11/22/10

"ჟურნალისტიკის ელემენტები"


იმ უამრავი წიგნიდან, რომელიც ახალი ამბების მოპოვებასა და მოწოდების შესახებ დაწერილა, "ჟურნალისტიკის ელემენტები" ყველაზე უკეთ აღწერს თანამედროვე ჟურნალისტიკის ნაკლოვანებებს, უპირატესობებს და შესაძლებლობებს.

XX საუკუნის დასაწყისში ამერიკული საროსკიპოების სტუმრები "სპილენძის ბილეთს" ყიდულობდნენ და მონეტას თავიანთთვის სასურველ ქალს აძლევდნენ... 1919 წელს ამერიკაში ეპტონ სინკლერის წიგნი გამოიცა სახელწოდებით: "სპილენძის ბილეთი - ამერიკული ჟურნალისტიკა". ავტორის მინიშნება ცალსახა იყო, ბრალდება საკმაოდ მძიმე - იგი მედიას საზოგადოებაზე მეტად კომერციული ინტერესების მსახურებაში ადანაშაულებდა. ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც სიტყვიერი სამდურავი მედიის მიმართ წიგნად იქცა და ამით საზოგადოებაში ამ საკითხზე დისკუსიას ახალი ფორმა მიეცა.

მას მერე, თითქმის საუკუნის განმავლობაში არაერთი სტატია, წიგნი თუ სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა ზოგადად მედიის ფუნქციათა განსაზღვრას, იმ ეთიკურ ნორმებს, რომლებსაც ეს გილდია თავად აყალიბებს და, ხშირ შემთხვევაში, თავადვე არღვევს. ამის დასტურია ბილ კოვაჩისა და ტომ როზენსტილის წიგნიც - "ჟურნალისტიკის ელემენტები".

წიგნის ავტორები სოლიდური გამოცდილების მქონე ჟურნალისტები არიან. ბილ კოვაჩი "ნიო-იორკ ტაიმსის" ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელობდა წლების მანძილზე, ასევე, "ატლანტა ჯორნალისა" და "კონსტიტიუშენის" რედაქტორი გახლდათ. იგი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის ნიმანის ჟურნალისტიკის ფონდის კურატორი. ამჟამად კი "დაინტერესებულ ჟურნალისტთა კომიტეტს" ხელმძღვანელობს.

ტომ როზენსტილი "ლოს ანჯელეს ტაიმსის" მედია კრიტიკოსად და "ნიუსუიკის" მთავარ კორესპონდენტად მუშაობდა კონგრესში. დღეს კი იგი "ჟურნალისტიკის სრულყოფის პროექტის" დირექტორია. ამ ავტორების ბიოგრაფია იმის დასტურია, რომ მედიის მათი ანალიზი საკმაოდ მრავალფეროვან პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება.

"იმ უამრავი წიგნიდან, რომლებიც ახალი ამბების მოპოვებასა და მიწოდების შესახებ დაწერილა, ეს წიგნი ყველაზე უკეთ აღწერს თანამედროვე ჟურნალისტიკის ნაკლოვანებებს, უპირატესობებს და შესაძლებლობებს", - წერს ტომ გოლდსტეინი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის დეკანი - იმ სკოლის, რომელიც, წლებია, პირველ ადგილზეა ჟურნალისტიკის საუნივერსიტეტო სკოლათა რეიტინგში. ციტატა წამძღვარებული აქვს წიგნს სხვა დადებით შეფასებებთან ერთად, როგორც წიგნის თანამედროვე სტრუქტურის აუცილებელი ელემენტი. მართალია, მსგავსი ამონარიდები რეცენზიებიდან იმ კომერციულ მიზანს ემსახურება, რომ წიგნი ბესტსელერად იქცეს, მაგრამ შეფასება მიუკერძოებელი და ზუსტია.

წიგნის შესავალშივე ავტორები გვთავაზობენ იმ ძირითადი პრინციპების ჩამონათვალს, რომლებზეც მედიამ უნდა დააფუძნოს თავისი საქმიანობა. ეს ის პრინციპებია, რომელთა ჩამოყალიბებასაც მედიამ და საზოგადოებამ საუკუნეები მოანდომეს და სოციალური კონტრაქტიც ამ ორ ჯგუფს შორის სწორედ ამ პოსტულატების შესრულებას გულისხმობს.

1. ჟურნალისტიკა, უპირველეს ყოვლისა, სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს.

2. ჟურნალისტიკა, პირველ რიგში, მოქალაქეების ერთგული უნდა იყოს.

3. ჟურნალისტიკის არსი ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა.

4. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა მათგან, ვისაც აშუქებს.

5. ჟურნალისტი უნდა მოქმედებდეს როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი

6. ჟურნალისტიკა ხალხს საჯარო კრიტიკის და მსჯელობის საშუალებას უნდა აძლევდეს.

7. ის, რაც მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა საინტერესოდ და ადეკვატურად უნდა გადმოსცეს.

8. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს ინფორმაციის პროპორციულობა და ეს ინფორმაცია ყოველმხრივი უნდა გახადოს.

9. ჟურნალისტი პასუხს აგებს სინდისის წინაშე.

ის, რომ ჟურნალისტი სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს, ძნელად თუ გახდება დავის საგანი, თუმცა ხშირად საკამათოა თვით "სიმართლის" ცნება.

ერთხელ ამერიკაში "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტი, ჯენეტ კუკი გამოგონილი სტატიებისთვის პულიცერის პრემიით დააჯილდოვეს; ტყუილ-მართლის გარჩევა მათაც ვერ შეძლეს, ვინც სიმართლის მსახურ ჟურნალისტებს ამ პრესტიჟული პრემიით აჯილდოებდა. თუმცა, ამერიკულმა ჟურნალისტიკამ მაინც დაუფასა მისის კუკს გულწრფელი აღიარება. სანუკვარი პრიზის უკან დაბრუნებისას და მას მერე კიდევ არაერთხელ აღინიშნა ჟურნალისტის ღვაწლი - გამოგონილი აფროამერიკელი ბიჭუნას წყალობით, ჰეროინის მომხმარებელი მცირეწლოვნების პრობლემის მედიაში წამოჭრა.

ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი და მედიას მსგავსი სატყუარები (ჰოახ) თუ "თეთრი ტყუილები" არაერთხელ შეუთავაზებია საზოგადოებისთვის. ამის გათვალისწინებით, კიდევ უფრო რთულდება იმის მტკიცება, რომ ჟურნალისტიკა სიმართლეს ემსახურება, მაგრამ თვით მოსამართლეებიც, დადებული ფიცისა და მათთვის მინიჭებული ლიცენზიის მიუხედავად, ხშირად ვერ დაიკვეხნიან სიმართლის მსახურებით.

ასე რომ, ერთია დასახული მიზანი და იდეალი, და მეორეა ამბავი, ამბის შესახებ არსებული ფაქტები, მათი გამოქვეყნების მიზანშეწონილობა, საზოგადოების მზადყოფნა, მიიღოს სიმართლე და ა.შ...

რა უნდა ახსოვდეს პირველ რიგში ჟურნალისტს, რომელსაც შეზღუდულ დროში უწევს მუშაობა: დადგენილი ვადა და რედაქტორი, თუ მკითხველი და ის, რომ სააშკარაოზე გამოტანამდე მან ბოლომდე უნდა გამოიძიოს სიმართლე.

უმეტეს შემთხვევაში, გარემოება არჩევანის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ჟურნალისტი ძირითადად ყაბულდება იმ ფაქტებსა და იმ "სიმართლეს", რაც მოცემული დროისთვის მის ხელთ არსებობს და ამზადებს სტატიას. სიმართლე კი, შესაძლოა, 10 წლის შემდეგ დადგინდეს. მსგავს სიტუაციაში არაერთხელ აღმოჩენილან ის ჟურნალისტები, რომლებიც სამართლის სფეროს აშუქებენ. მათ ხშირად არ იციან, მსხვერპლი მოკლეს თუ მოკვდა.

არც ჟურნალისტის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს მედიის წარმომადგენლებს შორის სრული ჰარმონია. მედიის დამოუკიდებლობის ცნება ყოველ საზოგადოებაში განვითარების საკუთარ გზას გადის. "ახალი დემოკრატიის პირობებში, დამოუკიდებელი მედიის არსებობის პირველი ეტაპი არის მისი სახელმწიფოს კუთვნილებისგან, კონტროლისა და უშუალო ჩარევისგან გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, ყველა არასამთავრობო გაზეთი ცდილობს, "დამოუკიდებელი" ერქვას", - აღნიშნავს ტატიანა რეპკოვა 2001 წელს პარიზში გამოცემულ წიგნში "ახალი დროება", და იქვე დასძენს, რომ "სიტყვა "დამოუკიდებელი" არ ნიშნავს სრულ თვითმმართველს. როდესაც გაზეთს ამ განსაზღვრებით მოიხსენიებენ, განსაკუთრებით ახალი დემოკრატიის პირობებში, ეს იმას ნიშნავს, რომ გაზეთი დამოუკიდებელია მთავრობის კონტროლისაგან, რაც ერთობ ვიწრო განსაზღვრებაა". და ეს მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში ჟურნალისტური დამოუკიდებლობა წყაროებთან პიროვნული დისტანციის შენარჩუნებამდე მიდის.

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ რედაქციები რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური და სქესობრივი უმცირესობების წარმომადგენლებისგან იყოს დაკომპლექტებული. ჟურნალისტური დამოუკიდებულობა იმ მრავალფეროვნების მიღება უფროა, რაც რეალობასთან მეტად ახლოს დგას, ვიდრე ადამიანების მიერ წარმოსახული სამყარო. "მე ყოველთვის ვგრძნობ თავს არაბად ამერიკაში და ამერიკელად არაბულ სამყაროში", - წერს ანტონი შადიდი, "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტი, რომელიც 2003 წელს ომის გასაშუქებლად ერაყში გაემგზავრა, 2004 წელს კი საუკეთესო საერთაშორისო რეპორტიორის ნომინაციაზე წარდგენილმა პულიცერის პრემია მოიპოვა. ჟურნალისტის წარმატების საფუძველი სწორედ ისაა, რომ შეძლო ადამიანური ამბები მიუკერძოებლად მოეყოლა.

ცხრავე პრინციპი, რომლებზეც ავტორები საუბრობენ, დღემდე დისკუსიის საგანია - არა თავად პრინციპები, არამედ მათი ინტერპრეტაცია. ყველაზე საგულისხმო და მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჟურნალისტი საბოლოოდ საკუთარი სინდისის წინაშე აგებს პასუხს. სხვა რამ მარეგულირებელი მექანიზმი, რომელიც ჟურნალისტთა საქმიანობას გარკვეულ პროფესიულ ჩარჩოში მოაქცევს, ჯერ არ უღიარებია მედია საზოგადოებას. წიგნის ღირსებაა უდავოდ ისიც, რომ იგი მოიცავს იმ სამასი პროფესიონალის მოსაზრებათა ფართო სპექტრს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ავტორთა მიერ მოწყობილ ფორუმებსა და დისკუსიებში. "ჩვენი მიზანი არ იყო იმაზე კამათის წამოწყება, თუ როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა. ჩვენი მიზანი იყო იმ საერთო ნიადაგის კონტურების მოხაზვა, რასაც უკვე ეყრდნობიან ჩვენი ჟურნალისტები".

წიგნის უდავო ხარვეზია, რომ მასში საერთოდ არ არის გათვალისწინებული ევროპული მედიის გამოცდილება, რომელიც ახალი ამბის გადმოცემას სპეციფიკურად განსხვავებულად უყურებს.

ჟურნალისტის დამოკიდებულება ახალი ამბისადმი და მისი პირადი მოსაზრება დღემდე ფასობს ევროპაში და ეს არის ამერიკული მედიისგან მისი განმასხვავებელი ძირითადი ფაქტორი. ამდენად, წიგნის სათაურში "ჟურნალისტიკის ელემენტები", სავარაუდოდ, ამერიკული მედიის პრინციპები იგულისხმება.

და კიდევ, "რაც უფრო მეტ კომერციულ წარმატებას აღწევს გაზეთი, მით უფრო ძლიერია იგი მორალურად, რაც უფრო ძლიერია, მით უფრო დამოუკიდებელია", - წერდა ჯოზეფ პულიცერი, მაგრამ კომერციული წარმატების მიღწევამდე ყველა მედია საშუალებას მოუწევს იმ გზის გავლა, რის გამოც, შემდეგ ხშირად გაიმართლებს თავს.

სარედაქციო დამოუკიდებლობის უპირატესობის მინიჭება მხოლოდ მაღალრეიტინგული ელექტრონული მედიის და მაღალტირაჟიანი გაზეთების პრივილეგიაა. მაგალითად, იმ დღეს, როდესაც განსაკუთრებული მოვლენის გაშუქებას მეტი სივრცე სჭირდება გაზეთში, "ნიუ იორკ ტაიმსი" უარს ამბობს რეკლამის განთავსებაზე. ეს მიდგომა დიდად არ განსხვავდება ბიზნეს მიდგომისგან და იგი ცალსახად სარედაქციო მხარის პრივილეგიაზე არ მიუთითებს. გაზეთი არ აწბილებს ბაზრის მოლოდინს, და აწვდის იმას, რაც იმ დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია მკითხველისთვის, ვიდრე ფასდაკლება რომელიმე ფეხსაცმლის მაღაზიაში. თუმცა, მეორე დღეს გაზეთისგან პატივმიგებული მკითხველი გაცილებით მეტი სანდოობით გადაათვალიერებს სარეკლამო გვერდებს.

"გაზეთებს განვითარებისთვის ესაჭიროებათ საკუთარი ფინანსური წყარო, რომელიც, ძირითადად, რეკლამისა და ტირაჟის შემოსავლებზეა დამოკიდებული. ტირაჟიდან შემოსავალი თითქმის არც ერთ გაზეთს არ ჰყოფნის, თუმცა, ეს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში რეკლამის გაყიდვა ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს..... გაზეთის შემოსავლის მთავარი წყარო რეკლამაა და არამარტო ახალი დემოკრატიის პირობებში", - ამბობს ტატიანა რეპკოვა "ახალ დროებაში". ამიტომაც დაპირისპირება სარედაქციო და ბიზნეს მხარეებს შორის კვლავაც გრძელდება... ეს უფრო ეპტონ სინკლერის ბრალდების უსუსურ პასუხად.

"ლიბერალი", აპრილი, 2010

No comments: