6/4/10

ფინიშთან

წინასაარჩევნო პერიოდში ტელემაუწყებლები მეტ ანგარიშვალდებულებას პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ავლენდნენ და არა _ ამომრჩევლებისადმი.

„მე არ ვიცნობ საარჩევნო კამპანიას ბევრგან მსოფლოში, სადაც ყველა პარტიას ამდენი საათი შეუძლია ყველა არხზე ილაპარაკოს“, _ მედიის „წარმოუდგენელ ხელმისაწვდომობას“ გაუსვა ხაზი პრეზიდენტმა უმრავლესობასთან შეხვედრისას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

„რა ღირს სიშიშვლე ჰოლივუდსა და საქართველოში, რის სანაცვლოდ შიშვლდებიან ვარსკვლავები კინოკამერების წინ“, „ვინ არის 23 წლის ქეთი ფარცვანია, შიშველი სილამაზე „ქრონიკის“ ობიექტივში“, „ჩინური ინიციალები, ვინ და რატომ იკეთებს სვირინგს, ნახეთ თბილისური ტატუ“, _ საღამოს „ქრონიკის“ ანონსებში ბოლო კვირის განმავლობაშიც ვერ მოხვდა საარჩევნო საკითხები, თუმცა გამოშვებაში ნახავდით, როგორ დაუშინეს კვერცხები კობა დავითაშვილს, როგორ უწოდა მსმენელმა ზვიად ძიძიგურს რადიოში მოღალატე, როგორ ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და რას იწერება სანკტ-პეტერბურგიდან ალიკ ბაზარი (ალექსანდრე ებრალიძე); როგორ უჩივის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „თავისუფლების“ მაჟორიტარ კანდიდატს ლადო სადღობელაშვილს ძალადობრივი მოწოდებებისთვის და ა.შ.

26 მაისის სამზადისი და დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვა ბოლო წინასაარჩევნო კვირის მთავარი მოვლენა იყო. თემას ნაციონალურ მაუწყებლებზე 40-45 წუთი დაეთმო. ეს დღე იზეიმა ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, თუმცა ცალ-ცალკე. „ეს ხმა იარაღის ჟღარუნი კი არ არის, ჩემო მეგობროებო, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმა“, _ მიმართა ქვეყნის მთავარსარდალმა აღლუმის მონაწილეებსა და სტუმრებს რუსთაველის გამზირზე. „დღევანდელი დღე არის პოლიტიკის მიღმა, დღეს ყველა ვზეიმობთ“, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ. „აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს ბიჭებთან ერთად, ჩემს ბიჭებს სააკაშვილზე ნაკლებად არ უყვართ მანქანებით სეირნობა და ეხლა უნდა ვასეირნო“, _ ასე აღნიშნა დღესასწაული ზვიად ძიძიგურმა გამარჯვების პარკში.

ევროპის მოედანზე ყვავილების საათის ასამუშავებლად, მანამდე კი საბურთალოს ესტაკადის გახსნაზე გიგი უგულავა პრეზიდენტთან ერთად კიდევ ერთხელ გამოჩნდა. „პროექტი გადასარევია და მალადეც, ვინც ეს მოიგონა“, _ აღნიშნავდა კმაყოფილი მძღოლი და ახალი ამბის მთავარი არსიც სწორედ ეს იყო.

„კურიერმა“ წინასაარჩევნო პერიოდში თვითმმართველ ქალაქებზე მომზადებული სიუჟეტების სერია ქუთაისით დაასრულა: კონტროლის პალატის და საგზაო დეპარტამენტის ახალი შენობების გახსნა, ბაგრატის ტაძრის მონახულება და იქვე სახელდახელოდ პრეზიდენტის მხრიდან ხალხის აზრის მოსმენა რესტავრაციის მიზანშეწონილოებაზე, პრეზიდენტის მიერ ყუმისთავის მღვიმესთვის პრომეთეს სახელის მინიჭება. „დამკვრელური ტემპით ყველაფერი გამოვიდა აქ, ნაჩქარევად და ფურთხით არაფერია გაკეთებული“, _ აღნიშნა პრეზიდენტმა აღმშენებლობაზე აქცენტით მომზადებულ ახალ ამბავში. თვიმმართველ ქალაქებზე „კურიერის“ სიუჟეტებში მთავარი ღერძი მხოლოდ სამთავრობო გუნდის წარმატება იყო და არა ის პრობლემები, რაც რეალურად ამ ქალაქების და მათი მკვიდრების წინაშე დგას.

„მოამბის“ მიერ მომზადებული სიუჟეტების მიხედვით კი, თვითმმართველი ქალაქების (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) ძირითად პრობლემას ნაკლები ავტონომიურობა წარმოადგენდა. „თვითმმართველი რას ნიშნავს, რომ თვითონ ქალაქის მოსახლეობამ უნდა მართოს“, „აქ ფოთელები არაფერს წყვეტენ, ეს არ არის თვითმმართველი ქალაქი“, _ აცხადებდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობების შეზღუდულ უფლებებზე, პრიორიტეტების დამოუკიდებლად განსაზღვრაზე და ბიუჯეტის განკარგვის საკითხებზე საუბრობდნენ. თუმცა ქალაქის მცხოვრებთა ხმები არც ამ სიუჟტებში ისმოდა.

28 მაისს „იმედმა“ ვრცელი მასალა უძღვნა პრეზიდენტის მიერ ქუთაისში სტადიონის გახსნას. „მე მოგიწოდებთ 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭიროთ აღმშენებლობის, კორუფციასთან ბრძოლის და საქართველოს გაერთიანების ნაციონალური მოძრაობის კურსს“, _ მიმართა შეკრებილ ქუთაისელებს სააკაშვილმა, როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და მოქალაქემ. ბოლო კვირის განმავლობაში პრეზიდენტის განსაკუთრებულმა აქტიურობამ მისცა ტონი საარჩევნო საკითხებს და, რა თქმა უნდა _ მმართველი გუნდის კანდიდატების სასარგებლოდ.

რა უჯდება ქვეყანას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა ბედი ეწევა სააკაშვილს ახალ საკონსტიტუციო სივრცეში, იყო თუ არა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ჩართული იარაღის შეძენის კორუფციულ სქემაში _ ამაზე უკვე განახლებული „მაესტრო“ საუბრობდა. კვირის ბოლოს კი მთავარი თემა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები და მასზე ოპოზიციური კანდიდატების კომენტარები იყო. „ჩემი ამბიციაა, ქვეყანაში დავრუნდე და ეგ რეჟიმი დამთავრდეს“, _ განაცხადა ოქრუაშვილმა პარიზიდან და მისაღწევად კოალიციის შექმნაზეც ისაუბრა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო სიუჟეტი იყო „მაესტროს“ მიერ მომზადებული მასალა გია ჭანტურიას გაზის ტარიფის შესახებ. კანდიდატის დაპირება შაჰდენიზის კონსორციუმთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებს ეფუძნება. სიუჟეტში გრაფიკულად თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი როგორც ჭანტურიას, ასევე მისი ოპონენტების სქემა, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ 10 -თეთრიანი ტარიფი რეალურად მინიმუმ 30 თეთრია. ეს იყო გამონაკლისი წინასაარჩევნო ახალ ამბებში, როდესაც ჟურნალისტმა სიღრმისეულად განიხილა კანდიდატის დაპირება. თუმცა, რადგან ეს იყო გამონაკლისი და არა რუბრიკა, მაინც ტენდენციურობის ჭრილში ჯდება. ამას ემატება ისიც, რომ სიუჟეტში მხოლოდ მისი ოპონენტი ექსპერტების მოსაზრებები იყო წარმოდგენილი.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლო კვირის რუბრიკაში სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის პროგრამულ დაპირებებს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. რამდენადაა ასახული მოსახლეობის მოთხოვნები პროგრამებში და რამდენად რეალისტურია ისინი , _ ასე წარადგენდნენ წამყვანები კანდიდატების პროგრამების შესახებ მომზადებულ შემაჯამებელ სიუჟეტებს. თუმცა, ეს იყო პროგრამების კიდევ ერთხელ ზედაპირული წარდგენა, დაპირებების ყოველგვარი ღრმად განხილვის გარეშე.
რაც შეეხება „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ დებატებს, სადაც სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა („ეროვნული საბჭო“ „თორთლაძე-დემოკრატები“, „ალიანსი“, „თოფაძე-მრეწველები“ და ბოლოს „ნაციონალური მოძრაობა“) საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამები წარადგინეს, მაუწყებლებმა ჯეროვნად არ გააშუქეს და შეხვედრები ძირითადად წინასაარჩევნო ქრონიკაში მოათავსეს. „კავკასიამ“ კი განსაკუთრებულად „ალიანსის“ პროგრამის წარდგენა გააშუქა.

არჩევნებამდე ბოლო კვირის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებებში შემცირდა დარღვევების და ზეწოლის ფაქტებზე მომზადებული სიუჟეტები, ხოლო ის ახალი ამბები, რომლებიც კანიდატთა პროგრამებს ეხებოდა, ძირითადად პოლიტიკური სუბიექტებისთვის დროის თანაბრად დათმობის ვალდებულებას ემსახურებოდა.

ამომრჩევლის მხრიდან კი ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიამ მედიისადმი არცთუ დიდი ნდობის ფონზე ჩაიარა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, 35 პროცენტს „მოამბის“ ახალი ამბები მთავრობის ინტერესების გამომხატავი ჰგონია, მოდელირებული “ქრონიკის“ შემდეგ კი „იმედის“ ახალი ამბებისადმი გამოკითხულთა 48 პროცენტის დამოკიდებულება უარყოფითად შეიცვალა. „ბევრად მეტი გვინდოდეს ჩვენ გულში“, _ აღნიშნა ოპოზიციური კანდიდატების პროგრამებზე პრეზიდენტმა. იქნებ იგივე იყო ამომრჩევლის მოთხოვნაც მედიისადმი.

"ლიბერალი", #33, 31 მაისი - 6 ივნისი, 2010

ნინო დანელია, მედიამკვლევარი: „ის, რაც ხვდება მედიის პირველ ბლოკში, განსაზღვრავს საზოგადოების დღის წესრიგს. შეგვიძლია განვაზოგადოთ, პირველ ბლოკში მოხვედრილი ამბები უფრო მნიშვნელოვანია, უფრო მეტად იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას, იწვევს სჯა-ბაასს, კრიტიკას ან პირიქით, დათანხმებას საზოგადოების მხრიდან, ვიდრე მომდევნო ბლოკებში მოხვედრილი ამბები. ის, რაც მოხვდება პირველ ბლოკში, უდაოდ იქნება უფრო მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის“.

ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი: “მთავარია, ჩვენი ეთერი ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი წინასაარჩევნო აქტივობა აჩვენონ და მაყურებლამდე მიიტანონ თავისი სათქმელი. რომელი უფრო თანაბრად გააკეთებს, ეს უკვე მათ მარიფათზე, ტემპერამენტსა და პოლიტიკურ პოზიციაზეა დამოკიდებული. პარტიების მაგივრად შემდეგ ტელევიზიებს მოვთხოვოთ ბალანსი, მთლად გამართლებული არ უნდა იყოს. ბალანსის მექანიკურად დათვლა უბრალოდ არასწორია“.

ხათუნა ბერძენიშვილი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი: „ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამომრჩველს დავეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ვიღებთ ისეთ ხელისუფლებას, რა არჩევანსაც ვაკეთებთ. „მოამბის“ პრიორიტეტული ამოცანაა, ჩამოიშოროს სტატუსი, რომ ის ხელისუფლების რუპორია. ამ სტერეოტიპის ჩამოშორებას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. აქ აქცენტირებულად ხელისუფლება თავის ინტერესს ვერ გაატარებს იმიტომ, რომ „მოამბე“ პირველ რიგში საზოგადოების ინტერესების გამტარებელია“.

თამარ ჩიქოვანი, ჟურნალისტი: „საარჩევნო ახალი ამბების გაშუქებაში არაფერი შეცვლილა. მაუწყებლები მთლიანად იმ დღის წესრიგზე არიან მიბმულები, რომელიც ამათუიმ პოლიტიკოსებმა განსაზღვრეს. ამას მიჰყვება მედია. არ მზადდება სიუჟტები იმის შესახებ, თუ რა დევს სიღრმისეულად პროგრამებში, ან როგორ მოვიდნენ დღემდე ეს პოლიტიკოსები. რატომ უნდა ვენდო, ან არ უნდა ვენდო მათ _ ამის შესახებ უნდა მიამბონ ჟურნალისტებმა“.

ია ანთაძე, ჟურნალისტი: „მოქალაქეებმა თავისი ყოფის შესახებ იციან გაცილებით მეტი რამ, ვიდრე ვიცით ჩვენ, ჟურნალისტებმა. ზოგიერთი ამბავი მოდის ჟურნალისტამდე, მაგრამ ბევრი იკარგება მოქალაქესა და ჟურნალისტს შორის. ამიტომ უნდა შევქმნათ მოქალაქე ჟურნალისტების ინსტიტუტი. ვეცდებით, არჩევნების პერიოდში გამოვიყენოთ ეს ახალი სისტემა. ეს თუ აეწყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში უკვე არსებობს“.

ნინო ჟიჟილაშვილი, ჟურნალისტი: „ჩვენი მისია წინასაარჩევნო პერიოდში ნამდვილად არ არის რეკლამირება. ჩვენი მისიაა საზოგადოების მხარეს ყოფნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში გაჩენილი ყველა კითხვა უნდა დავსვათ ყველა დაპირებასთან, თუ პროგრამაში გაწერილ პუნქტთან დაკავშირებით, რასაც ვერ ვხედავ. კონტექსტს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, რადგან სწორედ კონტექსტის შეფუთვაა პროპაგანდისტული ჩვენს ტელევიზიებში“.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: “საერთოეროვნული მაუწყებლების წინასაარჩევნო ეთერი არსებითად განსხვავდება იმ ტელევიზიებისგან, რომლებიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობენ. ადგილობრივი მედია უფრო მეტად აშუქებს ამბებს ზეწოლის ფაქტებზე, მაგრამ ისინი შემდეგ აღარ ხვდება ეროვნულ მაუწყებლებში. რეგიონულ მედიაზე მოსახლეობის უმეტესობას არ მიუწვდება ხელი და გვრჩება აბსულუტურად სხვა რეალობა. პოლიტიკური რეკლამა რომ არ იყოს, ვერც კი გავიგებდით, ვინ არიან მერობის კანდიდატები თბილისში. ისტორიულ პერსპექტივაში, მხოლოდ მედიის საერთო სურათით, გაგვიჭირდება იმის დანახვა, როგორ იყო 2010 წლის არჩევნები“.

P.S.აუდიოინტერვიუების სრულად მოსმენა შეგიძლიათ ”ლიბერალის” ვებგვერდზე www.liberali.ge

No comments: