის ასამუშავებლად, მანამდე კი საბურთალოს ესტაკადის გახსნაზე გიგი უგულავა პრეზიდენტთან ერთად კიდევ ერთხელ გამოჩნდა. „პროექტი გადასარევია და მალადეც, ვინც ეს მოიგონა“, _ აღნიშნავდა კმაყოფილი მძღოლი და ახალი ამბის მთავარი არსიც სწორედ ეს იყო.

„კურიერმა“ წინასაარჩევნო პერიოდში თვითმმართველ ქალაქებზე მომზადებული სიუჟეტების სერია ქუთაისით დაასრულა: კონტროლის პალატის და საგზაო დეპარტამენტის ახალი შენობების გახსნა, ბაგრატის ტაძრის მონახულება და იქვე სახელდახელოდ პრეზიდენტის მხრიდან ხალხის აზრის მოსმენა რესტავრაციის მიზანშეწონილოებაზე, პრეზიდენტის მიერ ყუმისთავის მღვიმესთვის პრომეთეს სახელის მინიჭება. „დამკვრელური ტემპით ყველაფერი გამოვიდა აქ, ნაჩქარევად და ფურთხით არაფერია გაკეთებული“, _ აღნიშნა პრეზიდენტმა აღმშენებლობაზე აქცენტით მომზადებულ ახალ ამბავში. თვიმმართველ ქალაქებზე „კურიერის“ სიუჟეტებში მთავარი ღერძი მხოლოდ სამთავრობო გუნდის წარმატება იყო და არა ის პრობლემები, რაც რეალურად ამ ქალაქების და მათი მკვიდრების წინაშე დგას.

„მოამბის“ მიერ მომზადებული სიუჟეტების მიხედვით კი, თვითმმართველი ქალაქების (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) ძირითად პრობლემას ნაკლები ავტონომიურობა წარმოადგენდა. „თვითმმართველი რას ნიშნავს, რომ თვითონ ქალაქის მოსახლეობამ უნდა მართოს“, „აქ ფოთელები არაფერს წყვეტენ, ეს არ არის თვითმმართველი ქალაქი“, _ აცხადებდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობების შეზღუდულ უფლებებზე, პრიორიტეტების დამოუკიდებლად განსაზღვრაზე და ბიუჯეტის განკარგვის საკითხებზე საუბრობდნენ. თუმცა ქალაქის მცხოვრებთა ხმები არც ამ სიუჟტებში ისმოდა.

28 მაისს „იმედმა“ ვრცელი მასალა უძღვნა პრეზიდენტის მიერ ქუთაისში სტადიონის გახსნას. „მე მოგიწოდებთ 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭიროთ აღმშენებლობის, კორუფციასთან ბრძოლის და საქართველოს გაერთიანების ნაციონალური მოძრაობის კურსს“, _ მიმართა შეკრებილ ქუთაისელებს სააკაშვილმა, როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და მოქალაქემ. ბოლო კვირის განმავლობაში პრეზიდენტის განსაკუთრებულმა აქტიურობამ მისცა ტონი საარჩევნო საკითხებს და, რა თქმა უნდა _ მმართველი გუნდის კანდიდატების სასარგებლოდ.

რა უჯდება ქვეყანას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა ბედი ეწევა სააკაშვილს ახალ საკონსტიტუციო სივრცეში, იყო თუ არა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ჩართული იარაღის შეძენის კორუფციულ სქემაში _ ამაზე უკვე განახლებული „მაესტრო“ საუბრობდა. კვირის ბოლოს კი მთავარი თემა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები და მასზე ოპოზიციური კანდიდატების კომენტარები იყო. „ჩემი ამბიციაა, ქვეყანაში დავრუნდე და ეგ რეჟიმი დამთავრდეს“, _ განაცხადა ოქრუაშვილმა პარიზიდან და მისაღწევად კოალიციის შექმნაზეც ისაუბრა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო სიუჟეტი იყო „მაესტროს“ მიერ მომზადებული მასალა გია ჭანტურიას გაზის ტარიფის შესახებ. კანდიდატის დაპირება შაჰდენიზის კონსორციუმთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებს ეფუძნება. სიუჟეტში გრაფიკულად თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი როგორც ჭანტურიას, ასევე მისი ოპონენტების სქემა, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ 10 -თეთრიანი ტარიფი რეალურად მინიმუმ 30 თეთრია. ეს იყო გამონაკლისი წინასაარჩევნო ახალ ამბებში, როდესაც ჟურნალისტმა სიღრმისეულად განიხილა კანდიდატის დაპირება. თუმცა, რადგან ეს იყო გამონაკლისი და არა რუბრიკა, მაინც ტენდენციურობის ჭრილში ჯდება. ამას ემატება ისიც, რომ სიუჟეტში მხოლოდ მისი ოპონენტი ექსპერტების მოსაზრებები იყო წარმოდგენილი.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლო კვირის რუბრიკაში სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის პროგრამულ დაპირებებს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. რამდენადაა ასახული მოსახლეობის მოთხოვნები პროგრამებში და რამდენად რეალისტურია ისინი , _ ასე წარადგენდნენ წამყვანები კანდიდატების პროგრამების შესახებ მომზადებულ შემაჯამებელ სიუჟეტებს. თუმცა, ეს იყო პროგრამების კიდევ ერთხელ ზედაპირული წარდგენა, დაპირებების ყოველგვარი ღრმად განხილვის გარეშე.
რაც შეეხება „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ დებატებს, სადაც სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა („ეროვნული საბჭო“ „თორთლაძე-დემოკრატები“, „ალიანსი“, „თოფაძე-მრეწველები“ და ბოლოს „ნაციონალური მოძრაობა“) საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამები წარადგინეს, მაუწყებლებმა ჯეროვნად არ გააშუქეს და შეხვედრები ძირითადად წინასაარჩევნო ქრონიკაში მოათავსეს. „კავკასიამ“ კი განსაკუთრებულად „ალიანსის“ პროგრამის წარდგენა გააშუქა.

არჩევნებამდე ბოლო კვირის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებებში შემცირდა დარღვევების და ზეწოლის ფაქტებზე მომზადებული სიუჟეტები, ხოლო ის ახალი ამბები, რომლებიც კანიდატთა პროგრამებს ეხებოდა, ძირითადად პოლიტიკური სუბიექტებისთვის დროის თანაბრად დათმობის ვალდებულებას ემსახურებოდა.

ამომრჩევლის მხრიდან კი ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიამ მედიისადმი არცთუ დიდი ნდობის ფონზე ჩაიარა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, 35 პროცენტს „მოამბის“ ახალი ამბები მთავრობის ინტერესების გამომხატავი ჰგონია, მოდელირებული “ქრონიკის“ შემდეგ კი „იმედის“ ახალი ამბებისადმი გამოკითხულთა 48 პროცენტის დამოკიდებულება უარყოფითად შეიცვალა. „ბევრად მეტი გვინდოდეს ჩვენ გულში“, _ აღნიშნა ოპოზიციური კანდიდატების პროგრამებზე პრეზიდენტმა. იქნებ იგივე იყო ამომრჩევლის მოთხოვნაც მედიისადმი.

"ლიბერალი", #33, 31 მაისი - 6 ივნისი, 2010

ნინო დანელია, მედიამკვლევარი: „ის, რაც ხვდება მედიის პირველ ბლოკში, განსაზღვრავს საზოგადოების დღის წესრიგს. შეგვიძლია განვაზოგადოთ, პირველ ბლოკში მოხვედრილი ამბები უფრო მნიშვნელოვანია, უფრო მეტად იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას, იწვევს სჯა-ბაასს, კრიტიკას ან პირიქით, დათანხმებას საზოგადოების მხრიდან, ვიდრე მომდევნო ბლოკებში მოხვედრილი ამბები. ის, რაც მოხვდება პირველ ბლოკში, უდაოდ იქნება უფრო მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის“.

ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი: “მთავარია, ჩვენი ეთერი ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი წინასაარჩევნო აქტივობა აჩვენონ და მაყურებლამდე მიიტანონ თავისი სათქმელი. რომელი უფრო თანაბრად გააკეთებს, ეს უკვე მათ მარიფათზე, ტემპერამენტსა და პოლიტიკურ პოზიციაზეა დამოკიდებული. პარტიების მაგივრად შემდეგ ტელევიზიებს მოვთხოვოთ ბალანსი, მთლად გამართლებული არ უნდა იყოს. ბალანსის მექანიკურად დათვლა უბრალოდ არასწორია“.

ხათუნა ბერძენიშვილი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი: „ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამომრჩველს დავეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ვიღებთ ისეთ ხელისუფლებას, რა არჩევანსაც ვაკეთებთ. „მოამბის“ პრიორიტეტული ამოცანაა, ჩამოიშოროს სტატუსი, რომ ის ხელისუფლების რუპორია. ამ სტერეოტიპის ჩამოშორებას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. აქ აქცენტირებულად ხელისუფლება თავის ინტერესს ვერ გაატარებს იმიტომ, რომ „მოამბე“ პირველ რიგში საზოგადოების ინტერესების გამტარებელია“.

თამარ ჩიქოვანი, ჟურნალისტი: „საარჩევნო ახალი ამბების გაშუქებაში არაფერი შეცვლილა. მაუწყებლები მთლიანად იმ დღის წესრიგზე არიან მიბმულები, რომელიც ამათუიმ პოლიტიკოსებმა განსაზღვრეს. ამას მიჰყვება მედია. არ მზადდება სიუჟტები იმის შესახებ, თუ რა დევს სიღრმისეულად პროგრამებში, ან როგორ მოვიდნენ დღემდე ეს პოლიტიკოსები. რატომ უნდა ვენდო, ან არ უნდა ვენდო მათ _ ამის შესახებ უნდა მიამბონ ჟურნალისტებმა“.

ია ანთაძე, ჟურნალისტი: „მოქალაქეებმა თავისი ყოფის შესახებ იციან გაცილებით მეტი რამ, ვიდრე ვიცით ჩვენ, ჟურნალისტებმა. ზოგიერთი ამბავი მოდის ჟურნალისტამდე, მაგრამ ბევრი იკარგება მოქალაქესა და ჟურნალისტს შორის. ამიტომ უნდა შევქმნათ მოქალაქე ჟურნალისტების ინსტიტუტი. ვეცდებით, არჩევნების პერიოდში გამოვიყენოთ ეს ახალი სისტემა. ეს თუ აეწყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში უკვე არსებობს“.

ნინო ჟიჟილაშვილი, ჟურნალისტი: „ჩვენი მისია წინასაარჩევნო პერიოდში ნამდვილად არ არის რეკლამირება. ჩვენი მისიაა საზოგადოების მხარეს ყოფნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში გაჩენილი ყველა კითხვა უნდა დავსვათ ყველა დაპირებასთან, თუ პროგრამაში გაწერილ პუნქტთან დაკავშირებით, რასაც ვერ ვხედავ. კონტექსტს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, რადგან სწორედ კონტექსტის შეფუთვაა პროპაგანდისტული ჩვენს ტელევიზიებში“.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: “საერთოეროვნული მაუწყებლების წინასაარჩევნო ეთერი არსებითად განსხვავდება იმ ტელევიზიებისგან, რომლებიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობენ. ადგილობრივი მედია უფრო მეტად აშუქებს ამბებს ზეწოლის ფაქტებზე, მაგრამ ისინი შემდეგ აღარ ხვდება ეროვნულ მაუწყებლებში. რეგიონულ მედიაზე მოსახლეობის უმეტესობას არ მიუწვდება ხელი და გვრჩება აბსულუტურად სხვა რეალობა. პოლიტიკური რეკლამა რომ არ იყოს, ვერც კი გავიგებდით, ვინ არიან მერობის კანდიდატები თბილისში. ისტორიულ პერსპექტივაში, მხოლოდ მედიის საერთო სურათით, გაგვიჭირდება იმის დანახვა, როგორ იყო 2010 წლის არჩევნები“.

P.S.აუდიოინტერვიუების სრულად მოსმენა შეგიძლიათ ”ლიბერალის” ვებგვერდზე www.liberali.ge

5/28/10

გამოტოვებული საკითხები

„დაბალანსებული, გაწონასწორებული და ეფექტიანი“, _ ასე დაახასიათა მოკლედ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა მისივე თანამონაწილეობით შექმნილი ახალი კონსტიტუციის სამუშაო ვერსია. წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე, ეს საკითხი მაუწყებლებმა ჯეროვნად არ გააშუქეს, თუ არ ჩავთვლით „მაესტროს“ მცდელობას, წინ წამოეწია საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი. თუმცა ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ჭრილშია მნიშვნელოვანი, მაუწყებლების ყურადღების მიღმა დარჩა.

კონსტიტუციის რეფორმის შესახებ „ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის“(NIMD) კვლევის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების დეცენტრალიზაციას უჭერს მხარს, როდესაც, რეალურად, მუნიციპალიტეტებს და საკრებულოებს შეზღუდული უფლებამოსილება აქვთ. გამოკითხულთა 68 პროცენტი მხარს ძლიერ ადგილობრივ ხელისუფლებას უჭერს, ხოლო ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების მომხრე 24 პროცენტია.

დეცენრალიზაციის მხარდაჭერა განსაკუთრებით აშკარაა ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობებზე საუბრისას. 10-დან 6 ადამიანი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს პასუხისმგებელი ისეთი საკითხებზე, როგორიცაა გზების მშენებლობა და შეკეთება რაიონებში, უბნისა და ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელების დანიშვნა. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთობლივი გადაწყვეტლების მიღებას კი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით უჭერენ მხარს, როგორიცაა ძირითადი გზატკეცილების მშენებლობა, გადასახადების დაწესება, მიწის გამოყენებაზე წესების შემოღება და სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია.

დედაქალაქის გარეთ მცხოვრებნი ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიას მეტად უჭერენ მხარს. „ეს შესაძლოა პროვინციის მოსახლეობის შეზღუდულ უფლებებზე მიუთითებდეს. მონაცემებზე დაყრდნობით, ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდა, როგორც საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი, დიდად იქნება მხარდაჭერილი საზოგადოების მიერ“, _ აღნიშნულია კვლევის ანგარიშში. ზოგადად, თვითმმართველობათა უფლებამოსილების საკითხის გაშლა ერთ-ერთი საინტერესო მხარე იქნებოდა იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად განხორციელებადია კანდიდატთა დაპირებები.

საყურადღებო ტენდენციაა ისიც, რომ რეგიონების თვითმმართველობის არჩევნები მედიის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, ძირითად ყურადღება თბილისის მერის არჩევნებს ექცევა. რეგიონში მიმდინარე პროცესებს ნაციონალური მაუწყებლებიდან თვალ-ყურს „მოამბე“ ადევნებს, ძირითადად დარღვევების მონიტორინგის კუთხით. „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ კი საარჩევნო თემატიკა უმეტესწილად საინფორმაციო გამოშვებების მეორე ბლოკებშია გადაწეული და საარჩევნო ქრონიკით შემოიფარგლება. შესაბამისად, არც დარღვევების შესახებ გვხვდება სიუჟეტები. ამ ორი ტელეკომპანიის აქტივობა წინასაარჩევნო პერიოდში სხვა მიმართულებთ გამოიხატა. ეს არის დაგეგმილი ეგზიტპოლი და ფრანგული კვლევითი კომპანია CSA-თვის დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელმაც მმართველი პარტიის და მისი კანდიდატის უპირატესობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

რეგიონების გაშუქების თვალსაზრისით, საინტერესო იყო „მოამბეს“ მიერ მოზადებული სიუჟეტი, თუ რა ვითარებაა წინასაარჩევნოდ აზერბაიჯანელებით დასახლებულ მარნეულში. „7-შია თუ 30-ში“, „პრეზიდენტს ირჩევენ თუ გიგი უგულავას“, _ ეს ინფორმირებულობის ყველაზე მაღალი დონე იყო, მოსახლეობის უმეტესობას კი წარმოდგენა არ აქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება.

მომდევნო სიუჟეტი ახალქალაქს შეეხებოდა, სადაც ძირითად მოსახლეობას სომხები შეადგენენ. „ახალქალაქის მოსახლეობას არჩევნების მოახლოებას ნაციონალების პლაკატები ახსენებს“, _ ასე იწყებოდა სიუჟეტი და იქვე იყო მითითებული, რომ მომავალი კვირიდან რეგიონში ქრისტიან-დმოკრატიული მოძრაობაც გააქტიურდება. „მარნეულის, ახალციხის და ბოლნისის შედეგებით ვერ გაგვიყალბებენ არჩევნებს, თბილისი არ ყალბდება“, _ აცხადებს ზვიად ძიძიგური. ოპოზიციურ პარტიათა ნაკლებაქტიურობა რეგიონებზე მომზადებულ ყველა სიუჟეტში ხაზგასმულია, თავად კანდიდატები კი ამის მიზეზად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელის შეშლას ასახელებენ.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთ-ერთი პოპულარული თემაა წინასაარჩვენოდ მაუწყებლებისთვის („კავკასია“, „მაესტრო“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“). „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი იყო პოლიტიკური პარტიებიდან, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ მემორანდუმს შეუერთდა, თუმცა ყველაზე მეტი ბრალდება მედიაში სწორედ მათ მიმართ ისმის. „რა ვქნათ, შევწყვიტოთ პენსიების გაცემა, რახან წინასაარჩევნო პერიოდია“? _ ასე უპასუხა გიგი უგულავამ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. „ძნელია, გაავლო ზღვარი სახელმწიფოს ფუნქციონირებას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას შორის“, _ განმარტავდა უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი. ამ ორი საკითხის გამიჯვნას კი მედიისთვის ისიც ართულებს, რომ ქალაქის მერი ამავე დროს მერობის კანდიდატია.

„ამას არ სჭირდება ოპოზიციის ხელმოწერები, ამას ხელისუფლების ნება სჭირდება“, _ აცხადებდა გიორგი თარგამაძე მემორანდუმის თაობაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი განმარტავდა, რომ „მმართველი პარტიის მხრიდან მემორანდუმთან მიერთება მნიშველოვანია, რადგანაც მას ყველაზე მეტად მიუწვდება ხელი რესურსზე“.

სამსახურებრივი მანქანების და კორპორატიული სატელეფონო ნომრების გამოყენება _ ყველაზე მსუბუქია იმ დარღვევათა შორის, რაც მედიაში ხვდება, ოპოზიციური კანდიდატების დაშინება და დაშანტაჟება კი _ ყველაზე მძიმე. „კავკასიასა“ და „მაესტროზე“ უმეტესად ბრალდებები მოპასუხე მხარის კომენტარის გარეშეა წარმოჩენილი, ამ საკითხებისადმი მიძღვნილი ახალი ამბების სცენარი „მოამბის“ სიუჟეტებში კი ხშირად ერთმანეთის იდენტურია: ჟურნალისტი რეგიონებში იმ ამბების კვალდაკვალ მიდის, რაზეც ოპოზიციური პარტიები ან არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ. სიუჟეტში არ ჩანს არც დამშინებელი და არც დაშინებული. მათი ჩაწერა, ვინც ამ ზეწოლის მსხვერპლია, ვერ ხერხდება, მიზეზი მარტივია და დამაჯერებელი - „არ სურთ კამერის წინ გამოჩენა“. სიუჟეტის წყარო ამბის გამგონე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, ბოლო სიტყვა კი ისევ მმართველი პარტიის წარმომაგენელს ეკუთვნის (რომელიც თავად არ არის შანტაჟის მონაწილე), რომ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა. სატელევიზიო ახალი ამბის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთი პრობლემები მედიას ურთულებს ამ ტიპის ამბების დამაჯერებლად წარმოჩენას.

თუმცა, არის კიდევ უფრო მსხვილი დარღვევები, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ და ამის ამსახველი ვიდეომასალებიც არსებობს, მაგრამ ისინი ნაციონალური არხების საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში არ ხვდება. არჩევნების მედიაცენტრი („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“) 3 მაისს მესტიაში მომხდარ ფაქტზე მიუთითებს, როდესაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ, სამხარეო პოლიციის უფროსმა თენგიზ გუნავამ (რომელიც კადრში ჩანს) და ძალოვანი უწყებების სხვა თანამშრომლებმა ოპოზიციურ კანდიდატებს იძულებით მოაწერინეს ხელი განცხადებაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე წარუდგინეს, მასალა სრულად „მაესტრომ“ აჩვენა, რომელსაც ახლდა დაზარალებული ლერი ნაკანის (პარტია „თავისუფლება“) კომენტარიც და ზაზა გოროზიას სატელეფონო უარყოფაც: „არც ერთი სამხედრო იქ არ ყოფილა, სპეცდანიშნულების ჯგუფი ყოველთვის არის მესტიაში“. იქვე პროვოკაცია უწოდა ამ ფაქტს და განმარტა, რომ მესტიაში რამდენიმედღიანი უშუქობის პრობლემის გამო იყო ასული და სპეცდანიშნულების რაზმიც ამიტომ პატრულირებდა. „მოამბეში“ კი აღნიშნული იყო, რომ არჩევნების მედიაცენტრმა პრესკონფერენცია გამართა და სვანეთში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა, რომლის ფრაგმენტიც კადრში პრესკონფერენციის ფონად ჩანდა.

ნაციონალური არხების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა ასევე „ეროვნული საბჭოსა“ და „ეროვნული ფორუმის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილი სარჩელის განხილვა. დიდუბის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ კომისიის წევრების კონცერტზე და შემდეგ რესტორანში დაპატიჟების ამსახველი ვიდეომასალა „მაესტრომ“ და „კავკასიამ“ აჩვენა. „ეს იყო ჩვეულებრივი ქართული ქეიფი, რაც კანონდარღვევა არ არის, ასე მთელი საქართველო დასაჭერი იქნებოდა“, _ განმარტა გიორგი ბარამიძემ, რომელიც თავად ესწრებოდა „ჩვეულებრივ ქართულ ქეიფს“. სარჩელი არც ცესკო-მ დააკმაყოფილა.

ზედაპირულად იყო გაშუქებული საარჩევნო სიების საკითხიც. საარჩევნო სიების გადამოწმება პოლიტიკური პარტიების მხრიდან, აღმოჩენილი ხარვეზების რაოდენობრივი მონაცემები, რეესტრის მხრიდან ჩასწორებები, ამაში დახარჯული თანხა და ბოლოს ცესკო-ს ინიციატივა რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლებისთვის დამატებითი უბნების შექმნაზე _ ამ ყველაფერმა ბოლოს სამივე ნაციონალური მაუწყებელი მხოლოდ ერთ ამომრჩევლამდე, საფეხბურთო მწვრთნელ რევაზ ძოძუაშვილამდე მიიყვანა, მაშინ როცა ასეთი ამომრჩეველი ათასობითაა ქალაქში.

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კანდიდატები არათანაბარ მედიაზე საუბრობენ. „მომეცით ისეთი მედია, როგორიც ნაციონალურ მოძრობას აქვს და მეც ვაწარმოებ ასეთ კამპანიას“, _ პირველი სამდურავი ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ გამოთქვა, თუმცა ეს პოლიტიკური პარტია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებული პარტიაა ახალ ამბებში. ზვიად ძიძიგურმაც „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ მისამართით უკმაყოფილება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას გაანდო. თინა ხიდაშელი კი აღნიშნავდა, რომ „ქართული ტელესივრცე მათ აქტივობებს საკამარისად არ ასახავს. ნაციონალური არხები მოდიან, იწერენ, არქივებს აკეთებენ და აღარ უშვებენ. ვიღაცას ეგონება, რომ ვპასიურობთ“. სამაგიეროდ „ალიანსის“ აქტივობებს უხვად აშუქებს „კავკასიაცა“ და „მაესტროც“.

„მოამბეში“ გასულ სიუჟეტში სხვა ოპოზიციური კანდიდატებიცა და პარტიებიც არათანაბარ მედიაგაშუქებაზე მიუთითებდნენ, ტელეჟურნალისტები კი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე თბილისის მერიის მიერ მხარდაჭერილ „მასმოდა-2010“-ში იღებენ მონაწილეობას. მათ შორის ის ჟურნალისტებიც, რომლებიც თავად აშუქებენ თვითმმართველობის არჩევნებს. „იშვიათ შემთხვევებში, მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შეიძლება ჟურნალისტმა მიიღოს გარკვეული შეღავათი _ მაგალითად, ფასდაკლება თვითმფრინავის ბილეთზე, უფასო ბილეთი წარმოდგენაზე, უფასო ტრანსპორტირება და სასტუმრო, და ა.შ. ასეთმა მიდგომამ არ უნდა იმოქმედოს საკითხის ობიექტურად გაშუქებაზე (22.8) _ აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში. „მოამბის“ ჟურნალისტს კი მერიისგან პრიზად სასტუმრო „რედისონში“ ორი ღამის გათევა ერგო. კოდექსში „სამსახურებრივი მოვალეობის“ ნაცვლად, „ცოლ-ქმრული მოვალეობა“ რომ ეწეროს, საკამათოც არაფერი იქნებოდა.

"ლიბერალი", #32, 24-30 მაისი, 2010

5/24/10

როგორ ირჩევ მერს

ამომრჩეველთა აქტივობას 30 მაისს დიდწილად ისიც განსაზღვრავს, თუ როგორ გააშუქებს მედია ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდს.

„რად მინდა მე პირადი სიმპატია, მე ის მინდა, ვინც კარგს გააკეთებს ხალხისთვის“, - ასაკოვანი ქალბატონი თავისი არჩევნის საფუძველს უხსნის „მოამბის“ ჟურნალისტს. ყველა ასე არ ფიქრობს: „დაპირებების არ მჯერა, მთავარია როგორი ცხოვრება განვლო“, „პიროვნებას მივანიჭებდი უპრატესობას, პირველ რიგში ქალაქელი უნდა იყოს“, „მთავარია წინასაარჩევნო პროგრამა, ამის მიხედვით გავაკეთებ არჩევანს“. სიუჟეტში პოლიტიკოსებიც აღნიშნავდნენ, რომ ამომრჩეველი გაიზარდა და მათ მოუწევთ როგორც დახვეწილი პროგრამის წარდგენა, ისე პირადი სიმპატიის მოპოვება.

მეორე საკითხია როგორ გააშუქებს მედია წინასაარჩევნო კამპანიას, რაზე გააკეთებს მეტ აქცენტს - სტრატეგიაზე, პროგრამებზე, პიროვნებაზე თუ წინასაარჩევნო ქრონიკით შემოიფარგლება. ეს არის არჩევნების გაშუქების 4 ყველაზე გავრცელებული ჩარჩო, რომელთა პროპორცია, მედიამკვლევრების აზრით, დიდწილად განსაზღვრავს საბოლოოდ ამომრჩეველთა აქტივობას არჩევნების დღეს. სტრატეგიული ჩარჩო საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე ფოკუსით ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველთა პასიურობას განაპირობებს.

გასულ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი NDI-ის კვლევის შედეგების გამოქვეყნება იყო. მედიამ განსაკუთრებული აქცენტი რამდენიმე მონაცემზე გააკეთა: 53 % -ის აზრით ქვეყანა სწორი გზით ვითარდება, 57 % გიგი უგულავას უჭერს მხარს, გიგი უგულავას რეიტინგი მეტია ვიდრე სააკშვილის, ორივეს კი პატრიარქი უსწრებს. მედიის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა წინასაარჩევნოდ ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი მონაცემი - „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“. ასევე, არ იყო წარმოჩენილი იმის ამსახველი მონაცემები, რამდენად ენდობა „იმედის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალ ამბებს მაყურებელი.

არის თუ არა თბილისის მერის არჩევნები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების განმსაზღვრელი და ეყოლებოდა თუ არა ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ამ ბრძოლაში - ამ ფონმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების იმთავითვე სტრატეგიაზე აქცენტირება განაპირობა. ამ ტიპის ჩარჩოს რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს: წარმოჩენილია თუ არა მოგება-წაგების ასპექტები, მოყვანილია თუ არა საზოგადეობრივი აზრის კვლევის შედეგები, აგებულია ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, დასმულია თუ არა რომელიმე მხარის პასუხისმგებლობა და ნაჩვენებია თუ არა კონფლიქტი მხარეებს შორის. მაშ, ასე:

ოპოზიციური პარტიების უშედეგო კონსულტაციები და პრაიმერი „ერთიანი კანდიდატის“ გამოსავლენად;

გამარჯვების ფორმულის შემუშავება, მინუს ნოღაიდელი თუ პლუს ნოღაიდელი და „ედინაია როსიას პარტნიორისგან“ პასუხი ამ ყველაფერზე: „ჩვენს გარეშე გამარჯვება არ არსებობს“;

მარჩიელობა იყრიდა თუ არ კენჭს მერობის კანდიდატობაზე ლევან გაჩეჩილაძე და შეიქმნებოდა თუ არა ახალი ტრიუმვირატი გაჩეჩილაძე-ნოღაიდელი-ოქრუაშვილის სახით. „ლევანი მზად არის ყველაფრისთვის, რაც გამარჯვების ფორმულისთვის გამოდგება“, - ასე აფასებდა სუბარი გაჩეჩილაძის შესაძლო ამბიციას;

ალექსანდრე ებრალიძის პრეზიდენტობისთვის მზადება და დიასპორის ფორუმი იგივე „ალიკ ბაზარის ბაზარი“(„იმედი“), რომელშიც კობა დავითაშვილი და კახა კუკავაც იღებდნენ მონაწილეობას. „ჩვენ გვინდა მეგობრული ურთიერთობები, არც რუსეთის კმევა, არც ამერიკის კმევა“ - აცხადებდა დავითაშვილი;

„ალიანსის“ შეთავაზება ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას - ჭანტურიას კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ საკრებულოს თავმჯდომარედ ინგა გრიგოლიას მხარდაჭერა. „ყველა საარჩევნო სუბიექტი სტრატეგიას თვითონ გეგმავს“- აცხადებდა კუკავა, „საერთო სტრატეგიის შესამუშავებლად გადადგმული ნაბიჯია“- განმარტავდა თოფაძე;

„ალასანიამ გამარჯვების ფორმულა ვერ გაიაზრა“ - აცხადებდა გაჩეჩილაძე ალიანსის საარჩვენო სიიდან სოზარ სუბარის გამოთიშვაზე. „ბრძოლა გრძელდება... ჩვენი მიზანია ნაციონალების გასტუმრება ამ ქვეყნიდან“ - განმარტავდა სუბარი;

მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება დიდუბის და სამგორის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შორის „რაჭის უბანთან“ და სცემა თუ არა ნაციონალმა პეტრე ცისკარიშვილმა გიგი უგულავას „თაღლაურიასთან“ და იმავე სერიიდან:

„ძიძიგურის გასროლა, საარჩევნო კამპანიაში დენთის სუნი დატრიალდა“ („რუსთავი 2“), „ძიძიგურის საარჩევნო გასროლა“ („იმედი“) - ინციდენტი ნაცმოძრაობის აქტვისტებს და მერობის ერთ-ერთ კანდიდატს შორის;

„მე ვიწყებ ბრძოლას თბილისის უკეთესი მომავლისთვის“ - ამ ფრაზით შეუერთდა გიგი უგულავა წინასაარჩევნო კამპანიას. იქცევა მერია დასაქმების ბიუროდ თუ პოლიტიკურ ცენტრად - არჩევანი კანდიდატების პროგრამებიდან გამომდინარე საკმაოდ შეზღუდულია.

პროგრამაზე ორიენტირებული გაშუქება პროცენტულად სტრატეგიულ ჩარჩოს უტოლდება. თუმცა ეს არ არის წმნინდად საკითხის ჩარჩო, რომელსაც შემდეგი პარამეტრები განსაზღვრავს: არის თუ არა საუბარი ახალი ამბავში კანდიდატის პროგრამის კონკრეტულ სფეროებზე, პრობლემის გადაწყვეტის გზებზე და მოცემულია თუ არა ანალიზი. უკანასკნელი კრიტერიუმი თითქმის არც ერთი კანდიდატის შემთხვევში არაა დაცული და ამ ტიპის ახალი ამბების ძირითადი ხარვეზია.

მმართველი პარტიის კანდიდატის პროგრამას მედიამ ყველაზე ვრცელი მასალა წარდგენის დღეს დაუთმო. მას შემდეგ უგულავას კამპანიამ პერფორმანსის სახე მიიღო და პროგრამულ ნაწილზე მედია ნაკლებ აქცენტს აკეთებს.

წინასაარჩვნო ქრონიკაზეა მიბმული ჭანტურიას პროგრამული მიმართულებები, მაშინაც კი როცა იგი საშუალო ბიზნესის განვითერების გეგმას დარგობრივ ექსპერტებთან წარადგენს. ერთი შადრევნის მაგალითზე იმის ახსნა, თუ როგორ გახდება წყალი უფასო - ჭანტურიას დაპირებების ყველაზე ხატოვანი განმარტება იყო.

„დასაქმებაზე ჩვენ 15 წელია ვლაპარაკობთ, ძალიან კარგია რომ აგვყვნენ და დღეს ყველა ამას აწვება“ - გოგი თოფაძის პროგრამაზე ერთ-ერთი სიუჟეთში ისიც კი იყო მითითებული, რომ 12 პუნქტიანი გეგმა ერთ გვერდზე დაეტია.

ძიძიგურის საკანდიდატო პროგრამის ასპექტების წარმოჩენა მედიის მხრიდან უმეტესად ამგვარი ფრაზებით შემოიფარგლება: „მერია აღარ დააფინანსებს სატანისტურ ჰელოვინს და გეი-აღლუმებს“;
ყველაზე ვრცლად ირკალი ალასანიას წინასაარჩევნო პროგრამა შუქდება, რომელსაც ყველაზე მეტ დროს „კავკასიის“ საინფორმაციო გამოშვება უთმობს. მისი ჯანდაცვის, დასაქმების და სოციალურ პროგრამებს ვრცელი სიუჟეტები მიეძღვნა. „კურიერში“ კი მისი ჯანდაცვის გეგმა სადაზღვევო პოლისის ჩამონათვალს შეადარეს.

მაუწყებლების მიერ გაშუქებული ყოველი მესამე საარჩევნო ახალი ამბავი ტრივიალური ინფორმაციაა ანუ პარტიების და კანდიდატების ყოველდღიური აქტივობების კოლაჟი: პრესკონფერენციები და შეხვედრები ამომრჩევლებთან. რაც შეეხება კანდიდატების პორტრეტებს, „რუსთავი 2“-ის მიერ წამოწყებული ციკლი კანიდადიტის ერთი სამუშაო დღე - „მოამბემ“ გააგრძელა, რომელიც წინასაარჩევნოდ ყველაზე მრავალფეროვანი რუბრიკებით გამოირჩევა. პროფილური სიუჟეტები მართლაც „პირად სიმპატიაზე“ გათვლილი, დავით იაკობიძე სტუდენტებთან, თამაზ ვაშაძე ნაგაზთან, ძიძიგური შვილებთან, ირაკლი ალასანია გაზეთებთან, ივანიშვილი აქციის მონაწილეებთან, უგულავა ყველასთან ერთად - ერთ დღეში „გაცნობილი“ კანდიდატისთვის ხმის მიცემა ამომრჩეველს არ გაუადვილდება.

„ამერიკელებო თავი დაგვანებეთ, თქვენ ვინც გინდათ, პროამერიკული პოლიტიკური პარტიები ადიან ძალიან ზეით, დანარჩენს ქვეით წევთ (ედიტორებო ზეით-ქვეით არ ჩაასწოროთ, როგორც წინა სტატიაში ძიძიგურის „ჩააცხებს“)“ - სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან ერთად უნდობლობა გამოუცხადა თოფაძემ NDI-ის რეიტინგებს. უგულავა კი უბან-უბან 5 წლის მანძილზე შექმნილ სამუშაო ადგილებს ამომრჩევლებთან ერთად ითვლიდა: „15 ერთგან, 20 მეორეგან...“, მოსაგროვებელი კიდევ ბევრია.

"ლიბერალი", # 31, 17- 23 მაისი/2010

Free Topic

Broadcasters use non-election topics for election context as well.

Several days before the official launch of the election campaign, a scan of the national TV news reveals that several topics have seemingly eclipsed what many consider to be major election issues. "Rustavi 2" is focusing mostly on foreign policy issues, "Maestro" and "Kavkasia" stress domestic politics while Public Broadcaster has been emphasizing social issues.

"They want 6 May to be a 'police day' and 23 November - revolution day. Time will come when Saint George strikes them with his sword," said Zviad Dzidziguri, an opposition candidate for Tbilisi Mayor about the declaration of the 6 May 'Day of Police'. Opposition TV channel Kavkasia aired opposition statements about the looming protest action on their evening news. Maestro's attention was drawn to the U.S. Embassy where the U.S. Department of State advised American citizens to stay away from places of protest actions and demonstrations. U.S. government representatives explained this precaution as the result of threats coming from the opposition, while the opposition blamed it on President Saakashvili's continual stressing of the potential danger coming from Russia. The embassy explained, however, that this was just another routine statement similar to many they had made in Georgia previously.

"Rustavi 2" aired an exclusive interview with Georgia's Interior Minister regarding his decision to make 6 May the official "Day of Police." Minister Merabishvili backed up this decision by saying that this day is already associated with pleasant emotions for "many people." Those who are somehow not included under the heading of "many people" seem to have been left out of the attention of Georgia's national broadcasting companies. The archive materials from the occurrence of 6 May, 2009 and the two demonstrators who were hurt in the incident were remembered only by "Maestro" and "Kavkasia".

The police parade of 6 May and the opposition's protest action were aired in predictable succession by the TV channels. National channels started with the parade and the president's address and continued with the material showing the protesters and their clashes with police, while "Kavkasia" and "Maestro" showed them in the opposite order. "Moambe" was the only news outlet upon which information about the religious holiday (Saint George's Day) preceded the report about the police day.
Imedi titled their report: "The 'Police Day' and the stone-throwing opposition".

Another difference in how the events of 6 May were broadcast on some TV channels lies in the use of the adverb "too": "The protesters were hurt and the law enforcers were hurt too," one channel said; "The police officers were hurt and the protesters were hurt too," said the another. The different uses of this one word - "too" - effectively changed the stress. But it should be noted that all channels noted that people were hurt on both sides. They also underlined the low number of people who gathered at another opposition demonstration held on Saakadze Square.

Among the topics that overshadowed local Georgian election issues for a month-and-a-half were: the deaths of the Polish president and the government delegation traveling with him in a plane crash (for several days this topic completely occupied the leads of the national news); the subsequent mourning in Poland; the details of the catastrophe; the mourning in Georgia; the details from Moscow; the mourning in Europe; a photo exhibition about Kaczynski; Georgian refugees on Kaczynski; and Polish citizens grateful to Saakashvili for his visit in Poland at a time when Barrack Obama went to play golf.

The stories also included natural disasters that could have be easily been politicized by the broadcasters. The reporting on the danger of the flooding of the village of Velistsikhe was even more of an example of how government works during emergency situations than the highlight of the problem. "Even if there is a slightest danger, it is our responsibility to remove it," said the minister of environmental protection, who traveled to Velistsikhe together with other government members. The evening news showed exemplary discipline for several days reporting the development of the story: the water level in the Velistsikhe fell by 10 cm, the danger of flooding had been removed, the sun finally looked out of the clouds in Velistsikhe... Other no less topical social issues are rarely covered in such a detail.

The conclusion of the British examination of the phone conversation between Tsamalashvili-Arveladze and the telephone communication between high-ranking officials Merabishvili and Kutelia, Aldamov and Lortkipanidze (about the gathering of the people of Caucasus and the recognition of the genocide) on YouTube occupied quite a long time on "Kavkasia" and "Maestro" channels.

Another interesting aspect is the governmental chronicles. In an exclusive interview given to "Rustavi 2" from the USA, the president said that this improved Tbilisi was the result of the good work of not only Gigi Ugulava but of the entire team. That is why his and other government members' appearances on TV is perceived as a "team support". The demotion of Kodua was explained by the intergovernmental confrontation in a report which aired on "Kavkasia". The news even quoted a newspaper article which read that "Ugulava controls the universities" and the majority member Davit Darchiashvili had to explain that "the team is together and these are the ministry's internal affairs".

"Until now there were no tennis courts in Kutaisi. The stadiums were in poor condition and Kutaisians had to learn swimming on the parquet. If you behave yourselves, we will pour water in it," said the president wearing a T-shirt reading "I Love Kutaisi" at the opening ceremony of a training centre in Kutaisi. "Maestro" chose to focus on an incident that occurred in Kutaisi. It was about a verbal quarrel that a woman from Kutaisi had with the president's bodyguards and how she was removed from the place by force.

"The fulfilled promise" - this is how "Kurieri" presented the president's visit to Misaktsieli to the public. There, the installation of individual electricity meters will be finished in a month. The president has fulfilled a promise made two years ago and has received new "tasks" from the people.

A journalist speaking on "Maestro"about the president's visit to Misaktsieli argued that this visit disrupted local classes. Pupils and their teachers had to line up along the ponds which had been hurriedly dried for this occasion and the people who had received electricity meters somehow managed to appear next to the president.
In fact, the main topic of the reports broadcast on "Imedi", "Rustavi 2" and "Maestro" was not the installation of these meters. The political context completely overshadowed the social importance of the issue.

And finally, according to the latest study made by the National Democratic Institute, 58% of the people surveyed consider "democracy" to be "freedom of speech and media"; and 25% surveyed put "fair elections" at the top of the list. So it seems that the Georgian media has a high responsibility to live up to ahead of the elections.

"Liebrali", #30

თავისუფალი თემა

არასაარჩევნო თემებს მაუწყებლები ისევ საარჩევნო კონტექსტისთვის იყენებენ.

წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან დღემდე რამდენიმე თემამ მართლაც დაჩრდილა საარჩევნო საკითხები. თუმცა, სხვა თემაა, იმსახურებდნენ თუ არა ეს ამბები ამხელა ქრონომეტრაჟსა და ასეთ აქცენტირებას. „რუსთავი 2“ ძირითადად _ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, „მაესტრო“ და „კავკასაია“ _ შიდა პოლიტიკაზე, „საზოგადოებივი მაუწყებელი“ კი სოციალურ საკითხებზეა ფოკუსირებული.

„6 მაისი პოლიციის დღედ უნდათ, 23 ნოემბერი _ რევოლუციის დღედ, ერთხელაც იქნება, წმინდა გიორგი ჩააცხებს თავის მახვილს ამათ“, _ მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ზვიად ძიძიგური 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადების თაობაზე გამართულ დიკუსიაში ჩაება. ტელეკომპანია „კავკასია“ მოსალოდნელ აქციაზე ოპოზიციის განცხადებებს საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში ავრცელებდა. მათთან ერთად „მაესტროს“ ყურადღებაც დაიმსახურა აშშ-ს საელჩოს მიმართვამ საკუთარი მოქალაქეებისადმი, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს ურჩევდა, თავი შორს დაეჭირათ იმ ადგილებისგან, სადაც აქციები იყო დაგეგმილი. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სიფრთხილეს ოპოზიციის მუქარებით ხსნიდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები კი სააკაშვილის მხრიდან მუდმივად რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის ხაზგასმას მიაწერდნენ. საელჩოს წარმომადგენელი კი განმარტავდა, რომ ეს რიგითი განცხადება იყო, რომლის მსგავსიც საქართველოში არაერთხელ გაუვრცელებიათ და ზოგჯერ _ გაცილებით კატეგორიულიც.

6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-მა შინგან საქმეთა მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ გაავრცელა. საკუთარი გადაწყვეტილებას მერაბიშვილი იმით ხსნიდა, რომ ეს დღე უმრავლესობისთვის სასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული. ისინი, ვინც ამ „უმრავლესობაში“ ვერ მოხვდნენ, ნაციონალური მაუწყებლების ყურადღების მიღმაც დარჩნენ. შარშანდელი 6 მაისის ინციდენტის საარქივო მასალა და დაზარალებული ორი მომიტინგე მხოლოდ „მაესტროსა“ და „კავსკასიის“ საინფორმაციო გამოშვებებში გაახსენდათ.

6 მაისის პოლიციის აღლუმი და ოპოზიციის საპროტესო აქცია მოსალოდნელი მიმდევრობით გააშუქეს ტელეკომპანიებმა. ნაციონალურმა არხებმა აღლუმით და პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყეს, რასაც მომიტინგეების და პოლიციელების შეხლა-შემოხლის ამსახველი მასალა მოჰყვა, „კავკასიამ“ და „მაესტრომ“ კი საპირისპიროდ ააწყვეს 6 მაისის ქრონიკა. „მოამბე“ ერთადერთი იყო, სადაც გიორგობის რელიგიური დღესასწაულის შესახებ სიუჟეტი პოლიციის დღეზე მომზადებულ მასალას წინ უსწრებდა.

„პოლიციის დღე და ქვასროლია ოპოზიცია“ _ ასე ერქვა სიუჟეტს „იმედზე“. კიდევ ერთი სხვაობა მაუწყებლების მიერ 6 მაისის მოვლენების გაშუქებაში „ც“ ნაწილაკის გამოყენებაშიც გამოიხატა. „დაშავდნენ აქციის მონაწილეები და სამართალდამცვავებიც“, _ აცხადებდნენ ერთგან, „პოლიციის თანამშრომლები და მომიტინგეებიც“, _ გვამცნობდნენ მეორეგან. საინფორმაციო გამოშვებებში ერთი შეხედვით უმნიშნვნელო ”ც” სასურველ აქცენტს ეფექტურად სვამდა. თუმცა იმ ფაქტს, რომ ადამიანები ორივე მხარეს დაშავდნენ, ისევე, როგორც სააკაძის მოედანზე გადანაცვლებულ აქციაზე ხალხის სიმწირეს, ყველა მაუწყებელი გადმოსცემდა.

ისეთ საკითხებს შორის, რომელთაც თვენახევრის განმავლობაში საარჩევნო საკითხები გადაფარეს, შემდეგი თემებიც მოხვდა:

პოლონეთის პრეზიდენტისა და სამთავრობო დელეგაციის დაღუპვა ავიაკატასტროფაში, რამაც რამდენიმე დღის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებების პირველი ბლოკები სრულად მოიცვა: გლოვა პოლონეთში, ავიაკატასტროფის დეტალები, გლოვა საქართველში, დეტალები მოსკოვიდან, გლოვა ევროპაში, ფოტოგამოფენა კაჩინსკიზე, ქართველი ლტოლვილები კაჩინსკის შესახებ, სააკაშვილის ვიზიტით მადლიერი პოლონელები მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გოლფის სათამაშოდ წავიდა.

თემებს შორის იყო ბუნებრივი კატაკლიზმებიც, რომელთა პოლიტიზებასაც მარტივად ახერხებენ მაუწყებლები. სოფელ ველისციხის დატბორვის საფრთხეზე მომზადებული სიუჟეტები იმის სანიმუშო მაგალითი უფრო იყო, როგორ მუშაობს ხელისუფლება საგანგებო სიტუაციებში, ვიდრე სოციალურად აქტუალური პრობლემის წარმოჩენა. „სულ მცირედი საფრთხეც რომ იყოს, ჩვენ ვალდებულები ვართ, მოვხსნათ იგი“, _ აცხადებდა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ველისციხეში ჩასული გარემოს დაცვის მინისტრი. საღამოს საინფორმაციო გამოშვებებმა რამდენიმე დღის განმავლობაში სანიმუშო მიმდევრობა გამოიჩინეს საკითხისადმი: ველისციხეში წყლის დონემ 10 სმ-ით დაიწია, ველისციხეში დატბორვის საფრთხე მოიხსნა, ველისციხეში გამოიდარა... ასე დეტალურად სხვა არანაკლებ აქტუალური სოციალური საკითხები იშვიათად თუ შუქდება.

„კავკასიის“ საინფორმაციო გამოშვებასაც „უშველა ბუნებამ“: ძველი თბილისის დატბორილ ეზოში მოსახლეობა გამგეობის წარმომადგენელს საყვედურობდა უყურადღებობის გამო. „გამგებელი არ მოსულა იმიტომ, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი იქ იყო“, _ ახსნა ჟურნალისტმა.

„კავკასიასა“ და „მაესტროზე“ წინასაარჩევნო კონტექსტში ჯდებოდა წამალაშვილი-არველაძის სატელეფონო საუბარზე ბრიტანული ექსპერტიზის დასკვნა და „იუთუბზე“ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრები მაღალჩინოსნებს _ მერაბიშვლს და ქუთელიას, ალდამოვს და ლორთქიფანიძეს შორის კავკასიის ხალხთა შეკრებასა და გენოციდის აღიარებზე. ამ ორმა თემამ ამ ორ არხზე საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო და ადგილი დაიკავა.

კიდევ ერთი საყურადღებო ასპექტი სამთავრობო ქრონიკაა. ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატებიდან პრეზიდენტმა „რუსთავი-2“-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკეთესი თბილისი, მხოლოდ გიგი უგულავას კი არა, მთელი გუნდის დამსახურებაა. ამიტომაც მისი და მთავრობის სხვა წევრების გამოჩენა ახალ ამბებში ამ განცხადების შემდეგ მმართველი პარტიის კანდიდატების „გუნდურ მხარდაჭერად“ აღიქმება. შესაბამისად, კოდუას თანამდებობრივი დაქვეითება „კავკასიაზე“ გასულ სიუჟეტში შიდასახელისუფლო დაპირსპირებით აიხსნა და ეთერში ის ამონარიდიც კი მოხვდა პრესიდან, რომ „უგულავა უნივერისტეტებს აკონტროლებს“. უმრავლესობის წევრს დავით დარჩიაშვილს კი იმის განმარტება მოუხდა, რომ „გუნდი მთლიანობაშია და ეს სამინისტროს შიდა საქმეებია“.

„აქამდე ქუთაისში არ იყო კორტები, მოშლილი იყო სტადიონები და ქუთაისელები ცურვას სწავლობდნენ პარკეტზე. თუ კარგად მოიქცევით, წყალსაც ჩავასხამთ“, _ განაცხადა ქუთაისში სავარჯიშო დარბაზის გახსნისას, „მე მიყვარს ქუთაისი“ წარწერიან მაისურში გამოწყობილმა პრეზიდენტმა. „მაესტრომ“ კი ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე გაამახვილა ყურადღება და მაყურებელს ამცნო, როგორ მოუვიდა შელაპარაკება ქუთაისელ ქალბატონს პრეზიდენტის დაცვასთან და როგორ „გაარიდეს“ იქაურობას ძალის გამოყენებით.

„შესრულებული დაპირება“ _ ასე წარადგინა „კურიერმა“ პრეზიდენის მისაქციელში ვიზიტი, სადაც ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველების დადგმა ერთ თვეში დასრულდება. ორი წლის წინანდელი დანაპირები პრეზიდენტმა ბრაჭულების ოჯახს უკვე შეუსრულა და მოსახლეობისგან ახალი „დავალებებიც მიიღო“.

„მაესტროს“ სიუჟეტში პრეზიდენტის მისაქციელში ვიზიტის შესახებ ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა და მოსწავლეები მასწავლებლებიანად სახელდახელოდ ამომშრალი გუბეების გასწვრივ ჩაამწკრივეს. პრეზიდენტის გვერდით კი ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვისაც შარშან გამრიცხველიანებას დაჰპირდაო.
რეალურად კი, არც „იმედისა“ და „რუსთავი 2“- ის და არც „მაესტროს“ სიუჟეტების მთავარი ღერძი მისაქციელის გამრიცხველიანება არ ყოფილა, პოლიტიკურმა კონტექსტმა საკითხის სოციალური მნიშვნელობა მთლიანად გადაფარა.

დაბოლოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უკანასკნელი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58%-თვის დემოკრატია სიტყვის, მედიის თავისუფლებაა, 25%-თვის კი _ სამართლიანი არჩევნები. წინასაარჩევნოდ ქართული მედიისთვის ეს განსაკუთრებული პასუხსიმგებლობაა.

"ლიბერალი", #30, 10-16 მაისი

ნაციონალური გამოწვევა მედიას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამ სატელევიზიო ახალ ამბებში მნიშვნელოვანი დისბალანსი გამოიწვია.

წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად გამოცხადებიდან სამი კვირის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ საღამოს საინფორმაციო გამოშვებების ყველაზე ნაკლებად ციტირებული პარტია იყო. წინასაარჩევნო კამპანია სახელისუფლო პარტიამ ყველაზე გვიან დაწყო. პირველად ისინი რეგიონებში გამოჩნდნენ _ მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს და ადმინისტრაციული რესურსის თანაბრად გამოყენების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

არაერთხელ გაცხადებული მოლოდინი _ „ხოლო გიგი უგულავას კანდიდატურა ჯერ კიდევ არ წარუდგენია მმართველ პარტიას“ _ მედიას 26 აპრილს გაუმართლდა. მანამდე კი გიგი უგულავამ, ჯერ კიდევ როგორც მხოლოდ მოქმედმა მერმა, რამდენიმე საქმის მოთავება მოასწრო: დაამატა სამარშრუტო ხაზები, შეაკეთა ლიფტები, გახსნა განახლებული დიდუბის მეტროს სადგური _ სიუჟეტები ამ რუტინული სამეურნეო ღონისძიებების შესახებ საღამოს საინფორმაციო გამოშვებებშიც მოხვდა.

შემდეგი ეტაპი _ უგულავას მერობის კანდიდატად წარდგენა _ პირველი სერიოზული გამოწვევა გახდა წინასაარჩევნო მედიისთვის. კითხვა ასე ისმებოდა: შეძლებდნენ თუ არა ახალი სახელისუფლო საინფორმაციო ნაკადის დაბალანსებულად მიწოდებას ამომრჩევლებისთვის.
გიგი უგულავას კანდიდატურა წარადგინა ხათუნა კასრაძემ, რომელიც ზოგ გამოშვებაში _ მრავალშვილიანად, ზოგან კი მერის მომხრე ორშვილიან დედად იყო მოხსენებული. ნაციონალური არხების საღამოს საინფორმაციო გამოშვებების პირველ ბლოკებში ამ ამბავს 15-დან 20 წუთამდე მასალა მიეძღვნა. არც ერთი სხვა კანდიდატის დარეგისტრირებას საინფორმაციო გამოშვებების ამხელა წილი არ დათმობია, მით უმეტეს _ გამოშვებების პირველ ბლოკებში.

საინფორმაციოებში მოქმედი მერის მერობის კანდიდატურის გამოცხადება რამდენიმე ქვეთავად იყო დაშლილი: უგულავას კანდიდატურის წარდგენა გლდანში, უგულავას დარეგისტრირება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, უგულავა და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარების სია, უგულავას კანდიდატურაზე პრეზიდენტის და სხვათა კომენტარები.

თვითონ მერობის კანდიდატი კი ”სიტყვაუხვობითაც” გამოირჩეოდა. თუკი საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე საინფორმაციოების პირველ ბლოკებში ”ჩასმული” უგულავა ძირითადად ”საქმეს აკეთებდა” და თან ჩუმად, წარდგენის დღეს არანაკლებ დიდი დრო დაეთმო მისი საარჩევნო გზავნილების გავრცელებას. უგულავას შესახებ გადაღებული, საშუალოდ, 8-10-წუთიანი სიუჟეტების დაახლოებით ერთი მესამედი მისი 30-წუთიანი გამოსვლიდან ყველაზე შთამბეჭდავი ამონარიდების გადაცემას მიეძღვნა:

”თბილისს არ სჭირდება მერი, რომლისთვისაც მერობა მხოლოდ ტრამპლინია და სხვა არაფერი. თბილისს არ სჭირდება მერი, რომელიც ქალაქს პოლიტიკური კინკლაობის ცენტრად აქცევს. თბილისს სჭირდება მშრომელი მერი, რომელიც თბილისს დასაქმების ცენტრად აქცევს”.

”მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მერია, მისი ყველა სტრუქტურული ერთეული, გამგეობები და მუნიციპალიტეტები იქნება ერთგვარი დასაქმების ბიურო, ხოლო თბილისის მერი იქნება დასაქმების დამცველი”.

”თბილისს სჭირდება მერი, რომელმაც ბევრი გააკეთა, მაგრამ აღიარებს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს“.

გიგი უგულავამ საინფორმაციო გამოშვებებს იმდენად ცოცხალი მასალა შესთავაზა გასაშუქებლად, რომ ”კურიერს”, ”ქრონიკასა” და ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” ”გასაფორმებლად” დამატებითი ელემენტების მოძებნაზე დრო აღარ დაუხარჯავთ. სამაგიეროდ, „მაესტრომ“ გაამახვილა ყურადღება პრეზენტაციის ისეთ დეტალებზე, რაზეც არც ერთ სხვა მაუწყებელს არ უსაუბრია. ”მაესტროს” ფოკუსში უგულავას პრეზენტაციის ტექნიკური მხარე აღმოჩნდა, კერძოდ კი სპეციალური განათებები, რამდენიმე კამერა და სუფლიორები. უგულავას წარდგენის მომდევნო დღეს ამბავს ახალი დეტალები დაემატა: კომპანია, რომელიც მერის გამოსვლას იღებდა, ძირითადად პრეზიდენტის გამოსვლების ჩანაწერებზე მუშაობს. თუმცა, რა დაუჯდა „ჰორიზონ ტივის“ ეს მომსახურება უგულავას შტაბს, ”მაესტროსთვის” გაურკვეველი დარჩა.

იმავე დღეს „მაესტრო“ უგულავას „პროფესიული გარდასახვების“ გასაშუქებლად აღარ მიიწვიეს. ”მაესტროს” განაწყენებულმა ჟურნალისტმა ბოლოს თავად უგულავას ჰკითხა დაუპატიჟებლობის მიზეზი და იმავე დღეს მისი პრესმდივნისგან კონკრეტული პასუხიც მიიღო _ ეს მხოლოდ ტექნიკური პრობლემა იყო და სხვა დროს აღარ განმეორდება. სამდურავის მიუხედავად, სიუჟეტში კადრების სიმწირე არ შეიმჩნეოდა. ღონისძიებაზე დაუპატიჟებლად სიუჟეტების მომზადება არხის „ნოუ-ჰაუდ“ რჩება.

გიგი უგულავას კანდიდატურის წარდგენას ვრცელი სიუჟეტი უძღვნა „კავკასიამაც“. სხვა მაუწყებლებზე გასული სიუჟეტებისგან განსხვავებით, ის შეიცავადა ოპოზიციური პარტიების მოსაზრებებს უგულავას შესახებ:

„მას კიდევ ბევრი რამ დარჩა ქალაქში გასაფუჭებელი“, _ გიორგი თარგამაძე;
„ძირითადი კონკურენტი უგულავა იქნება“, _ გია თორთლაძე;

„ეს ამ ხელისუფლების გაგრძელებაა, თბილისელებმა კი ერთხელ უკვე დაამტკიცეს, რომ ეს ხელისუფლება არ უნდათ“, _ ზურაბ ნოღაიდელი;

„მას მთავარ კონკურენტად ადმინისტრაცული რესურსი აქცევს და _ არა პოლიტიკური იმიჯი“, _ თინა ხიდაშელი.

მიხეილ სააკაშვილთან “რუსთავი 2“-ის ექსკლუზიური ინტერვიუდან ფრაგმენტები ყველა ნაციონალურმა არხმა გაავრცელა. პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შეეხო და გიგი უგულავასადმი მხარდაჭერა გამოხატა:

”ყველა თბილისელმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: არის თუ არა თბილისი უკეთესი ქალაქი, ვიდრე ოთხი წლის წინ? მოსწონს თუ არა აღმშენებლობა, რომელსაც ყველა აღიარებს, მათ შორის ოპონენტებიც? უნდათ, თუ არა, იცხოვრონ იმ ქალაქში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კომფორტული იქნება ევროპის ქალაქებს შორის? თუ ამ ყველაფერზე პასუხი არის დადებითი, მაშინ ამ არჩევნებში ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს ნაციონალურ მოძრაობას და მოქმედ მერს, გიგი უგულავას. მე ვფიქრობ, ჩვენ გვყავს ძალიან გონიერი ამომრჩეველი და ის მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას”, _ სააკაშვილის ამ ღია მხარდაჭერამ ნაციონალური მაუწყებლებისთვის უგულავას კანდიდატად დარეგისტრირების მნიშვნელობა ერთი-ორად გაზარდა, რაც პირდაპირ აისახა თემის გაშუქების საერთო ქრონომეტრაჟზეც.

წინა კვირას „კავკასიასა“ და „მაესტროზე“ უგულავას წარდგენაზე მნიშვნელოვანი ამბავი ბრიტანული ექსპერტიზის დასკვნა იყო _ ეკა წამალაშვილისა და გიორგი არველაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შესახებ. ორივე არხზე ამ თემაზე მომზადებული ვრცელი სიუჟეტები უგულავას ახალ ამბავს წინ უსწრებდა. ნაციონალური არხების საღამოს ახალ ამბებში კი ბრიტანული ექსპერტიზის შედეგები საერთოდ ვერ მოხვდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დისბალანსია ყოველდღიური საარჩევნო ქრონიკა. ნაციონალურ არხებზე სახელისუფლებო პარტიის კანდიდატების წარდგენას უმეტესად ცალკე სიუჟეტი ეთმობა, მაშინ როცა დანარჩენი პარტიების აქტივობები ერთ სიუჟეტშია გაერთიანებული. „კავკასიაზე“ კი საარჩევნო ქრონიკაში ”ნაცმოძრაობის” წარმომაგდენლების ამომრჩევლებთან შეხვედრა ყოველთვის არ ხვდება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მხარეებს შორის ბალანსის პოვნას ახალი წინასაარჩევნო რუბრიკით ახერხებს. ”კანდიდატის ერთი დღე” _ ამ რუბრიკით გააშუქა ”მოამბებ” გიგი უგულავას ორდღიანი პროფესიული გარდასახვები. წინა დღეებში იმავე რუბრიკაში მერობის სხვა კანდიდატებიც მოხვდნენ თავიანთი ”ერთი დღით”.

მოძრაობა „7 ნოემბრის“ წევრ დაჩი ცაგურიასა და მერის გაბაასება ბენზინგასამართ სადგურზე ”კავკასიასა“ და „მაესტროზე“ გაცილებით ვრცლად იყო ნაჩვენები. სამაგიეროდ, ”კურიერმა” ყველაზე ხატოვნად შეძლო წარმოეჩინა გიგი უგულავა, როგორც პურის მცხობელი, ყასაბი, ცნობათა ბიუროს ოპერატორი, მშენებელი და ფანჯრების მწმენდავი. თუკი „მაესტროზე“ „უგულავას ამინდის პროგნოზი არადამაიმედებელი აღმოჩნდა“, „რუსთავი 2“-ზე „მის საქონელს წუნი არ დაედებოდა“ და „სიფთაზეც კარგად ივაჭრა“. „ნავაჭრს“ 30 მაისს „რუსთავის-2“-სა და „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლიც დაითვლის.

"ლიბერალი", #29, 3-9 მაისი

5/3/10

წინასაარჩევნო ხმა

„უბრალო ადამიანებმა“ და „რიგითმა მოქალაქეებმა“ სატელევიზიო ახალ ამბებში ახალი სტატუსი შეიძინეს _ „ამომრჩევლები“, თუმცა ისინი სიუჟეტებში ხშირად მხოლოდ ანტურაჟს ქმნიან.

წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლები სულ უფრო მეტად ცდილობენ, ბალანსი _ პოლიტიკურ სუბიექტებს და არა ამომრჩევლებს შორის დაიცვან. საშუალო ფენა, ნეიტრალური და ახალგაზრდა ასაკის ამომრჩეველი _ ეს ის სეგმენტებია, რომელთაც მედია თითქოს ვერც ამჩნევს. ხშირად მაუწყებლები „ვოქსპოპს“ მიმართავენ _ ანუ ხალხის ხმას წინასაარჩევნო სიუჟეტებში გარკვეული პოლიტიკური კონტექსტის შესაქმნელად იყენებენ:

„იმედზე“ პრაიმერის შესახებ სიუჟეტში ქუჩაში რამდენიმე ადამიანი გამოკითხეს, რომელთაგან არც ერთი არ უჭერდა მხარს სოციოლოგიური გამოკითხვით მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენას. ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც პრაიმერის ეფექტურობაში იქნებოდა დარწმუნებული. რამდენიმე დღეში კი აღმოჩნდა, რომ პრაიმერის შესახებ გამოკითხვაში ”ძნელად საპოვნმა” 12 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მათი გარკვეული ნაწილი ჭადრაკის სასახლეში დაესწრო კიდეც შედეგების გამოცხადებას.

დაუბალანსებელი იყო „მაესტროზე“ მომზადებული სიუჟეტი იმის შესახებ, თუ რა პრობლემების მოგვარებას ითხოვს ხალხი მომავალი მერისგან. დასაქმება, მუნიციპალური სამსახურების გაუმჯობესება, სოციალური პრობლემების მოგვარება, _ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს იშველიებდა ჟურნალისტი. ქუჩაში გამოკითხულნი კი ერთხმად უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ასახლებდნენ. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ის გამოკითხულებიც, რომლებიც სხვა პრობლემებს ასახელებდნენ, ბოლოს მაინც დასაქმების აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ.

დასაქმების დაპირებით ნაციონალურ არხებზე უკვე გამოჩნდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები. ნაციონალების ვიზიტს მესტიასა და ახალციხეში, მცხეთასა და გორში ცალკე სიუჟეტები მიეძღვნა, ხოლო სხვა პარტიების წინასაარჩევნო ქრონიკა ამ არხებზე ერთ სიუჟეტში მოაქციეს. ნაციონალების ამომრჩეველიც განსხვავებულად იყო წარმოდგენილი _ მადლიერი, ოპტიმისტი, საქართველოს დროშით ხელში.

„გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, _ ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო გზავნილს იმეორებს უკვე გიგი უგულავაც, რომელიც მერობის კანდიდატად ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ. ლიფტების რეაბილიტაციის პროექტისადმი მიძღვნილი სიუჟეტი 78 წლის პენსიონერი ქალბატონის ამბით იწყება, რომელმაც აღდგენილი ლიფტის წყალობით, 9 წლის შემდეგ პირველად დადგა ფეხი მიწაზე. „სასწაული მოხდა, რომ ასეთი ლიფტი გვაქვს“, _ აღნიშნა იმავე კორპუსის მცხოვრებმა პენსიონერმა მამაკაცმა. ქალაქის მერი კი ხალხის გარემოცვაში აძლევდა ჟურნალისტებს ინტერვიუს, შეძახილის ფონზე _ „გაიხარე, შვილო“.

გაცილებით აგრესიული იყო ხალხის ხმა „იმედზე“, ზურაბ ნოღაიდელის აჭარაში ვიზიტის ამსახველ სიუჟეტში: „რა გააკეთა აჭარისთვის ნოღაიდელმა“? „პუტინის კუკლა! ვგავარ ახლა მე ჩუჩელას, რომ ვიღაცამ მიბიძგოს და მომიყვანოს აქციაზე“?! _ ისმოდა ხმები ხალხიდან.

„კავკასიაზე“ ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატის ვიქტორ დოლიძის წარდგენას საკუთარ ეზოში ერთადერთი ამომრჩევლის კომენტარი ახლდა: „ნებისმიერი ჩუღურეთელი იტყვის, ვინ არის ვიქტორ დოლიძე... როგორც იტყვიან, ზღაპარი ადამიანია“. მომდევნო ახალ ამბავში კი, სადაც ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი ღრმაღელის მეტროსთან ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, მოხუცმა მამაკაცმა მათ „ლებედ, რაკ და შუკის მოქმედება“ დაუწუნა და შეახსენა, რომ „ერთიანი კანდიდატი უნდა გყავდეთ, რომ მხარი დაგიჭირონ“. კობა დავითაშვილი კადრში მოხუც ქალთან ერთად ხელგადახვეული გამოჩნდა, რომელსაც „არც მეუღლე ჰყავს, არც შვილი და სახლიც მიწისძვრით დაენგრა“. ეს კადრი იმის მაგალითადაც შეიძლება გამოდგეს, რომ მაუწყებლები და პოლიტიკოსები ერთად ქმნიან გარკვეულ სტერეოტიპს იმის შესახებ, თითოს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების და საგადასახადო შეღავათების თემა მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ხშირად სიუჟეტებში, სადაც პოლიტიკოსები ადამიანების გარმოცვაში ჩანან, ხალხის ხმა არ ისმის. არავის უკითხავს აზრი, მაგალითად, არც სტამბა „თბილისელებთან“ შეკრებილი ხალხისთვის, არც პარლამენტის წინ უკანონო პატიმრების მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანებისთვის, არც პრაიმერის შედეგების გამოცხადებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის; მით უმეტეს, რომ ზვიად ძიძიგური ამ შედეგების პრეზენტაციისას სწორედ გამოკითხულთა 80-პროცენტის მხარდაჭერით აპელირებდა და ამბობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება _ ეს მათი მოთხოვნაა. არც ერთი სიუჟეტის ავტორს, რომელმაც ეს შეხვედრა გააშუქა, აზრად არ მოსვლია, პრეზენტაციაზე მისული ადამიანები გამოეკითხა და გაეგო, რეალურად რას ფიქრობენ ისინი.

საარჩევნო სიების მონიტორინგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ამ საკითხს „მოამბე“ ცალკე რუბირკასაც უძღვნიდა, თუმცა ისევე, როგორც სხვა მაუწყებლებზე, იქაც საუბარი მიდიოდა ძირითადად იმაზე, თუ რომელ პარტიას რა თანხა ჰქონდა ამისთვის გამოყოფილი და ვინ რა ვადაში რამდენი ხარვეზი აღმოაჩინა.

რიცხვების ორომტრიალში დაიკარგნენ თავად ამომრჩევლები. არც ერთ არხს არ უცდია ერთი ადამიანის, ოჯახის ან კორპუსის მაგალითზე მიედევნებინა თვალყური, მიაღწია ამბავმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე და ჩასწორდა თუ არა აღმოჩენილი ხარვეზი.

მიუხედავად ამისა, ადამიანური ისტორიით ამბის ილუსტრირება ახალი ამბის გადმოცემის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია. „კურიერში“ გასულ სიუჟეტში, „ახალი რუსთავის“ შესახებ, ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმა რუსთავის მკვიდრის ვალერიან ვადაჭკორიას მონათხრობის ფონზე იყო წარმოჩენილი. ხაზგასმული იყო აღმშენებლობის შედეგები, მაინცდამაინც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. საოცარი დამთხვევაა ისიც, რომ გაირკვა _ ქალაქის უხუცესი წევრი და უმრწემესი მერი ზუსტად ერთნაირად ფიქრობენ, რა სჭირდება რუსთავს. პასუხია _ მეტი სამუშაო ადგილი.

„ბევრი ამბობს, რომ მათ უბრალოდ აღარ სჯერათ, ტყუილით ცხოვრობს ქვეყანა. ჩვენ ვცდილობთ, ხალხი დავაჯეროთ, რომ არჩევნებზე მისვლას აზრი აქვს“, _ ამომრჩევლების სახელით განაცხადა ინგა გრიგოლიამ. ნიკა ივანიშვილი კი სასტუმრო „უშბაში“ ჩასახლებულ დევნილებს ესტუმრა: „ესენი არიან ადამიანები და მინდა, ამ ადამიანებისთვის ხელისუფლებამ რაღაც გააკეთოს“. 18 წელი აქ არავინ მოსულა, _ აცხადებდა სახალხო დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი. ქალაქის მერმა კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების წარდგენის ვადაზე ჟურნალისტს უპასუხა: „ყველაფერს თავისი დრო აქვს, მოჩქარეს მოუგვიანდესო“.

მაუწყებლებმა არჩევნებამდე დღეების ათვლა უკვე დაიწყეს. წინასარჩევნო კამპანიის დაბალანსებულ გაშუქებას კი საბოლოოდ სხვადასხვა კრიტერიუმების ერთობლიობა განსაზღვრავს და არა _ ზედმიწევნით ზუსტად დათვილილი წუთები, რომელ კანდიდატს რა დრო დაეთმო ახალ ამბებში.

"ლიბერალი", აპრილი, 2010

Who creates the news?

Media is incapable of covering the issues topical for voters. It is politicians who determine the agenda for the public in the pre-election period.
The pre-election news stories that make it onto major news programs of Georgian TV channels are about the activities of political parties and candidates. "Information subsidy" that the candidates give to media is often focused on such events as door-to-door rounds and meetings with voters, marches on main avenues, press conferences, etc.

Bombarded with such activities on behalf of politicians media is unable to decide itself what are the most important topics to cover. It easily falls under the influence of this or that politician. Representatives of political parties standing in front of their party logos and never-ending cycle of "talking heads" are a standard shot of the pre-election news.

Nika Ivanishvili demands the resignation of the government;

Gia Chanturia and Inga Grigolia laid flowers at the Monument of Deda Ena;

Zviad Dzidziguri and Koba Davitashvili marched along the Rustaveli Avenue and voiced their protest against English inscription of shops;

Irakli Alasania met with the university students;

Noghaideli says that Saakashvili and Merabishvili will rig elections by intimidating people;

The Labor Party argues that the anti-national government will soon declare English a state language...

This is what the pre-election news editions cover instead of focusing on the election process itself and other election-related issues, which are of far more importance for the voting public.

For example, one of such issues is election campaign funding, which the candidates have been avoiding so far and media has forgotten about. Although "Imedi TV" keeps accusing Zurab Noghaideli of receiving the "Russian money" but backing its claim with reminding the public about the visits of Noghaideli to Moscow is not enough.

Although rarely, some important topics that influence voter behavior still make onto the TV screens. Such an exception was a report of "Maestro" about the billboards of Tbilisi and about how much it costs Nika Ivanishvili, Giorgi Chanturia and Davit Iakobidze to have their election posters on them. According to the author of this report, the price of each of them is 600 USD, which will cost individual parties 10 to 12 thousand USD. The report did not clearly identify the sources of funding because of the vague answers of the candidates.

Another report shown in "Kronika" (news edition of the Imedi TV) titled "Pre-election Creative" was dedicated to the election slogans and advertisements. However, the report put emphasis on the contents of the slogans only. It started with a critical review of Irakli Alasania's video ad. According to the author of the report, the ad, which appeared in Facebook was disliked by the majority of viewers. The slogan and music in the ad were accused of plagiarism. It was said that the "authors" of Alasania's key election message ("We will change") were Christian-Democrats. The report also said that Gia Chanturia, the candidate from the rightist-centrist Christian-Democratic Party, had leftist promises.

Even "Kurieri" (the news edition of the Rustavi 2 TV) devoted a report to the promises of the mayor candidates. The report mentioned that the election programs of opposition candidates were built around social issues, employment and healthcare and were thus similar. However, the report featured different opposition candidates criticizing each other and there was no expert opinion asked on different promises made in the election campaigns.

Very unusual and uncharacteristic was a report about single majority candidates in the regions shown by "Moambe" (news edition of the Georgian Public Broadcasting channel). The representatives of opposition parties in Imereti, Samegrelo, Kvemo Kartli and Kakheti spoke about the same problems: deficiencies of electoral lists, pressure on their candidates, use of administrative resources by the government candidates. This is the list of core issues that media should be actively covering in the pre-election campaign.

Broadcasters do not forget to apply the used method of information gathering: they obtain topics for their reports from other media means. In the short period since the start of the pre-election campaign the broadcasters have gotten the following three topics from the press. Two were from Russian newspapers. Kakhi Kaladze's possible joining of Noghaideli's party was taken from the interview published in "Sovetski Sport" and the report about Irakli Alasania's chances of becoming the president was borrowed from Vano Merabishvili's interview to "Komersant". The third report about the possibility of Levan Gachechiladze becoming the candidate for mayor's post from Irakli Okruashvili's Party was based on the information agency "Pirveli".

At the time when no report has been devoted to the issues of election campaign funding, planning or administrative resource usage, the news edition of "Kurieri" shows how the new flower clock is being installed on the Europe Square. According to the report, the green clock will have the richest color palette in May and this clock will count the first working hours of the new mayor.

"Liberali", April, 2010