5/24/10

ნაციონალური გამოწვევა მედიას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამ სატელევიზიო ახალ ამბებში მნიშვნელოვანი დისბალანსი გამოიწვია.

წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად გამოცხადებიდან სამი კვირის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ საღამოს საინფორმაციო გამოშვებების ყველაზე ნაკლებად ციტირებული პარტია იყო. წინასაარჩევნო კამპანია სახელისუფლო პარტიამ ყველაზე გვიან დაწყო. პირველად ისინი რეგიონებში გამოჩნდნენ _ მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს და ადმინისტრაციული რესურსის თანაბრად გამოყენების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

არაერთხელ გაცხადებული მოლოდინი _ „ხოლო გიგი უგულავას კანდიდატურა ჯერ კიდევ არ წარუდგენია მმართველ პარტიას“ _ მედიას 26 აპრილს გაუმართლდა. მანამდე კი გიგი უგულავამ, ჯერ კიდევ როგორც მხოლოდ მოქმედმა მერმა, რამდენიმე საქმის მოთავება მოასწრო: დაამატა სამარშრუტო ხაზები, შეაკეთა ლიფტები, გახსნა განახლებული დიდუბის მეტროს სადგური _ სიუჟეტები ამ რუტინული სამეურნეო ღონისძიებების შესახებ საღამოს საინფორმაციო გამოშვებებშიც მოხვდა.

შემდეგი ეტაპი _ უგულავას მერობის კანდიდატად წარდგენა _ პირველი სერიოზული გამოწვევა გახდა წინასაარჩევნო მედიისთვის. კითხვა ასე ისმებოდა: შეძლებდნენ თუ არა ახალი სახელისუფლო საინფორმაციო ნაკადის დაბალანსებულად მიწოდებას ამომრჩევლებისთვის.
გიგი უგულავას კანდიდატურა წარადგინა ხათუნა კასრაძემ, რომელიც ზოგ გამოშვებაში _ მრავალშვილიანად, ზოგან კი მერის მომხრე ორშვილიან დედად იყო მოხსენებული. ნაციონალური არხების საღამოს საინფორმაციო გამოშვებების პირველ ბლოკებში ამ ამბავს 15-დან 20 წუთამდე მასალა მიეძღვნა. არც ერთი სხვა კანდიდატის დარეგისტრირებას საინფორმაციო გამოშვებების ამხელა წილი არ დათმობია, მით უმეტეს _ გამოშვებების პირველ ბლოკებში.

საინფორმაციოებში მოქმედი მერის მერობის კანდიდატურის გამოცხადება რამდენიმე ქვეთავად იყო დაშლილი: უგულავას კანდიდატურის წარდგენა გლდანში, უგულავას დარეგისტრირება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, უგულავა და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარების სია, უგულავას კანდიდატურაზე პრეზიდენტის და სხვათა კომენტარები.

თვითონ მერობის კანდიდატი კი ”სიტყვაუხვობითაც” გამოირჩეოდა. თუკი საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე საინფორმაციოების პირველ ბლოკებში ”ჩასმული” უგულავა ძირითადად ”საქმეს აკეთებდა” და თან ჩუმად, წარდგენის დღეს არანაკლებ დიდი დრო დაეთმო მისი საარჩევნო გზავნილების გავრცელებას. უგულავას შესახებ გადაღებული, საშუალოდ, 8-10-წუთიანი სიუჟეტების დაახლოებით ერთი მესამედი მისი 30-წუთიანი გამოსვლიდან ყველაზე შთამბეჭდავი ამონარიდების გადაცემას მიეძღვნა:

”თბილისს არ სჭირდება მერი, რომლისთვისაც მერობა მხოლოდ ტრამპლინია და სხვა არაფერი. თბილისს არ სჭირდება მერი, რომელიც ქალაქს პოლიტიკური კინკლაობის ცენტრად აქცევს. თბილისს სჭირდება მშრომელი მერი, რომელიც თბილისს დასაქმების ცენტრად აქცევს”.

”მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მერია, მისი ყველა სტრუქტურული ერთეული, გამგეობები და მუნიციპალიტეტები იქნება ერთგვარი დასაქმების ბიურო, ხოლო თბილისის მერი იქნება დასაქმების დამცველი”.

”თბილისს სჭირდება მერი, რომელმაც ბევრი გააკეთა, მაგრამ აღიარებს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს“.

გიგი უგულავამ საინფორმაციო გამოშვებებს იმდენად ცოცხალი მასალა შესთავაზა გასაშუქებლად, რომ ”კურიერს”, ”ქრონიკასა” და ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” ”გასაფორმებლად” დამატებითი ელემენტების მოძებნაზე დრო აღარ დაუხარჯავთ. სამაგიეროდ, „მაესტრომ“ გაამახვილა ყურადღება პრეზენტაციის ისეთ დეტალებზე, რაზეც არც ერთ სხვა მაუწყებელს არ უსაუბრია. ”მაესტროს” ფოკუსში უგულავას პრეზენტაციის ტექნიკური მხარე აღმოჩნდა, კერძოდ კი სპეციალური განათებები, რამდენიმე კამერა და სუფლიორები. უგულავას წარდგენის მომდევნო დღეს ამბავს ახალი დეტალები დაემატა: კომპანია, რომელიც მერის გამოსვლას იღებდა, ძირითადად პრეზიდენტის გამოსვლების ჩანაწერებზე მუშაობს. თუმცა, რა დაუჯდა „ჰორიზონ ტივის“ ეს მომსახურება უგულავას შტაბს, ”მაესტროსთვის” გაურკვეველი დარჩა.

იმავე დღეს „მაესტრო“ უგულავას „პროფესიული გარდასახვების“ გასაშუქებლად აღარ მიიწვიეს. ”მაესტროს” განაწყენებულმა ჟურნალისტმა ბოლოს თავად უგულავას ჰკითხა დაუპატიჟებლობის მიზეზი და იმავე დღეს მისი პრესმდივნისგან კონკრეტული პასუხიც მიიღო _ ეს მხოლოდ ტექნიკური პრობლემა იყო და სხვა დროს აღარ განმეორდება. სამდურავის მიუხედავად, სიუჟეტში კადრების სიმწირე არ შეიმჩნეოდა. ღონისძიებაზე დაუპატიჟებლად სიუჟეტების მომზადება არხის „ნოუ-ჰაუდ“ რჩება.

გიგი უგულავას კანდიდატურის წარდგენას ვრცელი სიუჟეტი უძღვნა „კავკასიამაც“. სხვა მაუწყებლებზე გასული სიუჟეტებისგან განსხვავებით, ის შეიცავადა ოპოზიციური პარტიების მოსაზრებებს უგულავას შესახებ:

„მას კიდევ ბევრი რამ დარჩა ქალაქში გასაფუჭებელი“, _ გიორგი თარგამაძე;
„ძირითადი კონკურენტი უგულავა იქნება“, _ გია თორთლაძე;

„ეს ამ ხელისუფლების გაგრძელებაა, თბილისელებმა კი ერთხელ უკვე დაამტკიცეს, რომ ეს ხელისუფლება არ უნდათ“, _ ზურაბ ნოღაიდელი;

„მას მთავარ კონკურენტად ადმინისტრაცული რესურსი აქცევს და _ არა პოლიტიკური იმიჯი“, _ თინა ხიდაშელი.

მიხეილ სააკაშვილთან “რუსთავი 2“-ის ექსკლუზიური ინტერვიუდან ფრაგმენტები ყველა ნაციონალურმა არხმა გაავრცელა. პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შეეხო და გიგი უგულავასადმი მხარდაჭერა გამოხატა:

”ყველა თბილისელმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: არის თუ არა თბილისი უკეთესი ქალაქი, ვიდრე ოთხი წლის წინ? მოსწონს თუ არა აღმშენებლობა, რომელსაც ყველა აღიარებს, მათ შორის ოპონენტებიც? უნდათ, თუ არა, იცხოვრონ იმ ქალაქში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კომფორტული იქნება ევროპის ქალაქებს შორის? თუ ამ ყველაფერზე პასუხი არის დადებითი, მაშინ ამ არჩევნებში ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს ნაციონალურ მოძრაობას და მოქმედ მერს, გიგი უგულავას. მე ვფიქრობ, ჩვენ გვყავს ძალიან გონიერი ამომრჩეველი და ის მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას”, _ სააკაშვილის ამ ღია მხარდაჭერამ ნაციონალური მაუწყებლებისთვის უგულავას კანდიდატად დარეგისტრირების მნიშვნელობა ერთი-ორად გაზარდა, რაც პირდაპირ აისახა თემის გაშუქების საერთო ქრონომეტრაჟზეც.

წინა კვირას „კავკასიასა“ და „მაესტროზე“ უგულავას წარდგენაზე მნიშვნელოვანი ამბავი ბრიტანული ექსპერტიზის დასკვნა იყო _ ეკა წამალაშვილისა და გიორგი არველაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შესახებ. ორივე არხზე ამ თემაზე მომზადებული ვრცელი სიუჟეტები უგულავას ახალ ამბავს წინ უსწრებდა. ნაციონალური არხების საღამოს ახალ ამბებში კი ბრიტანული ექსპერტიზის შედეგები საერთოდ ვერ მოხვდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დისბალანსია ყოველდღიური საარჩევნო ქრონიკა. ნაციონალურ არხებზე სახელისუფლებო პარტიის კანდიდატების წარდგენას უმეტესად ცალკე სიუჟეტი ეთმობა, მაშინ როცა დანარჩენი პარტიების აქტივობები ერთ სიუჟეტშია გაერთიანებული. „კავკასიაზე“ კი საარჩევნო ქრონიკაში ”ნაცმოძრაობის” წარმომაგდენლების ამომრჩევლებთან შეხვედრა ყოველთვის არ ხვდება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მხარეებს შორის ბალანსის პოვნას ახალი წინასაარჩევნო რუბრიკით ახერხებს. ”კანდიდატის ერთი დღე” _ ამ რუბრიკით გააშუქა ”მოამბებ” გიგი უგულავას ორდღიანი პროფესიული გარდასახვები. წინა დღეებში იმავე რუბრიკაში მერობის სხვა კანდიდატებიც მოხვდნენ თავიანთი ”ერთი დღით”.

მოძრაობა „7 ნოემბრის“ წევრ დაჩი ცაგურიასა და მერის გაბაასება ბენზინგასამართ სადგურზე ”კავკასიასა“ და „მაესტროზე“ გაცილებით ვრცლად იყო ნაჩვენები. სამაგიეროდ, ”კურიერმა” ყველაზე ხატოვნად შეძლო წარმოეჩინა გიგი უგულავა, როგორც პურის მცხობელი, ყასაბი, ცნობათა ბიუროს ოპერატორი, მშენებელი და ფანჯრების მწმენდავი. თუკი „მაესტროზე“ „უგულავას ამინდის პროგნოზი არადამაიმედებელი აღმოჩნდა“, „რუსთავი 2“-ზე „მის საქონელს წუნი არ დაედებოდა“ და „სიფთაზეც კარგად ივაჭრა“. „ნავაჭრს“ 30 მაისს „რუსთავის-2“-სა და „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლიც დაითვლის.

"ლიბერალი", #29, 3-9 მაისი

No comments: