3/25/08

ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ამერიკელი

ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში, არცთუ იშვიათად, წააწყდებით აფიშას: ”მოცეკვავე წერო - ქართული ცეკვა და სიმღერა.” კონცერტებს, ძირითადად, ესწრებიან ამერიკელები, რომელნიც აღფრთოვანებას ვერ მალავენ და ხშირად, გრძნობამორეულნი ტირიან კიდეც. კონცერტის დაწყებამდე სცენაზე გამოდის ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც მაყურებელს მოუთხრობს ლეგენდას, რატომ დააგვიანდათ ქართველებს ღმერთთან მისვლა მათი წილი მიწის მისაღებად. თუმცა, მთავარი ამ ამბავში მხოლოდ დასასრულია -დაგვიანებულებს ერგოთ ის, რაც უფალს თავისთვის ჰქონდა გადანახული.

ეს კაცი ამერიკელი ვიქტორ სირელსონია, რომელიც, თითქმის სამი ათეული წელია, ქართული ფოლკლორით არის გატაცებული. მას საათობით, გატეხილი ძილის ფასადაც კი შეუძლია, უსმინოს ”მრავალჟამიერს” და ”იავნანას”. თავადაც მღერის, ჩოხასაც იხდენს და ცეკვავს კიდეც.

მათემატიკოსი კაცის ცხოვრება თითქოს სხვაგვარად უნდა წარმართულიყო, მაგრამ განსაკუთრებული არითმეტიკული ნიჭით დაჯილოებული ადამიანისთვის ამქვეყნად საინტერესო გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამის დათვლა თავად შეეძლო. 6 წლის წინ ვიქტორმა ნიუ-იორკში სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე მერაბ წერეთელი გაიცნო. ეს იყო პირველი ცოცხალი შეხება ქართულ ფოლკლორთან. მანამდე კი იყო დაუკმაყოფილებელი ინტერესით აღსავსე წლები, საქართველოზე შეყვარებულ ამერიკელს დღმდე ახსოვს 35 წლის წინათ ფილარმონიაში ნანახი ქართული ცეცხლოვანი ცეკვით მიღებული შთაბეჭდილება. მას შემდეგ, დიდი მონდომებისა და წვალების შედეგად, ნიუ-იორკში ძლივს მიაგნო ქართულ ხალხურ სიმღერაზე დაწერილ ორ წიგნს.

”თანდათან ვხვდებოდი, რომ თავდაპირველად გულით უნდა იგრძნო ის, რასაც შემდეგ ქართული ცეკვითა და სიმღერით გამოხატავ. ამ შემთხვევაში ხელს და ფეხს ვერ უბრძანებ, ასე ან ისე შეასრულოს ნახაზი.” - აღნიშნავს სირელსონი, რომელიც ჩინებულად იცნობს ბალკანურ, ირანულ, არაბულ თუ სხვა ქვეყნების ფოლკლორს. ”მათთან შედარებით ქართული სიმღერა მეტად ტკბილხმოვანი და ამასთან სევდიანია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს განსხვავებული განწყობის სიმღერები გაქვთ, ყველა მათგანს თითქოს ორი რამ აერთინებს - გული და გრძნობა. ” - დასძენს იგი.

მერაბ წერეთლის შემდეგ სირელსონმა მოცეკვავე დათო გოდერიძე გაიცნო და ნიუ -იორკში მოღვაწე ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის რეპერტუარი გაამრვალფეროვნა.

ვიქტორ სირელსონი იხსენებს რამდენიმე თვის წინ ამერიკაში გამართულ ჯემალ ჭკუასელის ანსამბლის გასტროლებს. სადაც ელექტრონული მუსიკა ჟღერდა. ამერიკელი ხელოვანი მიიჩნვეს, რომ ეს ქართული ფოლკლორის რაღაც ახალ ჟანრს ან მიმართულებას მისცემს დასაბამს. ვიქტორ სირელსონმა, დიდი ინტერესის მიუხედავად, ვერ მოახერხა ენახა სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის განახლებული პროგრამა, მაგრამ, ფიქრობს, რომ ”სიახლე ყოველთვის კარგია, თუკი ამას პროფესიონალი მოჰკიდებს ხელს.”

ადამიანს, რომელიც მართლაც დიდ და კარგ საქმეს ემსახურება, ქართული ფოლკლორის ყველაზე მცირე დტალებიც კი - ხევსურული ორნმამენტი - აინტერესებს. ”მსურს, რამდენიმე მიმართულებით ვიმუშაო. მაინტერესებს ყველაფერი, რის საფუძველზეც აღმოცენდა ეს თვითმყოფადი და მდიდარი კულტურა. მიჭირს ამ თემაზე ლიტერატურის გაცნობა. ყველაფერი ქართულ ენაზეა. მე კი ქართულის შესწავლა ახლახანს დავიწყე. ჯერჯერობით მსურს, რა შეიძლება მეტი კონცერტი გავმართო და ბევრს გავაცნო თქვენი ფოლკლორი. შემდეგ კი დავწერ წიგნს, რომელსაც აუცილებლად იყიდის ის ხალხი, ვისაც ოდესმე ”მოცეკვავე წეროს” კონცერტს დასწრებია” - ამბობს ქართველი ამერიკელი.

ვიქტორმა აშშ-ს რამდენიმე შტატში უკვე გამართა ქართული ცეკვისა და სიმღერის შესახებ სემინარები დაინტერესებული ამერიკელებისთვის. როგორც კი ფინანსური საშუალება ექნება, სურს, საქართველოდან ლექციების წასაკითხად ამერიკაში ამ საქმის პროფესიონალები წაიყვანოს.

საქართველოსკენ მომავალ სირესლსონების ოჯახს (ვიქტორის მეუღლე, თბილისელი ქალბატონი ლია ბახტურიძე დღეს სწორედ სირელოსნის გვარს ატარებს) ამერიკელი ქალები ხევსურული კაბების ჩატანას აბარებდნენ. ამ დროს კი ქალბატონ ლიას, ამერიკელთა წესისამებრ, საქორწინო ბეჭედი მარცხენა ხელის არათითზე უკეთია - ”ის გულის მხარეს უნდა ატარო” - ასე სწამთ პატარა პლანეტის დიდ ქვეყანაში.

”ეს არის ჭრელი ქალაქი. ზოგან ქვისგან ნაგები ძველისძველი სახლები მოჩანს, ზოგან კი წმინდა ევროპული არქიტექტურული ნაგებობებია. აქ განსაკუთრებული მეგობრობა და სტუმართმოყვარეობა იციან. ოჯახში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს და ესეც ერთგვარი ტრადიციაა. განსაკუთრებული სითბო იგრძნობა სახლების წინ ჩამომსხდარ ქალაქელთა მუსაიფში. მომწონს ბაზრები, სადაც ნაირნაირი სურსათ-სანოვაგეა გამოტანილი. ამ უძველესი ქალაქის მცხოვრებლებმა მშენივრად იციან ხელოვნების ფასი.”- ასეთია სირელსონის თბილისი, რომელსაც იგი რამდენიმე დღეში უკვე მესამედ დატოვებს, გაფრინდება ნიუ-იორკში და ის საქართველოსთვის და თავისი საქმისთვის იღვაწებს. კიდევ ბევრ ამერიკელს მოუთხრობს ამბავს მისთვის უკვე მშობლიურ ქვეყანაზე და არ დაავიწყდება მათი გაფრთხილება: ”თუკი ოდესმე საქართველოში მოხვდებით, ნუ შეეცდებით მასპინძლის ოჯახში ამა თუ იმ ნივთზე აღფრთოვანება გამოხატოთ. ეს ”სახიფათოა”! მას თქვენ დაუფიქრებლად, წრფელი გულით გისახსოვრებენ.”

რუსუდან რუხაძე

”ახალი ეპოქა”. 2001 წლის 10-17 აგვისტო

No comments: