6/18/07

ამისთანა?!

იყო ჩემს ბავშვობაში ერთი ასეთი ანეკდოტი: ქალი და ძაღლი, სახელად ”ამისთანა”, მდინარეზე წავლენ საბანაოდ. ქალი გაშიშვლდება და წყალში შევა, ძაღლი კი ამასობაში პირს დასტაცებს პატრონის ტანსაცმელს და მოკურცხლავს. მდინარიდან ამოსული ქალი, იქვე ნაპოვნ ძირგავარდნილ ტაშტს აიფარებს და ძაღლის ძებნას დაიწყებს. შიშველი და სასოწარკვეთილი შემხვედრ მამაკაცს ჰკითხავს, ”ამისთანა” ხომ არ გინახავთო. თვალებგაფართოებული კაცი ”უძირო ტაშტს” დააშტერდება და უპასუხებს, მაგისთანა კი მინახავს, მაგრამ ჩარჩოში ჩასმული არაო. რა ვქნა, მეტად მოკლედ არ მოიყოლება.

ჰოდა, ეს კაცი ვნახე იმ დღეს ტელევიზორში, ინგა გრიგოლიას ჰყავდა მოწვეული ”რეაქციაში”, იმ წუთში ვიცანი. მარტო ის კი არა, სხვებიც ვიცანი. განა მართლა იმიტომ, რომ მომღერლები და მოდელები არიან?! არა, ვიცანი იმიტომ, რომ ყველანი, ჟურნალისტიან-რესპონდეტებიან-მაყურებლებიანად, ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ. სულ ეს არის.

გავიხადოთ თუ არ გავიხადოთ?! შემორჩება კი ეს კითხვა ჰამლეტისეული პათეტიკითა და ინგა გრიგოლიას რეაქციით ქართულ ჟურნალისტიკას? ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვაც სწორედ ეს იყოს. ვისაც გადაცემა არ უნახავს, შევახსენებ, რომ დისკუსიის თემა ჟურნალი ”პლეიბოი” და მასში გამოქვეყნებული ქართველი გოგონების ფოტოები გახლდათ.

ეხლა გონიერი ადამიანები ვახსენოთ: რობერტ დარტონი, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის ისტორიის სპციალისტია. 1995 წელს გამოცემული ნაშრომი - ”აკრძალული ბესტსელერები წინარევოლუციურ საფრანგეთში” - სწორედ მას ეკუთვნის. ”პორნოგრაფიული ჟანრის ლიტერატურა, განსაკუთრებული სიმწვავით შეეხო მაშინდელ დამყაყებულ ხელისუფლებას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პორნოლიტერატურა აქცენტს სწორედ ადამიანების ინდივიდუალურ არჩევანზე აკეთებს”, - წერს დარტონი. აი, სად გადაიკვეთა დემოკრატიის, ინდივიდუალური არჩევანისა და ”პლეიბოის” გზები. სამივეზე ერთად კი ამერიკა გამახსენდა.

1976 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯიმი კარტერმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ ”პლეიბოის”, სადაც გულწრფელად აღიარა: ”მე არაერთი ქალისთვის შემიხედავს ვნებით და ღალატიც ბევრჯერ გამივლია გულში.” დიახ, ამერიკული ჟურნალისტიკის ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციტატა, სწორედ ”პლეიბოის” ადრეული ნომრიდანაა.

კიდევ მოვიყვან ერთი-ორ ციტატას მათთვის, ვისაც ”პლეიბოი” მხოლოდ შიშველი ქალები ჰგონია. ”მე არ ვარ გიჟი. ერთი ექიმი, რომელიც 7 წლის განმავლობაში იკვლევდა ჩემს ტვინს, აღმოაჩინა, რომ მე ყველაზე დალაგებული ტვინი მაქვს, თუ კი ვინმეს ოდესმე ჰქონია”, - ესეც სალვადორ დალი, და აქვე ჯონ ლენონი: ”ჩვენ ძირითადად შაბათი ღამის სიურპრიზები ვართ. პლანეტის 99 პროცენტი, ყოველშემთხვევაში დასავლეთში მაინც, შაბათ ღამეს, ვისკის ზემოქმედების ქვეშ ისახება… ასე დაიბადა ჯულიანი, მაგრამ ის დღეს ჩემთან არის, მე მეკუთვნის და ქვეყანას მირჩევნია.” დალიმაც და ლენონმაც, ბოდიში მომითხოვია, თავის დროზე, ეს გულახდილი ინტერვიუები სწორედ ტუქსედოს ბაფთიან კრუდღელს მისცეს.

გავაგრძელოთ? ჩამოვთავლოთ მაინც: იასირ არაფატი, ფრენსის ფორდ კოპოლა, მუჰამედ ალი, დონალდ ტრამპი, კელვინ კლეინი - ვინ აღარ, ხუთ ათეულ წელზე მეტია მსოფლიოს დიდი ადამიანები სწორედ ამ ჟურნალში იბეჭდებიან.

ახლა ისევ დარტონი და ინდივიდუალური არჩევანი. მთავარი პრობლემა, იმღამინდელ ”რექციაში” ის კი არ იყო, ვინ გაიხდიდა და ვინ არა. არამედ ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ჩვენს საზოგადოებაში არჩევანის თავისუფლება და ამასთანავე, სხვისი არჩევანის პატივისცემა. ისე კი, ეს ხელებგასავსავებული მართლმორწმუნე ქალები, რომლებმაც კინაღამ ვირზე უკუღმა შესვეს ”პლეიბოის” გოგონები, დაუფიქრებლად ჩაებნენ გადაცემის წამყვანთან ვაჭრობაში. ცოდვა-მადლის განკითხვაში გართულნი, ზოგი 50 000-ს დაყაბულდა, ზოგი ამბობდა მილიონზეც არ გავიხდიო. კაი ოჯახისშვილებს და რძლებს არც იმის თქმით დაუმდაბლებიათ თავი, ვის რაში უნდა აინტერესებდეს ჩვენი სიშიშვლეო.

აი, რას სწერდა დიდი ჩარლი ჩაპლინი პატარა ჯერალდინას: ”შეიძლება სცენაზე შიშველიც კი გამოხვიდე, მაგრამ იქიდან გაცილებით უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე.” ფოტოც სცენაა, ოღონდ ”ჩარჩოში ჩასმული”. ასე რომ, მშვიდობით ლელა, ხატია, ხათუნა…


გაზეთი "24 საათი”


19 ივნისი, 2007

2 comments:

DS said...

გაიხარე რუსუდან! ბევრი ვიცინე...და აბსოლუტურად გეთანხმები...

ისე ერთი კარგი "soundtrack"-იც მოუხდებოდა ამ პოსტს....და ერთი საკმაოდ (და სამწუხაროდ) პოპულარული სიმღერა გამახსენდა ერთი ცნობილი "მოთამაშე ბიჭის" შესრულებით რომ ჟღერდა "წილხვედრ" მიწაზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში....
"მშვიდობით"....ისე, ამისთანა მართლა არ მინახავს არაფერი...
ჩემის აზრით, არც ერთნი არიან კურდღლები და არც მეორენი ვენეციელები...მაგრამ ერთი რამ არის ძალიან საინტერესო მთელს არ ისტორიაში....ლაკმუსია ჩემო რუსო, ლაკმუსი ეს ამბავი..."მითხარი რას ფიქრობ პლეიბოის გოგოებზე და გეტყვი ვინ ხარ შენ"
აი, ასე.....

Anna said...

რუსო, გამეხარდა რომ გიპოვე ვირტუალურად:) ბლოგპოსტი გქონია, ეგეც ძალიან კარგი. წავიკითხავ შენს აქ გამოქვეყნებულ სტატიებს და გამოგეხმაურები. ახლა ჩემს საიტზეც ვმუშაობ და მერე გაგაგებინებ.
გკოცნი
ანა