12/2/09

ფაქტები და არა იდეალები

"ისტორია ფაქტებია და არა იდეალები”, – ამ ფრაზის ავტორი გერმანელი ისტორიკოსი ოსვალდ შპენგლერია. ჟურნალისტებს კი ხშირად უყვართ იმის თქმა, რომ ისინი ისტორიის პირველ ვერსიას ქმნიან. თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც შპენგლერმა თავის გახმაურებულ წიგნში „ევროპის დაისი“ დაწერა: „სიმართლე ის არის, რაც პრესას სურს რომ გამოაცხადოს სიმართლედ. სამკვირიანი მიზანმიმართული მუშაობა და „სიმართლე“ ყველას ეცოდინება. პრესა დღესდღეობით კარგად ორგანიზებული არმიაა, სადაც ჟურნალისტები ოფიცრები არიან, მკითხველები კი ჯარისკაცები, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ ოფიცრების ბრძანებას. მკითხველი სულაც არ არის თავისუფალი. ეს არის სწორედ დემოკრატიის დასასრული.“

დემოკრატიის დასაწყისი კი საქართველოში, შესაძლოა, სწორედ ის აღმოჩნდეს, რომ მკითხველებს და მაყურებლებს აღარ სურთ ჯარისკაცობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებას, რომელიც მუდმივად აპროტესტებდა კერძო ტელეკომპანიების („რუსთავი 2“, „იმედი“) სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის ფაქტებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ რამდენიმე დღის წინ გამართულ პოლიტიკურ აქციამდე არასოდეს გახსენებია „საკუთარი“ ტელევიზია. ამიტომაც, ლოგიკურია ამავე აქციაში დემოკრატიის საფრთხეებიც დავინახოთ.

აქციაზე გამომსვლელები გაეთიანებული ოპოზიციიდან აცხადებდნენ, რომ მათ დაიბრუნეს ტელევიზია. ადეკვატური იყო ამ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის განცხადება, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვება არ ნიშნავს ოპოზიციაზე დამოკიდებულებას. თუმცა, ამ განცხადების პირველი ნაწილი არასოდეს დაუდასტურებია საზოგადოებრივ მაუწყებელს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეს ტელეარხი ყველაზე მეტად იცავდა ბალანსს. მედიასაბჭოს მონიტორინგმა ცხადყო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს მეტი დრო დაეთმო, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ბალანსის მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებელი არ არის დაბალანსებული მედიის ინდიკატორი.

გიორგი თარგამაძემ ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სწორედ „იმედი“ ასრულდებდა საზოგადოებრივი ტელევიზიის ფუნქციას. დღეს კი ის და მისი თანაგუნდელები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ აქციას უერთდებიან, როგორც პოლიტიკოსები. მედიაში სტანდარტებს კი პროფესიონალი და ამავე დროს პრინციპული ჟურნალისტები და მედიამენეჯერები უნდა აყალიბებდნენ და არა დროდადრო ჟურნალისტიკას თავშეფარებული პოლიტიკოსები.

დღესდღეობით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაზე მიდის გარიგება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. თუკი მხარეების გაცხადებული სურვილი საბჭოში პოლიტიკური ნიშნით მათი წარმომადგენლის შესვლა არ არის, მაშინ რაა მათი გარიგების საგანი: ის, რომ საბჭოს წევრი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები მათ ინტერესებს იცავდნენ და სწორედ მათ შორის იყოს „ბალანსი“?! ფაქტია, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების ერთ–ერთ პირველ საკითხად საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხს განიხილავს, თავისთავად აღიარებს მასზე კონტროლის ფაქტს. ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებასთან ამ საკითხის განხილვა კი, რა თქმა უნდა, ადასტურებს მასზე კონტროლის სურვილს. უმთავრესი მაინც ის არის, რომ სამეურვეო საბჭოს წევრებს საზოგადოება ენდობოდეს და არა რომელიმე ინტერესჯგუფი. ამასთან არანაკლებ მნიშვნელოვანია, საბჭო იყოს ეფექტიანი და არა ფორმალური, როგორიც ეს აქამდე იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლისგან საზოგადოება ძირეულ რეფორმებს ელის, ისევე როგორც მაუწყებელი საზოგადოებისგან მოლოდინების შეცვლას. მოლოდინისა, რომ ინფორმაცია იყოს დაბალანსებული, ზუსტი და მიუკერძოებელი. საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ერთ ეკრანზე უნდა აჩვენოს ის, რის გამოც ადამიანები დისტანციური პულტის ხელიდან გაუშვებლად თითქმის ერთდროულად ყურებენ სხვადასხვა არხებს, გაიგონ ერთი ამბის სხვადასხვა მხარე. პოლონელი პრესომბუდსმენი ადამ მიხნიკი პირველი იყო, რომელმაც თავის დროზე ხმამაღლა განაცხადა, რომ არჩევნებში ხმას არა თადეუშ მაჟოვეცკის, არამედ ლეხ ვალენსას აძლევდა. მოგვიანებით მიხნიკი, როგორც ერთ–ერთი მაღალტირაჟიანი პოლონური გაზეთის „გაზეტა ვიბორჩას“ რედაქტორი აღნიშნავს: „მე შემეძლი მქონოდა ჩემი გაცხადებული არჩევანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა გაზეთის წინასაარჩევნო ინსტრუმენტად გამოყენება. ეს უდიდესი შეცდომა იყო.“ ეს ისე, გაკვეთილისთვის.

მედიაზე კონტროლი არამხოლოდ განვითარებადი დემოკრატიებისთვის არის დამახასიათებელი. რამდენიმე ხნის წინ ფრანგული ყოველდღიური გაზეთი „მონდი“ სტატიაში „მედიაზე კონტროლის ახალი მოდელი საფრანგეთში“ წერდა: „სარკოზი განსაკუთრებით გულწრფელი იყო, როდესაც იმ მილიარდელებთან ახლო კავშირზე საუბრობდა, რომლებიც გაზეთების და სატელევიზიო კომპანიების მფლობელები არიან და მათ მეგობრებად იხსენიებდა. პასუხად მიიღო ის, რომ მისი ფეხის ყოველი გადადგმა შუქდებოდა. საფრანგეთმა შექმნა მედიაზე კონტროლის ახალი სისტემა, რაღაც შუალედური ბერლუსკონისა და პუტინის მოდელებს შორის.“ მედიაძალაუფლება, არა მხოლოდ ოლიგარქების ხელში, ყველაზე მძლავრი პოლიტიკური ძალაუფლებაა. მსოფლიოში ყველაზე ორიგინალურ საჩუქრად დღემდე რჩება ადოლფ ჰიტლერისადმი მიძღვნილი საჩუქარი: გაზეთ „ფრანკფურტერ ცაიტუნგის“ მფლობელებმა გაზეთი ფიურერს დაბადების დღეზე „მიართვეს საჩუქრად“. გაზეთი მოგვიანებით გებელსის პროპაგანდის ძირითად ინსტრუმენტად იქცა.

და ბოლოს, ერთი საინტერესო ისტორიული რაკურსი: 1870 წელს ინგლისში გამოვიდა ე.წ. ფოსტერის აქტი, რომელმაც სავალდებულო გახადა საშუალო განათლება. მეოცე საუკუნის ინგლისელი ისტორიკოსი არნოლდ ტოინბი ნაშრომში „ისტორიის შესწავლა“ წერს, რომ ბრიტანეთი ყვითელი პრესა სწორედ ფოსტერის აქტის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ გაჩნდა. ტოინბი ყვითელ პრესაზე მოთხოვნას ნახევრადგანათლებული თაობის მოსვლით ხსნის და იქვე მიუთითებს, რომ „განათლების სისტემა შეიცავს იმ საფრთხეს, რომ ადამიანები ინტელექტუალური ტირანიის ქვეშ მოექცნენ. შესაბამისი განათლების გარეშე ვერ გამოიმუშავებ იმუნიტეტს პორპაგანდის წინააღმდეგ“. ტოინბი განმარტავს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივ ტელევიზიებს აკისრია, რომელსაც ძალუძს სტანდარტის აწევა. შესაძლოა, ქართული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაბალანსებულ საინფორმაციო მაუწყებლობასთან ერთად სწორედ მისი საგანმანათლებლო ფუნქცია იქცეს დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესების ძირითად ორიენტირად.

„განათლებული მაყურებელი შესაძლოა ჩვენი ყველაზე ცუდი მომხმარებელი იყოს“, – ამბობს ამერიკის საზოგადოებრივი არხის (PBS) არხის ჟურნალისტი რობერტ მაკნეილი. იქნებ მედიის ყველაზე ცუდი მომხმარებელია სწორედ საუკეთესო მოქალაქე, რომელსაც შესწევს უნარი ინფორმირებული და მართებული გადაწყვეტილება მიიღოს.

2008 წელი

10/14/09

„ალიონიდან“ „ალიონამდე“ სითბოს და განწყობას ვინ გვაჩუქებს

პირველი (ბულეტ პოინტებს ასე მირჩევნია): გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას იმ ჯგუფს, რომელიც ახალ “ალიონს“ გააკეთებს.

მეორე: პირველივით მოკლედ არ ითქმის. გასული სატელევიზიო სეზონის შუაში „ალიონის“ ერთ–ერთ წამყვანს კოტიკო თოლორაიას რუბრიკა შევუცვალეთ და სასარგებლო რჩევების მაგივრად, ვაკანსიები მივაბარეთ (კიდევ ერთხელ მადლობა ჯობს.გეს და ლექსო ხუბულავას თანამშრომლობისთვის). კოტიკოს ერთ–ერთი ბოლო სასარგებლო რჩევა, ბოსტანმენეჯმენტიდან ბოლოკის და კვერცხის ერთად დათესვა იყო, უკეთესი მოსავლის მისაღებად. პრინციპში პირველი არხის მენეჯმენტიც რაღაცით წააგავს კოტიკოს აბსურდულ და კურიოზულ რჩევას, უკეთესი მოსავლისა ჯერ რა მოგახსენოთ.

ვაკანსიების რუბრიკა აქტუალურად გვეჩვენა და სეზონის განმავლობაში ხშირად გვიმსჯელია, ჰქონდა თუ არა ეფექტი ამ შინაარსობრივ ცვლილებას „ალიონში“. პრინციპში ალბათა არა. ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვი რომ დიდი იყოს, მხოლოდ შრომის კოდექსი ღირს ერთ რევოლუციად. ამა წლის 13 ოქტომბერს, რაც ცრუმორწმუნეთა რიგებში გადასასვლელად ჩემთვის მაინც არასაკმარისი მიზეზი აღმოჩნდა, „ალიონის“ 30–მდე(ფანქი, ვაჭარბებ თუ ვაკნინებ?) თანამშრომელს კონტრაქტები შეგვიწყვიტეს, ერთი თვის კომპენსაციის დაპირებით. კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე 13 ოქტომბერსვე გვეცნობა (მეტად ადრე გაფრთხილებას არც ავალდებულებს დამქირავებელს კანონი), მიზეზად არხის კიდევ ერთხელ რეორგანიზაცია დასახელდა. ისე კი განახლებული „ალიონი“ არხის როგორც ახლანდელი, ისე მისი წინამორბედი დირექტორის (ჩვენში რომც არ დარჩეს, რუსთავი 2–ის დილის გადაცემის წლევანდელი ფორმატის „შემქმნელის“ მიერაც) მოწონებული და მათთან ერთადვე შემუშავებული პროექტი იყო. რა გაეწყობა, დავიშალეთ.

რა თქმა უნდა, უკეთესი გადაცემის კეთება შეიძლებოდა, ისევე როგორც შეიძლებოდა არხს უკეთესი მენეჯმენტი ან უკეთესი სამეურვეო საბჭო ჰყოლოდა. გასული სატელევიზიო სეზონის ბოლოს ტოპმენეჯმენტმა რამდენიმე გადაცემის ჩანაწერი ითხოვა, იმის წარმოსადგენად თუ რას აკეთებდა „ალიონის“ ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში. ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც ზემდგომნი გადაცემით დაინტერესდნენ, აპრილის მოვლენები იყო. „გადაცემით დაინტერესდნენ“ პრინციპში გადაჭარბებულია, მათ მხოლოდ ერთადერთ რუბრიკასთან ჰქონდათ შენიშვნა, ეს იყო პრესის მიმოხილვა. მთელი 8 თვის განმავლობაში, მხოლოდ ორი გაფრთხილებაც სწორედ ქეთო (ერისქალობაში ქეთი) სტურუას მისამართით იყო, რომ მისი მიმოხილვა არ იყო დაბალანსებული და ოპოზიციური სტატიების სიჭარბით გამოირჩეოდა. ქეთიმ არ დათმო რეალობა და პროფესიონალიზმი, რისთვისაც მე პირადად „პრემიას ვუწერ“ J

„ალიონში“, ისევე როგორც ნებისმიერ გუნდში იყვნენ პროფესიონალები, ნახევრადპროფესიონალები (გნებავთ, მზარდი კადრები) და მოყვარულები. თუმცა, ყველას თავისი საქმე ებარა. ყველამ ერთად გამოვიარეთ გაზაფხულის, სამუშაოდ ძალიან რთული პერიოდი, როდესაც გვიწევდა სირცხვილის დერეფანში გავლა, სპეცრაზმელების გავლით სტუდიაში შესვლა (იყო სტრესი ამ უსაფრთხოებაში), გადაცემის სტუმრების გასაოცარი მოხერხებულობით ტელევიზიის შენობაში შეყვანა, მაგრამ არც ერთი გადაცემა არ ჩავარდნილა (აი, „სამოთხის ვაშლები“ კი ჩავარდა, სულ მალე მისი შემქმნელებისგან იხილეთ უკეთესი „ალიონი“). მენეჯმენტისგან სიტყვიერი წახალისებაც კი არ მიგვიღია ამის გამო, ელემენტარულ ინსტრუქტაჟზე რომ არაფერი ვთქვათ, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით მსგავს არაორდინალურ სამუშაო პირობებში.

დიახ, (ოღონდ ლიკა სულიკაშვილი „ი“–ზე რომ სვამს მახვილს ისე J), უკეთესი კარგის მტერიაო. დღეიდან მე, როგორც მაყურებელი უკეთეს „ალიონს“, ჩვენს „მტერ“ უკეთეს ტელევიზიას ველი.

P.S ისე წამოვედი ვერ დავემშვიდობე საეთეროს თანამშრომლებს და სტუდიის ოპერატორებს, ორი წელი ქმართან ერთად ვიძინებდი და მათთან ერთად ვიღვიძებდი J