მედიას არ შესწევს უნარი, თვითონ წამოსწიოს ამომრჩველისთვის აქტუალური თემები. წინასაარჩვნოდ პოლიტიკოსები განსაზღვრავენ საზოგადოების დღის წესრიგის.
საარჩევნო ახალი ამბები, რომლებიც ქართული ტელევიზიების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ხვდება, ძირითადად პარტიების და კანდიდატების აქტივობებზეა მიბმული. “საინფორმაციო სუბსიდია”, რომელსაც კანდიდატები მედისაშუალებებს აძლევენ, ხშირად ისეთ მოვლენებზეა აგებული, როგორიცაა ეზოების ჩამოვლა და სადარბაზოსთან შეკრებილ მაცხოვრებლებთან შეხვედრა, მთავარ გამზირებზე მსვლელობები, პრესკონფერენციები და ა.შ.
პოლიტიკოსების ასეთი ”საჩვენებელი” აქტიურობის ფონზე მედია ვერ ახერხებს, თავად დასვას აქცენტი, გამოჰყოს მნიშვნელოვანი თემა და არ გაიმეოროს პოლიტიკოსის ფოკუსი. პარტიის ლოგოს ფონზე დამწკრივებული პოლიტიკოსები და “მოსაუბრე თავების” მონაცვლეობა ეკრანზე _ ეს წინასაარჩვენო ახალი ამბების სტანდარტული კადრია.
ნიკა ივანიშვილი მთავრობის გადადგომას მოითხოვს;
გია ჭანტურიამ და ინგა გრიგოლიამ “დედა ენის” ძეგლი ყვავილებით შეამკეს;
ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა რუსთაველზე ჩაიარეს და მაღაზიების ინგლისურენოვანი წარწერები გააპროტესტეს;
ირაკლი ალასანია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა;
ნოღაიდელი აცხადებს, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი ხალხის დაშინებით გააყალბებენ არჩევნებს;
ლეიბორისტები ამტკიცებენ, რომ ანტიეროვნული ხელისუფლება სახელმწიფო ენად ინგლისურს გამოაცხადებს...
ამით ავსებს ტრივიალური წინასაარჩევნო ქრონიკა საღამოს საინფორმაციო ეთერში იმ მნიშვნელოვანი საკითხებისთვის განკუთვნილ ნიშას, რომლებიც ზოგადად არჩევნების პროცესს უკავშირდება, მაგრამ სწორედ მედიის არასწორი აქცენების გამო, ტელეეთერისა და ყურადღების მიღმა რჩება.
მაგალითად საარჩვენო კამპანიების დაფინანსება თემა ის საკითხია, რომელსაც კანდიდატები ჯერ არ ეხებიან და არც მედიას ახსენდება. მართალია, ზურაბ ნოღაიდელის “რუსულ ფულზე” ხშირად მიუთითებს “იმედი”, თუმცა ამის დამადასტურებლად ნოღადელის მოსკოვში ვიზიტების შეხსენება არასაკმარისია.
ამომრჩევლისთვის გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი თემები საინფორმაციო გამოშვებებში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება. ასეთი გამონაკლისი იყო “მაესტროს” სიუჟეტი ქალაქში განთავსებული ბილბორდების შესახებ: რა უჯდებათ გარე რეკლამა ნიკა ივანიშვილს, გიორგი ჭანტურიას და დავით იაკობიძეს, რომელთა ბილბორდები ერთმანეთის გვერდიგვერდაა ჩამწკრივებული. ჟურნალისტის თქმით, თითოეული მათგანის ფასი 600 დოლარია, რაც წინასაარჩევნოდ ცალკეულ პარტიას 10-12 ათასი დაუჯდება. დაფინანსების წყაროები კი სიუჟეტში ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, კანდიდატების ბუნდოვანი პასუხების გამო.
პოლიტიკური კომუნიკაციის საკითხს ეხებოდა “ქრონიკაში” გასული სიუჟეტი რეკლამებისა და სლოგანების შესახებ სათაურით “წინასაარჩევნო კრეატივი”. თუმცა, ამ შემთხვევაში მხოლოდ სლოგანების შინაარსზე იყო გამახვილებული ყურადღება. სიუჟეტი ირაკლი ალასანიას სარეკლამო რგოლის კრიტიკით დაიწყო. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გამოჩენილი რგოლი უმეტესობამ დაიწუნა. ხაზგასმული იყო სლოგანის და მუსიკის პლაგიატობაც. ალასანიას საარჩევნო მთვარი გზავნილის (“ჩვენ შევცვლით”) “ავტორებად” ქრისტიან-დემოკრატები დაასახელეს, რომელთა ლოზუნგი საპარლამენტო არჩევნებისას “ცვლილებების დროზე” მიუთითებდა. სიუჟეტში მითითებული იყო, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული ქრსიტიან-დემოკრატიული პარტიის კანდიდატ გია ჭანტურიას მემარცხენე დაპირებები აქვს.
თემის ინცირების მცდელობა ჰქონდა “კურიერსაც”, როდესაც სიუჟეტი მერობის კანდიდატთა დაპირებების მიმოხილვას მიუძღვნა. სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ ოპოზიციური კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები სოციალური საკითხების მოგვარებაზე, დასაქმებასა და ჯანდაცვის სფეროს რეფორმაზეა აგებული და ამით ყველა ერთმანეთს ჰგავს. თუმცა მხოლოდ ოპონენტი კანდიდატები აკრიტიკებდნენ ერთმანეთს და პროგრამების განუხორციელებლობის დასაბუთება კონკრეტული სფეროების ექსპერტთა მხრიდან არ ყოფილა.
ზოგადად ნაციონალური მაუწყებლების თემატიკისთვის უცხო იყო “მოამბეში” რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებზე მოამზადებული სიუჟეტი. იმერეთში, სამეგრელოში, ქვემო ქართლსა და კახეთშიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთსა და იმავე პრობლემებზე საუბრობდნენ: ხარვეზები საარჩევნო სიებში, მათ კანდიდატებზე ზეწოლა დაშინების და გადაბირების გზით, სახელისუფლო კანდიდატთა მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. ესაა სწორედ იმ ძირეული საკითხების ჩამონათვალი, რომელსაც მაუწყებლები წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად უნდა აშუქებდნენ და თუნდაც ცალკეულ ასეთ ფაქტს უძღვნიდნენ სიუჟეტს.
მაუწყებლები არც წინასაარჩევნოდ ივიწყებენ ინფორმაციის მოძიების ნაცად ხერხს – თემა სიუჟეტისთვის სხვა მედიასაშუალებიდან მოიპოვონ. იმ მოკლე პერიოდში, რაც წინსაარჩევნო კამპანია დაიწყო, პრესიდან მაუწყებლებმა სამი ასეთი თემა წამოწიეს. ორი მათგანი რუსული გაზეთებიდან იყო. კახი კალაძის შესაძლო გაწევრიანება ნოღაიდელის პარტიაში “სოვეტსკი სპორტისთვის” მიცემული ინტევიუდან იყო, სიუჟეტი “შევარდანძის რევანშისტ” ირაკლი ალასანიას შანსებზე, გახდეს ქყვეყნის პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვულის “კომერსანტისთვის” მიცემული ინტერვიუდან. თემაზე – გახდება თუ არა ლევან გაჩეჩილაძე ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის მერობის კანდიდატი – მაუწყებლები საინფორმაციო სააგენტო “პირველზე” დაყრდნობით მსჯელობდნენ.
მაშინ, როცა ჯერ არც ერთ სიუჟეტში არ განხილულა წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსების, დაგეგმვის ან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხები, “კურიერის” მთავარ ახალ ამებებში ხვდება ევროპის მოედანზე ყვავილების საათის დამონტაჟების ამბავი. ჟურნალისტის თქმით, ყველაზე მდიდარი ფერთა პალიტრა მწვანე საათს მაისში ექნება და სწორედ ის აითვლის ახალი მერის პირველ სამუშაო საათებს.
19 აპრილი, 2010
"ლიბერალი"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment