გიორგი თარგამაძემ ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სწორედ „იმედი“ ასრულდებდა საზოგადოებრივი ტელევიზიის ფუნქციას. დღეს კი ის და მისი თანაგუნდელები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ აქციას უერთდებიან, როგორც პოლიტიკოსები. მედიაში სტანდარტებს კი პროფესიონალი და ამავე დროს პრინციპული ჟურნალისტები და მედიამენეჯერები უნდა აყალიბებდნენ და არა დროდადრო ჟურნალისტიკას თავშეფარებული პოლიტიკოსები.
დღესდღეობით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაზე მიდის გარიგება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. თუკი მხარეების გაცხადებული სურვილი საბჭოში პოლიტიკური ნიშნით მათი წარმომადგენლის შესვლა არ არის, მაშინ რაა მათი გარიგების საგანი: ის, რომ საბჭოს წევრი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები მათ ინტერესებს იცავდნენ და სწორედ მათ შორის იყოს „ბალანსი“?! ფაქტია, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების ერთ–ერთ პირველ საკითხად საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხს განიხილავს, თავისთავად აღიარებს მასზე კონტროლის ფაქტს. ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებასთან ამ საკითხის განხილვა კი, რა თქმა უნდა, ადასტურებს მასზე კონტროლის სურვილს. უმთავრესი მაინც ის არის, რომ სამეურვეო საბჭოს წევრებს საზოგადოება ენდობოდეს და არა რომელიმე ინტერესჯგუფი. ამასთან არანაკლებ მნიშვნელოვანია, საბჭო იყოს ეფექტიანი და არა ფორმალური, როგორიც ეს აქამდე იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლისგან საზოგადოება ძირეულ რეფორმებს ელის, ისევე როგორც მაუწყებელი საზოგადოებისგან მოლოდინების შეცვლას. მოლოდინისა, რომ ინფორმაცია იყოს დაბალანსებული, ზუსტი და მიუკერძოებელი. საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ერთ ეკრანზე უნდა აჩვენოს ის, რის გამოც ადამიანები დისტანციური პულტის ხელიდან გაუშვებლად თითქმის ერთდროულად ყურებენ სხვადასხვა არხებს, გაიგონ ერთი ამბის სხვადასხვა მხარე. პოლონელი პრესომბუდსმენი ადამ მიხნიკი პირველი იყო, რომელმაც თავის დროზე ხმამაღლა განაცხადა, რომ არჩევნებში ხმას არა თადეუშ მაჟოვეცკის, არამედ ლეხ ვალენსას აძლევდა. მოგვიანებით მიხნიკი, როგორც ერთ–ერთი მაღალტირაჟიანი პოლონური გაზეთის „გაზეტა ვიბორჩას“ რედაქტორი აღნიშნავს: „მე შემეძლი მქონოდა ჩემი გაცხადებული არჩევანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა გაზეთის წინასაარჩევნო ინსტრუმენტად გამოყენება. ეს უდიდესი შეცდომა იყო.“ ეს ისე, გაკვეთილისთვის.
მედიაზე კონტროლი არამხოლოდ განვითარებადი დემოკრატიებისთვის არის დამახასიათებელი. რამდენიმე ხნის წინ ფრანგული ყოველდღიური გაზეთი „მონდი“ სტატიაში „მედიაზე კონტროლის ახალი მოდელი საფრანგეთში“ წერდა: „სარკოზი განსაკუთრებით გულწრფელი იყო, როდესაც იმ მილიარდელებთან ახლო კავშირზე საუბრობდა, რომლებიც გაზეთების და სატელევიზიო კომპანიების მფლობელები არიან და მათ მეგობრებად იხსენიებდა. პასუხად მიიღო ის, რომ მისი ფეხის ყოველი გადადგმა შუქდებოდა. საფრანგეთმა შექმნა მედიაზე კონტროლის ახალი სისტემა, რაღაც შუალედური ბერლუსკონისა და პუტინის მოდელებს შორის.“ მედიაძალაუფლება, არა მხოლოდ ოლიგარქების ხელში, ყველაზე მძლავრი პოლიტიკური ძალაუფლებაა. მსოფლიოში ყველაზე ორიგინალურ საჩუქრად დღემდე რჩება ადოლფ ჰიტლერისადმი მიძღვნილი საჩუქარი: გაზეთ „ფრანკფურტერ ცაიტუნგის“ მფლობელებმა გაზეთი ფიურერს დაბადების დღეზე „მიართვეს საჩუქრად“. გაზეთი მოგვიანებით გებელსის პროპაგანდის ძირითად ინსტრუმენტად იქცა.
და ბოლოს, ერთი საინტერესო ისტორიული რაკურსი: 1870 წელს ინგლისში გამოვიდა ე.წ. ფოსტერის აქტი, რომელმაც სავალდებულო გახადა საშუალო განათლება. მეოცე საუკუნის ინგლისელი ისტორიკოსი არნოლდ ტოინბი ნაშრომში „ისტორიის შესწავლა“ წერს, რომ ბრიტანეთი ყვითელი პრესა სწორედ ფოსტერის აქტის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ გაჩნდა. ტოინბი ყვითელ პრესაზე მოთხოვნას ნახევრადგანათლებული თაობის მოსვლით ხსნის და იქვე მიუთითებს, რომ „განათლების სისტემა შეიცავს იმ საფრთხეს, რომ ადამიანები ინტელექტუალური ტირანიის ქვეშ მოექცნენ. შესაბამისი განათლების გარეშე ვერ გამოიმუშავებ იმუნიტეტს პორპაგანდის წინააღმდეგ“. ტოინბი განმარტავს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივ ტელევიზიებს აკისრია, რომელსაც ძალუძს სტანდარტის აწევა. შესაძლოა, ქართული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაბალანსებულ საინფორმაციო მაუწყებლობასთან ერთად სწორედ მისი საგანმანათლებლო ფუნქცია იქცეს დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესების ძირითად ორიენტირად.
„განათლებული მაყურებელი შესაძლოა ჩვენი ყველაზე ცუდი მომხმარებელი იყოს“, – ამბობს ამერიკის საზოგადოებრივი არხის (PBS) არხის ჟურნალისტი რობერტ მაკნეილი. იქნებ მედიის ყველაზე ცუდი მომხმარებელია სწორედ საუკეთესო მოქალაქე, რომელსაც შესწევს უნარი ინფორმირებული და მართებული გადაწყვეტილება მიიღოს.
2008 წელი