5/28/10

გამოტოვებული საკითხები

„დაბალანსებული, გაწონასწორებული და ეფექტიანი“, _ ასე დაახასიათა მოკლედ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა მისივე თანამონაწილეობით შექმნილი ახალი კონსტიტუციის სამუშაო ვერსია. წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე, ეს საკითხი მაუწყებლებმა ჯეროვნად არ გააშუქეს, თუ არ ჩავთვლით „მაესტროს“ მცდელობას, წინ წამოეწია საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი. თუმცა ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ჭრილშია მნიშვნელოვანი, მაუწყებლების ყურადღების მიღმა დარჩა.

კონსტიტუციის რეფორმის შესახებ „ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის“(NIMD) კვლევის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების დეცენტრალიზაციას უჭერს მხარს, როდესაც, რეალურად, მუნიციპალიტეტებს და საკრებულოებს შეზღუდული უფლებამოსილება აქვთ. გამოკითხულთა 68 პროცენტი მხარს ძლიერ ადგილობრივ ხელისუფლებას უჭერს, ხოლო ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების მომხრე 24 პროცენტია.

დეცენრალიზაციის მხარდაჭერა განსაკუთრებით აშკარაა ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობებზე საუბრისას. 10-დან 6 ადამიანი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს პასუხისმგებელი ისეთი საკითხებზე, როგორიცაა გზების მშენებლობა და შეკეთება რაიონებში, უბნისა და ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელების დანიშვნა. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთობლივი გადაწყვეტლების მიღებას კი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით უჭერენ მხარს, როგორიცაა ძირითადი გზატკეცილების მშენებლობა, გადასახადების დაწესება, მიწის გამოყენებაზე წესების შემოღება და სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია.

დედაქალაქის გარეთ მცხოვრებნი ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიას მეტად უჭერენ მხარს. „ეს შესაძლოა პროვინციის მოსახლეობის შეზღუდულ უფლებებზე მიუთითებდეს. მონაცემებზე დაყრდნობით, ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდა, როგორც საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი, დიდად იქნება მხარდაჭერილი საზოგადოების მიერ“, _ აღნიშნულია კვლევის ანგარიშში. ზოგადად, თვითმმართველობათა უფლებამოსილების საკითხის გაშლა ერთ-ერთი საინტერესო მხარე იქნებოდა იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად განხორციელებადია კანდიდატთა დაპირებები.

საყურადღებო ტენდენციაა ისიც, რომ რეგიონების თვითმმართველობის არჩევნები მედიის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, ძირითად ყურადღება თბილისის მერის არჩევნებს ექცევა. რეგიონში მიმდინარე პროცესებს ნაციონალური მაუწყებლებიდან თვალ-ყურს „მოამბე“ ადევნებს, ძირითადად დარღვევების მონიტორინგის კუთხით. „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ კი საარჩევნო თემატიკა უმეტესწილად საინფორმაციო გამოშვებების მეორე ბლოკებშია გადაწეული და საარჩევნო ქრონიკით შემოიფარგლება. შესაბამისად, არც დარღვევების შესახებ გვხვდება სიუჟეტები. ამ ორი ტელეკომპანიის აქტივობა წინასაარჩევნო პერიოდში სხვა მიმართულებთ გამოიხატა. ეს არის დაგეგმილი ეგზიტპოლი და ფრანგული კვლევითი კომპანია CSA-თვის დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელმაც მმართველი პარტიის და მისი კანდიდატის უპირატესობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

რეგიონების გაშუქების თვალსაზრისით, საინტერესო იყო „მოამბეს“ მიერ მოზადებული სიუჟეტი, თუ რა ვითარებაა წინასაარჩევნოდ აზერბაიჯანელებით დასახლებულ მარნეულში. „7-შია თუ 30-ში“, „პრეზიდენტს ირჩევენ თუ გიგი უგულავას“, _ ეს ინფორმირებულობის ყველაზე მაღალი დონე იყო, მოსახლეობის უმეტესობას კი წარმოდგენა არ აქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება.

მომდევნო სიუჟეტი ახალქალაქს შეეხებოდა, სადაც ძირითად მოსახლეობას სომხები შეადგენენ. „ახალქალაქის მოსახლეობას არჩევნების მოახლოებას ნაციონალების პლაკატები ახსენებს“, _ ასე იწყებოდა სიუჟეტი და იქვე იყო მითითებული, რომ მომავალი კვირიდან რეგიონში ქრისტიან-დმოკრატიული მოძრაობაც გააქტიურდება. „მარნეულის, ახალციხის და ბოლნისის შედეგებით ვერ გაგვიყალბებენ არჩევნებს, თბილისი არ ყალბდება“, _ აცხადებს ზვიად ძიძიგური. ოპოზიციურ პარტიათა ნაკლებაქტიურობა რეგიონებზე მომზადებულ ყველა სიუჟეტში ხაზგასმულია, თავად კანდიდატები კი ამის მიზეზად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელის შეშლას ასახელებენ.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთ-ერთი პოპულარული თემაა წინასაარჩვენოდ მაუწყებლებისთვის („კავკასია“, „მაესტრო“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“). „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი იყო პოლიტიკური პარტიებიდან, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ მემორანდუმს შეუერთდა, თუმცა ყველაზე მეტი ბრალდება მედიაში სწორედ მათ მიმართ ისმის. „რა ვქნათ, შევწყვიტოთ პენსიების გაცემა, რახან წინასაარჩევნო პერიოდია“? _ ასე უპასუხა გიგი უგულავამ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. „ძნელია, გაავლო ზღვარი სახელმწიფოს ფუნქციონირებას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას შორის“, _ განმარტავდა უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი. ამ ორი საკითხის გამიჯვნას კი მედიისთვის ისიც ართულებს, რომ ქალაქის მერი ამავე დროს მერობის კანდიდატია.

„ამას არ სჭირდება ოპოზიციის ხელმოწერები, ამას ხელისუფლების ნება სჭირდება“, _ აცხადებდა გიორგი თარგამაძე მემორანდუმის თაობაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი განმარტავდა, რომ „მმართველი პარტიის მხრიდან მემორანდუმთან მიერთება მნიშველოვანია, რადგანაც მას ყველაზე მეტად მიუწვდება ხელი რესურსზე“.

სამსახურებრივი მანქანების და კორპორატიული სატელეფონო ნომრების გამოყენება _ ყველაზე მსუბუქია იმ დარღვევათა შორის, რაც მედიაში ხვდება, ოპოზიციური კანდიდატების დაშინება და დაშანტაჟება კი _ ყველაზე მძიმე. „კავკასიასა“ და „მაესტროზე“ უმეტესად ბრალდებები მოპასუხე მხარის კომენტარის გარეშეა წარმოჩენილი, ამ საკითხებისადმი მიძღვნილი ახალი ამბების სცენარი „მოამბის“ სიუჟეტებში კი ხშირად ერთმანეთის იდენტურია: ჟურნალისტი რეგიონებში იმ ამბების კვალდაკვალ მიდის, რაზეც ოპოზიციური პარტიები ან არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ. სიუჟეტში არ ჩანს არც დამშინებელი და არც დაშინებული. მათი ჩაწერა, ვინც ამ ზეწოლის მსხვერპლია, ვერ ხერხდება, მიზეზი მარტივია და დამაჯერებელი - „არ სურთ კამერის წინ გამოჩენა“. სიუჟეტის წყარო ამბის გამგონე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, ბოლო სიტყვა კი ისევ მმართველი პარტიის წარმომაგენელს ეკუთვნის (რომელიც თავად არ არის შანტაჟის მონაწილე), რომ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა. სატელევიზიო ახალი ამბის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთი პრობლემები მედიას ურთულებს ამ ტიპის ამბების დამაჯერებლად წარმოჩენას.

თუმცა, არის კიდევ უფრო მსხვილი დარღვევები, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ და ამის ამსახველი ვიდეომასალებიც არსებობს, მაგრამ ისინი ნაციონალური არხების საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში არ ხვდება. არჩევნების მედიაცენტრი („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“) 3 მაისს მესტიაში მომხდარ ფაქტზე მიუთითებს, როდესაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ, სამხარეო პოლიციის უფროსმა თენგიზ გუნავამ (რომელიც კადრში ჩანს) და ძალოვანი უწყებების სხვა თანამშრომლებმა ოპოზიციურ კანდიდატებს იძულებით მოაწერინეს ხელი განცხადებაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე წარუდგინეს, მასალა სრულად „მაესტრომ“ აჩვენა, რომელსაც ახლდა დაზარალებული ლერი ნაკანის (პარტია „თავისუფლება“) კომენტარიც და ზაზა გოროზიას სატელეფონო უარყოფაც: „არც ერთი სამხედრო იქ არ ყოფილა, სპეცდანიშნულების ჯგუფი ყოველთვის არის მესტიაში“. იქვე პროვოკაცია უწოდა ამ ფაქტს და განმარტა, რომ მესტიაში რამდენიმედღიანი უშუქობის პრობლემის გამო იყო ასული და სპეცდანიშნულების რაზმიც ამიტომ პატრულირებდა. „მოამბეში“ კი აღნიშნული იყო, რომ არჩევნების მედიაცენტრმა პრესკონფერენცია გამართა და სვანეთში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა, რომლის ფრაგმენტიც კადრში პრესკონფერენციის ფონად ჩანდა.

ნაციონალური არხების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა ასევე „ეროვნული საბჭოსა“ და „ეროვნული ფორუმის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილი სარჩელის განხილვა. დიდუბის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ კომისიის წევრების კონცერტზე და შემდეგ რესტორანში დაპატიჟების ამსახველი ვიდეომასალა „მაესტრომ“ და „კავკასიამ“ აჩვენა. „ეს იყო ჩვეულებრივი ქართული ქეიფი, რაც კანონდარღვევა არ არის, ასე მთელი საქართველო დასაჭერი იქნებოდა“, _ განმარტა გიორგი ბარამიძემ, რომელიც თავად ესწრებოდა „ჩვეულებრივ ქართულ ქეიფს“. სარჩელი არც ცესკო-მ დააკმაყოფილა.

ზედაპირულად იყო გაშუქებული საარჩევნო სიების საკითხიც. საარჩევნო სიების გადამოწმება პოლიტიკური პარტიების მხრიდან, აღმოჩენილი ხარვეზების რაოდენობრივი მონაცემები, რეესტრის მხრიდან ჩასწორებები, ამაში დახარჯული თანხა და ბოლოს ცესკო-ს ინიციატივა რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლებისთვის დამატებითი უბნების შექმნაზე _ ამ ყველაფერმა ბოლოს სამივე ნაციონალური მაუწყებელი მხოლოდ ერთ ამომრჩევლამდე, საფეხბურთო მწვრთნელ რევაზ ძოძუაშვილამდე მიიყვანა, მაშინ როცა ასეთი ამომრჩეველი ათასობითაა ქალაქში.

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კანდიდატები არათანაბარ მედიაზე საუბრობენ. „მომეცით ისეთი მედია, როგორიც ნაციონალურ მოძრობას აქვს და მეც ვაწარმოებ ასეთ კამპანიას“, _ პირველი სამდურავი ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ გამოთქვა, თუმცა ეს პოლიტიკური პარტია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებული პარტიაა ახალ ამბებში. ზვიად ძიძიგურმაც „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ მისამართით უკმაყოფილება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას გაანდო. თინა ხიდაშელი კი აღნიშნავდა, რომ „ქართული ტელესივრცე მათ აქტივობებს საკამარისად არ ასახავს. ნაციონალური არხები მოდიან, იწერენ, არქივებს აკეთებენ და აღარ უშვებენ. ვიღაცას ეგონება, რომ ვპასიურობთ“. სამაგიეროდ „ალიანსის“ აქტივობებს უხვად აშუქებს „კავკასიაცა“ და „მაესტროც“.

„მოამბეში“ გასულ სიუჟეტში სხვა ოპოზიციური კანდიდატებიცა და პარტიებიც არათანაბარ მედიაგაშუქებაზე მიუთითებდნენ, ტელეჟურნალისტები კი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე თბილისის მერიის მიერ მხარდაჭერილ „მასმოდა-2010“-ში იღებენ მონაწილეობას. მათ შორის ის ჟურნალისტებიც, რომლებიც თავად აშუქებენ თვითმმართველობის არჩევნებს. „იშვიათ შემთხვევებში, მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შეიძლება ჟურნალისტმა მიიღოს გარკვეული შეღავათი _ მაგალითად, ფასდაკლება თვითმფრინავის ბილეთზე, უფასო ბილეთი წარმოდგენაზე, უფასო ტრანსპორტირება და სასტუმრო, და ა.შ. ასეთმა მიდგომამ არ უნდა იმოქმედოს საკითხის ობიექტურად გაშუქებაზე (22.8) _ აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში. „მოამბის“ ჟურნალისტს კი მერიისგან პრიზად სასტუმრო „რედისონში“ ორი ღამის გათევა ერგო. კოდექსში „სამსახურებრივი მოვალეობის“ ნაცვლად, „ცოლ-ქმრული მოვალეობა“ რომ ეწეროს, საკამათოც არაფერი იქნებოდა.

"ლიბერალი", #32, 24-30 მაისი, 2010

No comments: