5/3/10

წინასაარჩევნო ხმა

„უბრალო ადამიანებმა“ და „რიგითმა მოქალაქეებმა“ სატელევიზიო ახალ ამბებში ახალი სტატუსი შეიძინეს _ „ამომრჩევლები“, თუმცა ისინი სიუჟეტებში ხშირად მხოლოდ ანტურაჟს ქმნიან.

წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლები სულ უფრო მეტად ცდილობენ, ბალანსი _ პოლიტიკურ სუბიექტებს და არა ამომრჩევლებს შორის დაიცვან. საშუალო ფენა, ნეიტრალური და ახალგაზრდა ასაკის ამომრჩეველი _ ეს ის სეგმენტებია, რომელთაც მედია თითქოს ვერც ამჩნევს. ხშირად მაუწყებლები „ვოქსპოპს“ მიმართავენ _ ანუ ხალხის ხმას წინასაარჩევნო სიუჟეტებში გარკვეული პოლიტიკური კონტექსტის შესაქმნელად იყენებენ:

„იმედზე“ პრაიმერის შესახებ სიუჟეტში ქუჩაში რამდენიმე ადამიანი გამოკითხეს, რომელთაგან არც ერთი არ უჭერდა მხარს სოციოლოგიური გამოკითხვით მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენას. ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც პრაიმერის ეფექტურობაში იქნებოდა დარწმუნებული. რამდენიმე დღეში კი აღმოჩნდა, რომ პრაიმერის შესახებ გამოკითხვაში ”ძნელად საპოვნმა” 12 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მათი გარკვეული ნაწილი ჭადრაკის სასახლეში დაესწრო კიდეც შედეგების გამოცხადებას.

დაუბალანსებელი იყო „მაესტროზე“ მომზადებული სიუჟეტი იმის შესახებ, თუ რა პრობლემების მოგვარებას ითხოვს ხალხი მომავალი მერისგან. დასაქმება, მუნიციპალური სამსახურების გაუმჯობესება, სოციალური პრობლემების მოგვარება, _ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს იშველიებდა ჟურნალისტი. ქუჩაში გამოკითხულნი კი ერთხმად უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ასახლებდნენ. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ის გამოკითხულებიც, რომლებიც სხვა პრობლემებს ასახელებდნენ, ბოლოს მაინც დასაქმების აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ.

დასაქმების დაპირებით ნაციონალურ არხებზე უკვე გამოჩნდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები. ნაციონალების ვიზიტს მესტიასა და ახალციხეში, მცხეთასა და გორში ცალკე სიუჟეტები მიეძღვნა, ხოლო სხვა პარტიების წინასაარჩევნო ქრონიკა ამ არხებზე ერთ სიუჟეტში მოაქციეს. ნაციონალების ამომრჩეველიც განსხვავებულად იყო წარმოდგენილი _ მადლიერი, ოპტიმისტი, საქართველოს დროშით ხელში.

„გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, _ ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო გზავნილს იმეორებს უკვე გიგი უგულავაც, რომელიც მერობის კანდიდატად ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ. ლიფტების რეაბილიტაციის პროექტისადმი მიძღვნილი სიუჟეტი 78 წლის პენსიონერი ქალბატონის ამბით იწყება, რომელმაც აღდგენილი ლიფტის წყალობით, 9 წლის შემდეგ პირველად დადგა ფეხი მიწაზე. „სასწაული მოხდა, რომ ასეთი ლიფტი გვაქვს“, _ აღნიშნა იმავე კორპუსის მცხოვრებმა პენსიონერმა მამაკაცმა. ქალაქის მერი კი ხალხის გარემოცვაში აძლევდა ჟურნალისტებს ინტერვიუს, შეძახილის ფონზე _ „გაიხარე, შვილო“.

გაცილებით აგრესიული იყო ხალხის ხმა „იმედზე“, ზურაბ ნოღაიდელის აჭარაში ვიზიტის ამსახველ სიუჟეტში: „რა გააკეთა აჭარისთვის ნოღაიდელმა“? „პუტინის კუკლა! ვგავარ ახლა მე ჩუჩელას, რომ ვიღაცამ მიბიძგოს და მომიყვანოს აქციაზე“?! _ ისმოდა ხმები ხალხიდან.

„კავკასიაზე“ ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატის ვიქტორ დოლიძის წარდგენას საკუთარ ეზოში ერთადერთი ამომრჩევლის კომენტარი ახლდა: „ნებისმიერი ჩუღურეთელი იტყვის, ვინ არის ვიქტორ დოლიძე... როგორც იტყვიან, ზღაპარი ადამიანია“. მომდევნო ახალ ამბავში კი, სადაც ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი ღრმაღელის მეტროსთან ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, მოხუცმა მამაკაცმა მათ „ლებედ, რაკ და შუკის მოქმედება“ დაუწუნა და შეახსენა, რომ „ერთიანი კანდიდატი უნდა გყავდეთ, რომ მხარი დაგიჭირონ“. კობა დავითაშვილი კადრში მოხუც ქალთან ერთად ხელგადახვეული გამოჩნდა, რომელსაც „არც მეუღლე ჰყავს, არც შვილი და სახლიც მიწისძვრით დაენგრა“. ეს კადრი იმის მაგალითადაც შეიძლება გამოდგეს, რომ მაუწყებლები და პოლიტიკოსები ერთად ქმნიან გარკვეულ სტერეოტიპს იმის შესახებ, თითოს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების და საგადასახადო შეღავათების თემა მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ხშირად სიუჟეტებში, სადაც პოლიტიკოსები ადამიანების გარმოცვაში ჩანან, ხალხის ხმა არ ისმის. არავის უკითხავს აზრი, მაგალითად, არც სტამბა „თბილისელებთან“ შეკრებილი ხალხისთვის, არც პარლამენტის წინ უკანონო პატიმრების მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანებისთვის, არც პრაიმერის შედეგების გამოცხადებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის; მით უმეტეს, რომ ზვიად ძიძიგური ამ შედეგების პრეზენტაციისას სწორედ გამოკითხულთა 80-პროცენტის მხარდაჭერით აპელირებდა და ამბობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება _ ეს მათი მოთხოვნაა. არც ერთი სიუჟეტის ავტორს, რომელმაც ეს შეხვედრა გააშუქა, აზრად არ მოსვლია, პრეზენტაციაზე მისული ადამიანები გამოეკითხა და გაეგო, რეალურად რას ფიქრობენ ისინი.

საარჩევნო სიების მონიტორინგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ამ საკითხს „მოამბე“ ცალკე რუბირკასაც უძღვნიდა, თუმცა ისევე, როგორც სხვა მაუწყებლებზე, იქაც საუბარი მიდიოდა ძირითადად იმაზე, თუ რომელ პარტიას რა თანხა ჰქონდა ამისთვის გამოყოფილი და ვინ რა ვადაში რამდენი ხარვეზი აღმოაჩინა.

რიცხვების ორომტრიალში დაიკარგნენ თავად ამომრჩევლები. არც ერთ არხს არ უცდია ერთი ადამიანის, ოჯახის ან კორპუსის მაგალითზე მიედევნებინა თვალყური, მიაღწია ამბავმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე და ჩასწორდა თუ არა აღმოჩენილი ხარვეზი.

მიუხედავად ამისა, ადამიანური ისტორიით ამბის ილუსტრირება ახალი ამბის გადმოცემის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია. „კურიერში“ გასულ სიუჟეტში, „ახალი რუსთავის“ შესახებ, ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმა რუსთავის მკვიდრის ვალერიან ვადაჭკორიას მონათხრობის ფონზე იყო წარმოჩენილი. ხაზგასმული იყო აღმშენებლობის შედეგები, მაინცდამაინც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. საოცარი დამთხვევაა ისიც, რომ გაირკვა _ ქალაქის უხუცესი წევრი და უმრწემესი მერი ზუსტად ერთნაირად ფიქრობენ, რა სჭირდება რუსთავს. პასუხია _ მეტი სამუშაო ადგილი.

„ბევრი ამბობს, რომ მათ უბრალოდ აღარ სჯერათ, ტყუილით ცხოვრობს ქვეყანა. ჩვენ ვცდილობთ, ხალხი დავაჯეროთ, რომ არჩევნებზე მისვლას აზრი აქვს“, _ ამომრჩევლების სახელით განაცხადა ინგა გრიგოლიამ. ნიკა ივანიშვილი კი სასტუმრო „უშბაში“ ჩასახლებულ დევნილებს ესტუმრა: „ესენი არიან ადამიანები და მინდა, ამ ადამიანებისთვის ხელისუფლებამ რაღაც გააკეთოს“. 18 წელი აქ არავინ მოსულა, _ აცხადებდა სახალხო დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი. ქალაქის მერმა კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების წარდგენის ვადაზე ჟურნალისტს უპასუხა: „ყველაფერს თავისი დრო აქვს, მოჩქარეს მოუგვიანდესო“.

მაუწყებლებმა არჩევნებამდე დღეების ათვლა უკვე დაიწყეს. წინასარჩევნო კამპანიის დაბალანსებულ გაშუქებას კი საბოლოოდ სხვადასხვა კრიტერიუმების ერთობლიობა განსაზღვრავს და არა _ ზედმიწევნით ზუსტად დათვილილი წუთები, რომელ კანდიდატს რა დრო დაეთმო ახალ ამბებში.

"ლიბერალი", აპრილი, 2010

No comments: